Get All Access for $5/mo

Pilot's Angel - ფრენით შთაგონებული ტანსაცმელი და აქსესუარები "ავიაცია ხელოვნებაა. ცაში გამოკიდებული თვითმფრინავები ქმნიან სილამაზეს, თავისუფლებასა და ემოციას"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავიაცია ხელოვნებაა. ცაში გამოკიდებული თვითმფრინავები ქმნიან სილამაზეს, თავისუფლებასა და ემოციას", − სწორედ ამ ღირებულებაზე დაფუძნებით შექმნეს დებმა − მარი და ნინი რაზმაძეებმა, Pilot's Angel − პირველი ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ავიაციასთან დაკავშირებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს. ბრენდი, როგორც მომავლის მოდის გამომხატველი, საჰაერო ეკიპაჟისთვის ქმნის ტანსაცმლის ტრენდს ყოველდღიური და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

"Pilot's Angel არ შექმნილა, როგორც ჩვეულებრივი ტანსაცმლის ბრენდი. გი შეიქმნა უფრო დიდი პასუხისმგებლობითა და შინაარსით", გვიყვება მარი რაზმაძე. ახალგაზრდა ანტრეპრენერი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ავიაციითა და მოდით. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში შექმნა თვითმფრინავების პირველი ფოტოკოლექცია, რომელიც 50 ტიპის საჰაერო დიზაინს მოიცავდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი საკუთარი საქმიანობა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს დაუკავშირა, სადაც ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ავიაციასთან დაკავშირებულ ბიზნესის მართვასა და მენეჯმენტში. "დროთა განმავლობაში გავაანალიზე, რომ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი გატაცებულია ავიაციით. ისინი მუდმივად ეძებენ საინტერესო ნივთებს, სუვენირებსა და განსხვავებულ ატრიბუტიკას. ასევე ეძებენ ტანისამოსს, რომელიც ამ ეტაპზე ბაზარზე თითქმის არ არის წარმოდგენილი. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გადავწყვიტე გამომეყენებინა ის უნარები, რომლითაც საბაზრო მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ადამიანების გაბედნიერებას შევძლებდი. ვეცადე, ჩემი ინტერპრეტაციით ვყოფილიყავი ამ სფეროსთან დაკავშირებული და ასე გადაიკვეთა ჩემი, ავიაციისა და მოდის მიმართ გაჩენილი ლტოლვა", განმარტავს მარი რაზმაძე.

Pilot's Angel, როგორც ფრენით შთაგონებული მოდის ტენდენცია, ორიენტირებულია შექმნას განსაკუთრებული და ხარისხიანი პროდუქტი. ბრენდის ნამუშევრები შექმნილია მაღალი ხარისხით ქსოვილებით და თითოეული პროდუქტი საქართველოში იკერება. რაც შეეხება დიზაინს, გუნდი ინსპირაციას ფრენისა და თავისუფლების ურთიერთკავშირით იღებს. Pilot's Angel-ში ღრმად სწამთ − რომ იფრინო, ნიშნავს არ გქონდეს ადამიანური ლიმიტები. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სამოსის ხარისხს, ფერთა პალიტრასა და დიზაინის უნიკალურობას − ყველაფერს, რაც ადამიანებს თავს გამორჩეულად აგრძნობინებს.

საზოგადოება ახალ წამოწყებას ძალიან ემოციურად შეხვდა. ვინაიდან მსგავსი კონცეფციის ბრენდი ბაზარზე არ არსებობს, პირველივე კოლექციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. Pilot's Angel-ის მომხმარებლები გახდნენ არა მხოლოდ ის ადამიანები ვისაც ავიაცია უყვარს, არამედ ისინიც, ვისაც მოსწონს განსხვავებული ტანისამოსი. "დიდი ინტერესია საავიაციო ინდუსტრიაში მომუშავ ადამიანებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან. ასევე, იმ ადამიანებისგან, ვისაც უბრალოდ უყვარს თვითმფრინავები ან ავანგარდული ტანსაცმელი. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი ერგება ყველას, ვისაც სურს იყოს გამორჩეული. ჩემდა გასაოცრად, ჩვენთან სრულიად უსასყიდლოდ ითანამშრომლეს ცნობილმა ბლოგერებმა და ისეთი ცნობილი ბრენდების სახეებმაც, როგორიცაა Fashion Nova და Guess", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.

იდეაზე მუშაობისას ყველაზე დიდი გამოწვევა შინაგანი შიშის დაძლევა იყო. მარი რაზმაძის განმარტებით, გამუდმებით აწუხებდათ შეკითხვა − შეძლებდნენ თუ არა, შეექმნათ საკუთარი კომპანია და წარმატებით ემართათ იგი. "ყველას არ შეუძლია იყოს ანტრეპრენერი, ამიტომ ძალიან დიდი დრო დავუთმე საკუთარი უნარების გაუმჯობესებასა და თვითგანვითარებას. დავიწყე კერვის, მოდელირებისა და დიზაინის პროფესიუად შესწავლა, კომპანიის საიტიც კი თვითონ შევქმენი, მეგობრის დახმარებით. არადა, ყველაფერი ავიაციის სიყვარულითა და უბრალოდ, ოცნებით დაიწყო", აღნიშნავს იდეის ავტორი. Pilot's Angel-ის შექმნაზე, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ოცნებობდა და სტუდენტობის პერიოდიდან ცდილობდა შეეგროვებინა ყველა საჭირო რესურსი იმისათვის, რათა ოცნება განეხორციელებინა. საბოლოოდ, ეს შიში ახალ შესაძლებლობად გარდაქმნა და დღეს უკვე საკუთარი, წარმატებული ბრენდი აქვს. მისი ნამუშევრების შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და კომპანიას შეუძლია. მათ შორის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პიჯაკი "მომენდე, როგორც მფრინავს", Spring Air Set და Air Hoodie.

მარი რაზმაძის აზრით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, ვისაც სურს, იყოს შემოქმედი − შექმნას ის, რაც საზოგადოებაში გამოიწვევს ცვლილებას და ამასთან, აღმოფხვრის ფუნდამენტურ პრობლემას. სწორედ ამ განწყობით, სურვილი აქვს, გუნდთან ერთად გადავიდეს წარმოების ახალ ეტაპზე და Pilot's Angel გახდეს მომავლის ბრენდი გლობალურ რუკაზე. "ახლა ძალიან დიდ და საინტერესო კოლექციაზე ვმუშაობთ. თანამშრომლობა დავიწყეთ ბრიტანელ მოდელთან, რომელიც Fashion Nova-სა და Guess-ის ოფიციალური სახეა. მასთან თანამშრომლობამ დიდი წარმატება მოგვიტანა და გვაქვს უამრავი ახალი შემოთავაზება. სამომავლოდ, ჩვენი მიზანია წარმოების ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც ითვალისწინებს წარმოების პროფილის გაფართოებას. გვსურს, Pilot's Angel- გლობალური ბრენდი გახდეს და მისი სახელი ყველამ იცოდეს", − განმარტავს ანტრეპრენერი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!