პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ორგანიზებით საკონსულტაციო კომპანიებსა და კლასტერებს შორის შეხვედრა გაიმართება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ფარგლებში ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) და საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (GAFA) შეიქმნა. პროექტს "გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" GIZ ახორციელებს.
15 ნოემბერს, პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა საკონსულტაციო კომპანიებსა და კლასტერებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
საკონსულტაციო კომპანიებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ ღონისძიებაზე, საშუალება მიეცემათ წარუდგინონ საკუთარი მომსახურება კლასტერების წევრ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა B2B შეხვედრებში და გააფორმონ გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი კლასტერებთან.
"წევრი კომპანიების ორგანიზაციული გაძლიერება და სწორად განვითარება სამშენებლო მასალების კლასტერის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ რომ საკონსულტაციო კომპანიებთან მჭირდო ურთიერთობა და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზაზე." - მარიამ ცაიშვილი, GCMC მენეჯერი.
"კლასტერების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ მათი ბიზნეს მდგრადობა და საექსპორტო პოტენციალი. შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანიებთან პარტნიორობა და მათი ექსპერტიზა, დაეხმარება წევრ კომპანიებს აღნიშნული მიზნების მიღწევაში" - ქეთი მეფარიშვილი, საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მენეჯერი.
GCMC იმ მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს მსხვილ სამშენებლო სექტორში ოპერირებენ. კლასტერის შექმნისა და მუშაობის მიზანს, ერთი მხრივ, სამშენებლო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, საოპერაციო სტანდარტის ოპტიმიზაცია და უნარების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ სამართლებრივი და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქტის ცნობადობის ამაღლება, ექსპორტის წახალისება და საერთო ჯამში, სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
კლასტერის განვითარების მიდგომა ადგილობრივ კომპანიებს წვდომას უხსნის უახლეს ციფრულ გადაწყვეტებზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე, რის შემდეგაც მათი ზრდა მნიშვნელოვნადაა მოსალოდნელი.
GCMC-ის უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს მისი წევრების მუდმივი მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ სექტორის სხვა მოთამაშეებთან და დამატებითი ღირებულებები შექმნან.
ქართული ტანსაცმლის მწარმოებლებისა და დიზაინერების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდა საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) უმთავრეს მისიას წარმოადგენს. ამისათვის GAFA ეხმარება თავის წევრ კომპანიებს ცოდნის ამაღლებაში, საერთაშორისო მასშტაბით კონტაქტების დამყარებასა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში. მდგრადი წარმოების, ხარისხის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქმიანობის წარმოების ხელშეწყობა მისიის რეალიზების გარანტია.