Get All Access for $5/mo

რატომ არის დაუდგრომელი ანტრეპრენერული მენტალიტეტი არაჯანსაღი და რას გვასწავლის სიმონე ბაილსი მის შეცვლაზე რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის აქცენტის გაკეთება ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე

By leslie hussler

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეფექტური ლიდერი გახდეთ? თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მთავარი თავდაუზოგავი შრომაა და საათების განმავლობაში დაუსრულებელი მუშაობა. საქმე ისაა, რომ მოდიდან უკვე გადავიდა ის დრო, როდესაც საქმეების რაც შეიძლება დაჩქარება და "სამუშაოსთვის წამებულად" გადაქცევა იყო საჭირო.

არ აქვს მნიშვნელობა, ოლიმპიური სპორტსმენი ხართ, ისეთი როგორიცაა, სიმონე ბაილსი, Fortune 500-ის აღმასრულებელი თუ მცირე ბიზნესის მფლობელი, ნებისმიერ შემთხვევაში წარმატების ახალი გასაღები ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა იქნება.

მაგრამ ზოგიერთ მცირე ბიზნეს კომპანიას არ სურს ამ პრინციპის მიღება, დინჯად მუშაობის ნაცვლად, განუწყვეტელი ფუსფუსის ტაქტიკას არჩევს. მათ მიაჩნიათ, რომ წინსვლის სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ კვლევები სხვას აჩვენებს. გონივრული მუშაობა პროდუქტიულობის გაცილებით მაღალ დონეებს ააქტიურებს და რაც მთავარია, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვის გარეშე.

როგორ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება

მედიკოსი სტუდენტების კვლევამ, რომელიც ალტერნატიული და კომპლემენტარული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნდა, უჩვენა, რომ სტუდენტებს სტრესებიც მნიშვნელოვნად ნაკლებად ჰქონდათ და უფრო უკეთაც გრძნობდნენ თავს, როდესაც მედიტაციის ან რეალობის გაცნობიერების მეთოდებით სარგებლობდნენ. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო დიდხანს მისდევდნენ სტუდენტი ამ მეთოდებს, მით უფრო მნიშვნელოვან შედეგებს აღწევდნენ.

ამ დასკვნების დასადასტურებლად, Headspace-მა შიდა კვლევამ ჩაატარა, რომელმაც უჩვენა, რომ რეალობის გაცნობიერების 10 დღიანი კურსი სტრესს 14%-ით ამცირებდა.

Gallup- ის კვლევა, სახელწოდებით "კავშირი სამსახურში ჩართულობასა და ორგანიზაციულ შედეგებს შორის, 2020", უფრო ღრმად იკვლევს კავშირებს თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და მუშაობის ხარისხს შორის.

ამავე კვლევამ, რომელიც ბიზნეს/სამუშაო ჯგუფების კომპლექსურ ნაყოფიერებას ეხებოდა, უჩვენა, რომ "გუნდებს, რომელთა თანამშრომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები კომპანიის საქმიანობაში, საკუთარ ორგანიზაციაში წარმატების 94% -ით უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ და ყველა შესწავლილ ბიზნეს/სამუშაო ჯგუფებთან შედარებით კი, 145% -ით უფრო მაღალი". საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას პირველ ადგილზე აყენებდნენ, წარმატების მიღწევის 2,45 -ჯერ მეტი ალბათობა ჰქონდათ სხვებთან შედარებით.

Gallup-ის დასკვნის მიხედვით, "წინამდებარე კვლევის მონაცემები დამატებით დადასტურებაა თეორიისა იმის შესახებ, რომ იმის კეთება, რაც კარგია თანამშრომლებისთვის, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმას, რაც კარგია ბიზნესის ან ორგანიზაციისთვის".

როდესაც ერთმანეთს შევადარებთ კომპანიებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ფინანსური მაჩვენებლები აქვთ, აშკარაა, რომ საუკეთესოებმა შემდეგ სფეროებში გაზარდეს თავიანთი მაჩვენებლები:

• მომხმარებელთა ერთგულება/ჩართულობა -10%

• რენტაბელობა - 23%

• პროდუქტიულობა (გაყიდვები) - 18%

• პროდუქტიულობა (საწარმოო ანგარიშები და შეფასებები)-14%

• კეთილდღეობა (წარმატებული თანამშრომლები)-66%

• მონაწილეობა ღონისძიებებში, რაც ოფიციალურად არ ევალებათ-13%

თუ ყველა ამ მტკიცებულებას გავითვალისწინებთ, საკითხავია, მაინც რატომ უჭირთ მცირე ბიზნესის მფლობელებს პირადი კეთილდღეობისა და თანამშრომლების კეთილდღეობის პრიორიტეტულად ცნობა?

თითქმის ყველა ინდუსტრიის მცირე ბიზნეს კომპანიებთან მაქვს მუშაობის გამოცდილება და ამის სამი მთავარი მიზეზი აშკარად დავინახე:

1. ისინი ვერ აკეთებენ იმას, რის გაკეთებაც სურთ მომავლისთვის იმის გამო, რაც უკვე გააკეთეს წარსულში.

2. ცვლილების სწრაფი ტემპის გამო ისინი სტრატეგიულ კი არა, რეაქციულ მდგომარეობაში არიან.

3. მათ პრობლემები აქვთ ბუნდოვან კონკურენტულ მოვალეობებთან დაკავშირებით.

თუ უკვე დაგღალათ პროფესიულ გადაწვასთან ბრძოლამ და ეძებთ გზას, თუ რა უნდა მოუხერხოთ ამ გაუთავებელ შრომას, დაბრკოლებების გადასალახად სამ გზას გთავაზობთ იმისათვის, რომ თქვენი პრიორიტეტი კეთილდღეობა გახადოთ და ამ გზაზე უკეთესი ბიზნესი შექმნათ.

1. მოქნილი ლიდერი უნდა გახდეთ

მოქნილმა ლიდერმა კარგად იცის, თუ როდის უნდა გაუძღვეს გუნდს წინ, როდის უნდა იდგეს მათ გვერდით და როდის, მის უკან.

უმრავლეს სიტუაციებში, რომელიღაც ერთი მიდგომა ამართლებს. თუმცა, როდესაც თანამშრომელთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა პრიორიტეტი, მოქნილი ლიდერობის ნებისმიერი მიდგომის გამოყენება იქნება გამართლებული.

• მაგალითი მიეცით თანამშრომლებს, თქვენი წარმატებები და პრობლემები გაუზიარეთ მათ. არ დაივიწყოთ, რომ მათ შეკითხვებიც უნდა დაუსვათ და თან, პასუხებიც უნდა გასცეთ იმ ადამიანების შეკითხვებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ.

• როგორც ლიდერი, უნდა დარწმუნდეთ, რომ ნებისმიერ თანამშრომელს ჰყავს ვინმე, ვინც მასზე ზრუნავს, და არავინ გრძნობს თავს უმნიშვნელოდ და მიტოვებულად.

• ჩართეთ თქვენი გუნდი იმ შემოქმედებით გადაწყვეტილებებზე მუშაობაში, რომლებიც თქვენი კომპანიის კულტურას ქმნიან - ეს თანამშრომლების კეთილდღეობა, მათი ჩართულობა და თვითრეალიზაციაა.

სპორტულ ტანმოვარჯიშეს, სიმონე ბაილსის ისეთი უნარები აქვს, რომლებაც დიდი აღიარება და ტიტული მოუტანეს - "ყველა დროის უდიდესი". მან ეს ტიტული რთულ დღეებშიც კი შეინარჩუნა. თუმცა, ვინც ოლიმპიურ ტანვარჯიშს ადევნებს თვალყურს, შესაძლოა შეემჩნიათ, რომ 2020-21 წლებში რაღაც ძველებურად არ იყო, და კიდევ უარესიც ფორმაც კი მიიღო.

მან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ფინალებისთვის მზადებისას გამოაცხადა, რომ შეჯიბრს ეთიშებოდა, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა. ეს პრობლემა უჩვეულო იყო ბაილსისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდებოდა სახიფათო, თუ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას არად ჩააგდებდა და სწრაფ მოქმედებებზე გადავიდოდა.

თავდაპირველად ბაილსი გუნდს წინ მიუძღვებოდა, შემდეგ იძულებული გახდა უარი ეთქვა გუნდურ შეჯიბრებში მონაწილეობაზე. შემდეგ, გუნდის წევრებს დაუდგა გვერდში, ისე შეკრა თანაგუნდელები, რომ მის არყოფნაში გამოსვლა შეძლებოდათ. დარჩენილი შეჯიბრების დროს იგი გუნდის თითოეულ გამოსვლას გვერდიდან გულშემატკივრობდა და ამხნევებდა მათ - ეს მარტივი მოქმედებები დაეხმარა გუნდს რთულ სიტუაციაში ვერცხლის მედლის მოპოვებაში.

2. უფრო მასშტაბურად შეაფასეთ, თუ რას ნიშნავს პროდუქტიულობა თქვენს ბიზნესში

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, პროდუქტიულობის ყველაზე დიდ მამოძრავებელი ძალას დროის მენეჯმენტი და ნაყოფიერება წარმოადგენდა. ეს მოსაზრება მეტის გაკეთებას უსვამს ხაზს ნებისმიერ ფასად.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დღევანდელი პროდუქტიულობა დროის, ყურადღების, ენერგიისა და წარმოების მართვას ნიშნავს. ამ ოთხი ელემენტის შეთანხმება ქმნის ენერგიულ, მომგებიან ბიზნესს და უფრო პროდუქტიულ თანამშრომლებს.

როდესაც თქვენს ჩვევებზე და ბიზნეს კულტურაზე ფიქრობთ, საკუთარ თავს ეს შეკითხვები უნდა დავუსვით:

• როდესაც თქვენს ან თქვენი გუნდის პროდუქტიულობას აფასებთ, რას ფიქრობთ, მენეჯმენტის რომელი კატეგორია არ აქვს მას (დრო, ყურადღება, ენერგია თუ წარმოება)?

• რა მარტივი გზებით შეგიძლიათ გავლენის მოხდენა თანამშრომლების მორალზე და განწყობაზე?

• როგორ ახერხებთ თანამშრომლების წახალისებას, რომ მათ ენერგიის აღდგენაც შეძლონ და მისი მართვაც?

• გამძლეობას, შეუპოვრობასა და ყურადღებას გასააძლიერებლად, რა უნარებს უვითარებთ თანამშრომლებს?

• როგორ უწყობთ ხელს დადებითი, ჯანსაღი და მდგრადი გარემოს შექმნას?

თუნდაც საუკეთესო განზრახვები გვქონდეს, ფაქტია, რომ ჩვენ მაინც ვიბრძვით. ეს აშკარად არ ჩანს, უფრო მეტად ის ჩანს, როგორი აკვიატებული გვაქვს, რომ როგორღაც უნდა მივაღწიოთ წონასწორობას პირადსა და პროფესიულ ცხოვრებას შორის, რაც საერთოდ მიუღწეველია.

პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის წონასწორობის მოძებნის სურვილი ჩვენს კოლექტიურ გონებაში 1980-იანი წლებიდან ჩნდება. მილიონობით ადამიანს 2020 წელს შეექმნა ამ ბალანსის შეცვლის შანსი. ამან კი, საბოლოოდ 2021 წელს გამოიწვია დიდი ცვლილება ადამიანების აზროვნებაში - ადამიანები მიხვდნენ, რომ იმისთვის უნდა ემუშავათ, რომ ეცხოვრათ და არა იმისთვის ეცხოვრათ, რომ ემუშავათ. ადამიანებს იმის სურვილიც გაუჩნდათ, რომ ცხოვრების უკეთესი ხარისხის ჰქონოდათ და უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ მიმზიდველი რამ არის.

მაგრამ რა იქნება, თუ იმ პრობლემას არ ვაგვარებთ, რომელიც საჭიროა ?

ერთი რამ უსაზღვროდ მაოცებს, როდესაც ჩემს კლიენტებს ცხოვრების ხარისხისა და ბიზნესის გაუმჯობესებაში ვეხმარები: რატომ უჭირთ ზოგიერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსება?

ამ შეკითხვამ მიბიძგა დამედგინა, რომ რაღაცის შესაცვლელად ყველაზე დიდ დაბრკოლებას ხშირად ჩვენი ქვეცნობიერი გვიწევს. თუ გამოვავლენთ რა გვიწევს წინააღმდეგობას, ერთმანეთის საპირისპირო მოვალეობების შეთანხმებას შევძლებთ და სასურველ ცვლილებს მივაღწევთ. მოდით, კონკურენტული მოვალეობების კონცეფციაში გარკვევით დავიწყოთ.

3. გამოავლინეთ მოვალეობები, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან

კონკურენტული მოვალეობების იდეა მთავარი თემაა რობერტ კეგანისა და ლიზა ლასკოუ ლეიჰის წიგნისა, "იმუნიტეტი ცვლილებების მიმართ: როგორ უნდა დავძლიოთ იგი და როგორ გამოვავლინოთ საკუთარი და ორგანიზაციის პოტენციალი".

კეგანი და ლეიჰი იკვლევენ, თუ რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს რაღაცის შეცვლა, რატომ უნდა ისწრაფვოდეს მისკენ და ამავე დროს, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თვითონვე იმ ცვლილებებს, რომლებიც სურს. მკვლევარები ამ ფენომენს "კონკურენტულ მოვალეობებს" უწოდებენ, ამ შემთხვევაში პიროვნების ფსიქოლოგიური ძალები უთხრიან ძირს მის ნებისმიერ ძალისხმევას, რასაც ის მიზნის მისაღწევად აკეთებს.

ანტრეპრენერები, მაგალითად, თავიანთი ბიზნესის წარმატებისთვის იბრძვიან და დარწმუნებულები არიან, რომ მათსავით თავდაუზოგავად სხვა არავინ იშრომებს. ანტრეპრენერები ისეთი ტემპით მუშაობენ ამ მოვალეობების შესასრულებლად, რომ ეს რეჟიმი ბოლოს და ბოლოს მათ პროფესიულ გადაწვას იწვევს. მათ გულის სიღრმეში იციან, რომ რაღაც უნდა შეცვალონა და ისე არაფერი სურთ, როგორც შვებულების აღება, რეგულარული ვარჯიში ან თუნდაც ოფისიდან ადრე წასვლა, მაგრამ ვერაფერს უხერხებენ თავს.

რაც არ უნდა სცადონ, არაფერი გამოსდით.

საქმე ის კი არ არის, რომ მათ მცდელობა ჰქონდათ, არამედ ის, რომ წარმატების მიღწევა სურთ და სწამთ, რომ თავდაუზოგავად უნდა იშრომონ მის მისაღწევად, ეს კი მათ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს ეწინააღმდეგება.

ამ მოვალეობებს ურთიერთგამომრიცხავს ხდის მათი აზროვნების ფსიქოლოგიური ძალები და გამარჯვებული მათი წარმატებისადმი ერთგულება გამოდის.

2001 წელს Harvard Business Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით "რეალური მიზეზი, თუ რატომ არ იცვლებიან ადამიანები", კეგანი და ლეიჰი ხუთ მარტივ შეკითხვას გვთავაზობენ კონკურენტული მოვალეობების გამოსავლენად.

1. რას ისურვებდით - უფრო ეფექტურად შეგძლებოდათ მუშაობა თუ სამუშაოს მეტი სიამოვნება მოეტანა?

2. რა მოვალეობების შესრულება გიჭირთ?

3. რას აკეთებთ ან რას არ აკეთებთ, თქვენი მოვალეობების უფრო სრულად რელიზებისათვის?

4. რაიმე დისკომფორტს, წუხილს ან ბუნდოვან შიშებს ხომ არ გრძნობთ, როდესაც იხსენებთ, თუ რას აკეთებთ დამაბრკოლებელი ქმედებების საპირისპიროდ?

5. რა შემაშფოთებელი შედეგების აცილებას აპირებთ თავიდან ამ მავნებლური ქცევით?

ორივე სურვილის შესასრულებლად ერთი გზა არსებობს. კერძოდ, კონკურენტული მოვალეობების გამოვლენა, მათი გააზრება და პრაქტიკის გზით ამ ორი ტიპის მოვალეობების ერთმანეთთან შეთანხმება, გარემოებების მიხედვით მიღებული არგუმენტები და აზროვნების შეცვლა.

ეს რეკომენდაციები პრაქტიკაში გამოიყენეთ, თქვენი გზამკვლევი კი თქვენი ბიზნესის წარმატება და თქვენი კომპანიის თანამშრომლების (მათ შორის თქვენი) ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უნდა იყოს.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი გუნდისა და თქვენი საუკეთესო ინტერესები ბიზნესთან შეუთავსებელი სულაც არ არის. არ დაივიწყო, რომ მოქნილი ლიდერობა, თქვენს ორგანიზაციაში პროდუქტიულობის ცნების ფართოდ გაგება და კონკურენტული მოვალეობების გამოვლენა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, და ამავე დროს, გაცილებით პროდუქტიულ, მდგრადსა და მომგებიანი ბიზნესს ქმნის.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე