როგორ აღმოჩნდა Tesla დეზერტირების ბაზარში? გამვლელები ფერმერისგან კიტრს, პომიდორს, სტაფილოს, წიწაკასა თუ სხვა პროდუქტებს პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან ყიდულობენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს დილით, 10:00 საათზე დეზერტირების ბაზარში გირლანდებით მორთული Tesla გამოჩნდა. მანქანა აგროპროდუქტებითაა დატვირთული და გამვლელები ფერმერისგან კიტრს, პომიდორს, სტაფილოს, წიწაკასა თუ სხვა პროდუქტებს პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან ყიდულობენ.
"წარმოებულია აგროსფეროსთან ერთად" – ასეთი წარწერაა იქვე მდგარ ბანერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არასტანდარტული სანახაობის ინიციატორი "აგროსფეროა", კომპანია, რომელიც ქართველ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ინოვაციური ტექნიკითა და მეურნეობისთვის საჭირო სხვა პროდუქტებით უზრუნველყოფს.
რატომ გამოჩნდა დეზერტირების ბაზარში Tesla?
იდეა კრეატიულ სააგენტო "ლივინგსტონს" ეკუთვნის – მან გადაწყვიტა, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი დეზერტირების ბაზარი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და Tesla-ს ავტომობილი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. გზავნილი კი ასეთია – თანამედროვე ფერმერობა დღეს ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია და სოფლის მეურნეობაში არც Tesla-ს მსგავსი ინოვაციური პროდუქტია გასაკვირი, როცა ზურგს "აგროსფერო" გიმაგრებს.
მართლაც, "აგროსფერო" უკვე 18 წელია რეგიონში პარტნიორ ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარება და საქართველოს განვითარებულ აგრარულ ქვეყნად ჩამოყალიბებას ემსახურება. ის ფერმერებს, მაქსიმალური შედეგის მისაღებად, არა მხოლოდ პროდუქციით უზრუნველყოფს, არამედ უწევს აგრო-კონსულტაციას, უზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას.
"სწორედ ჩვენი პარტნიორი ფერმერები ქმნიან ქვეყანაში ძირითად აგროპროდუქციას, რადგან იყენებენ მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებებს, მაღალტექნოლოგიურ მინერალურ სასუქებს, ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, სარწყავ სისტემებსა თუ დაავადებათა მონიტორინგის დანადგარებს," – ამბობს "აგროსფეროს" მარკეტინგის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.
წარმოების ახალი მეთოდები ფერმერებს არა მხოლოდ შრომას უმსუბუქებს, არამედ გაცილებით დიდი რაოდენობის, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას აძლევს.
"ჩვენი მიზანია თანამედროვე ფერმერობის შესახებ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ, გავაცნოთ ჩვენი პარტნიორი ფერმერები და მოვუყვეთ მათი წარმატებული საქმიანობის შესახებ. იგეგმება საინტერესო პროექტები, რომლებიც ძალიან მალე გახდება საზოგადოდ ცნობილი", – ამბობს აკაკი ტოროტაძე.
გამოდის, რომ Tesla-ს დეზერტირების ბაზარში გამოჩენა ხანგრძლივი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და "აგროსფეროსგან" უფრო მეტ საინტერესო აქტივობას უნდა ველოდოთ.
მანამდე კი, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, ეწვიოთ დეზერტირების ბაზარს და "აგროსფეროსთან" ერთად წარმოებული პროდუქცია პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან შეიძინოთ.