Get All Access for $5/mo

რა არის ხელოვნური ინტელექტი და რატომ ლაპარაკობს ყველა მასზე?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კომპიუტერი, რომელიც ფაილებს სწრაფად ახარისხებს? მანქანა, რომელიც მძღოლის გარეშე დადის? ციფრული პერსონაჟი, რომელზეც ხოაკინ ფენიქსია შეყვარებული? თუ ტერმინატორი, რომლის კეთილ ნებაზე მთელი კაცობრიობის ბედია დამოკიდული?

საბოლოოდ, მაინც რა არის ეს ხელოვნური ინტელექტი, რა შეუძლია მას დღეს და რა არის უბრალოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი?

ხოაკინ ფენიქსი ფილმში "ის" (2013)

DataFest Online 2021-ის რამდენიმე გამოსვლა სწორედ AI საფუძვლებს დაეთმო. სპიკერების რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას თქვენც გიზიარებთ.

3 სახის ხელოვნური ინტელექტი და მათი შესაძლებლობები

ლევან ანდრონიკაშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერი, თავის გამოსვლაში გამოყოფს ხელოვნური ინტელექტის სამ კატეგორიას:

  • ხელოვნური ვიწრო ინტელექტი (Artificial Narrow Intelligence, ANI);
  • ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (Artificial General Intelligence, AGI);
  • ხელოვნური სუპერინტელექტი (Artificial Super Intelligence, ASI).

მისი თქმით, ამ სფეროში ნაკლებად ჩახედულ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის ეს სამი ტიპი ხშირად ერთმანეთში ერევათ. არადა, თითოეული მათგანი საგრძნობლად განსხვავდება როგორც ფუნქციონალით, ასევე განვითარების ეტაპით. დღეისათვის, აქედან მხოლოდ ერთი სახის ხელოვნური ინტელექტია ხელმისაწვდომი.

მაშ ასე, რა განსხვავებებია ამ სამ ხელოვნურ ინტელექტს შორის?

ხელოვნური ვიწრო ინტელექტი

ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში თანდათან უფრო დიდ ადგილს იკავებს, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

ხელოვნური ვიწრო ინტელექტი მოიცავს ყველა იმ მანქანას, რომელსაც შეუძლია კონკრეტული (როგორც წესი, რუტინული) ამოცანების შესრულება. ესენია: ნივთების კლასიფიკაცია, სახის ამოცნობა, თვითმართვადი მანქანა და სხვა.

მსგავსი ალგორითმების მქონე კომპიუტერი ამოცანებს ხშირად ადამიანებზე უფრო სწრაფად და უფრო მაღალი სიზუსტით ახორციელებს. თუმცა, მსგავსი უნარები საკმარისი არ არის, რომ ადამიანი რომელიმე სპეციალობაში მთლიანად ჩაანაცვლოს. ის უბრალოდ ხელსაწყოა, რომელიც ადამიანს შავ სამუშაოს აშორებს, შეცდომების ალბათობას ამცირებს და უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის დროს ათავისუფლებს.

მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ერთერთი გავრცელებული გამოყენება მედიცინაში დიაგნოზის დასმაა. კომპიუტერი უფრო მაღალი სიზუსტით ამჩნევს ტომოგრამაზე ონკოლოგიისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, თუმცა ხელოვნური ვიწრო ინტელექტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პროგრამამ სწორად განსაზღვროს მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორი და რისკი. ამიტომ, ექიმის ჩართულობა მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ხელოვნური ინტელექტი მის პროფესიონალიზმს კონკრეტულ დავალებებში თავისი სიზუსტით აძლიერებს.

ხელოვნური ზოგადი ინტელექტი

ეს კატეგორია ყველაზე ხშირად არის ნაჩვენები სხვადასხვა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურასა და ფილმებში. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტისთვის უფრო მარტივია ადამიანური გრძნობებისა და განცდების დასწავლა, რაც ამბავს უფრო საინტერესოს ხდის.

ვიწრო ინტელექტისგან განსხვავებით, ხელოვნურ ზოგად ინტელექტს, როგორც ამაზე სახელი მიგვითითებს, ზოგადი აზროვნება შეუძლია. მას შეუძლია უფრო ფართო ამოცანების შესრულება, მსჯელობა და ადამიანის მსგავსი უნარების განვითარება.

ყველაზე საგრძნობი სხვაობა კი ალბათ ისაა, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტი, ჯერ-ჯერობით, არ არსებობს. მის განვითარებას, შესაძლოა, ჩვენს ცხოვრებაში ვერც მოვესწროთ.

ლევანის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ასეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტის არსებობა, დაახლოებით, 2040 წლისთვის შესაძლებელი იქნება.

ხელოვნური სუპერინტელექტი

დაბოლოს, მეცნიერები გამოყოფენ ხელოვნურ სუპერინტელექტს, რომელიც წინა ორისგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანის იმიტაციის ნაცვლად, მას შეეძლება ადამიანის შესაძლებლობებზე უფრო მაღალი ინტელექტის განვითარება.

ახლა ასეთი AI-ის არსებობა ნამდვილად ფანტასტიკის ჟანრის გამოგონებად ჟღერს, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტის განვითარების შემდეგ სუპერინტელექტი საკმაოდ სწრაფად გაჩნდება.

როცა/თუ ხელოვნური სუპერინტელექტი გაჩნდება, მაშინ სრულიად ახალ გამოწვევებთან მოგვიწევს გამკლავება, რადგან ამხელა შესაძლებლობების მქონე "არსებას" უდიდესი გავლენა ექნება კაცობრიობაზე; ის შეიძლება ზოგიერთი სოციალური პრობლემის მოგვარების გზად ან, პირიქით, კაცობრიობის საფრთხედ მოგვევლინოს.

თუმცა, ამ ეტაპზე მსგავს საფრთხეებთან გამკლავება არ გვიწევს. დღეს არსებული ხელოვნური ინტელექტი გაცილებით უფრო ყოველდღიურ ეთიკურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.

რისი გაკეთება შეუძლია ხელოვნურ ვიწრო ინტელექტს?

ხელოვნური ვიწრო ინტელექტი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა. წინსვლა შეიმჩნევა თითქმის ყველა სახის ამოცანის შესრულებაში. სტენფორდის უნივერსიტეტის ყოველწლიური კვლევა AI Index Report 2021 გამოყოფს შემდეგი სახის უნარებს:

კომპიუტერული ხედვა – გამოსახულება

ხელოვნური ინტელექტის გამოსახულებასთან დაკავშირებული უნარები მოიცავს როგორც გამოსახულებაზე ობიექტების ამოცნობას (რაც ადამიანების ამოცნობის დიდ შესაძლებლობას იძლევა კრიმინალისტიკასა და სხვა სფეროებში), ასევე არარსებული ობიექტებისა თუ ადამიანების გამოსახულების შექმნას.

თუ ადრე კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ადამიანი არაბუნებრივად გამოიყურებოდა და ზოგიერთი რაკურსიდან თითქოს სიცოცხელსთან შეუსაბამო ნაკვთები ჰქონდა, ბოლო წლებში შექმნილი სახეების ნამდვილისგან გარჩევა ადამიანებს ძალიან უჭირთ.

კომპიუტერული ხედვა – ვიდეო

უძრავ გამოსახულებასთან შედარებით, ვიდეოზე ქმედებების ამოცნობა ხელოვნური ინტელექტისთვის უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს. არსებობს ძირითადი ქმედებათა სია, რომელსაც AI-ის დასატესტად იყენებენ.

ყველაზე რთულად ამოსაცნობი ქმედება ყავის დალევა ყოფილა, თუმცა გაუმჯობესება ყველა ტიპის ქმედებაში შეიმჩნევა. ყველაზე დიდი ნახტომი "ჯეირანის" თამაშის ამოცნობამ განიცადა – მისი სიზუსტე 129.2%-ით გაიზარდა 2019-ში 6.6%-დან 2020-ში 15.22%-მდე.

მეტყველება

მეტყველების ამოცნობა, რომელსაც მილიონობით ადამიანი უკვე ყოველდღიურად იყენებს სხვადასხვა კომპანიის ვირტუალურ ასისტენტებთან საუბრისას, ყოველწლიურად უმჯობესდება.

თუმცა განვითარების სისწრაფე არ არის ერთი და იგივე სხვადასხვა რასისა თუ სქესის წარმომადგენლობისთვის. 2019 წელს ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ სხვადასხვა კომერციული პლატფორმის AI (როგორიცაა Apple, Amazon, Google და სხვა), საშუალოდ, ორჯერ მეტ შეცდომას უშვებს შავკანიანი მოსაუბრის ნათქვამის ამოცნობისას, თეთრკანიანთან შედარებით.

კვლევა ხაზს უსვამს, რომ AI განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ის, რომ ამ წინსვლით სარგებლობა თანაბრად შეეძლოთ სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლებს.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ყოველწლიურად უმჯობესდება და ის ჩვენი ცხოვრების უფრო და უფრო მეტ სფეროს მოიცავს. მომავალ წლებშიც, სავარაუდოდ, ბევრ საინტერესო სიახლეს გავიგებთ AI-ის მიღწევების შესახებ მისი განვითარების გზაზე.

DataFest Tbilisi კვლავ დაბრუნდა! DataFest Tbilisi 2021 თავს მოუყრის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან - ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, DataFest Tbilisi წელს 5 დღეს გაგრძელდება და 7-11 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალი გააერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორკშოპებსა და დატატონებს.

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი.

ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი და გრანთ თორნთონი.

ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge
მედია პარტნიორები არიან: ფორბს ვუმენი, Marketer.ge, Entrepreneur საქართველო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე