რუსუდან კვაჭანტირაძე - ქოუჩინგის საერთაშორისო გამოცდილება საქართველოში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიუხედავად იმისა, რომ ქოუჩინგი ორგანიზაციებისა და მათი მენეჯმენტის ეფექტურობის, პროდუქტიულობის ზრდის მსოფლიოში აპრობირებული ინსტრუმენტია, დამოუკიდებელ დისციპლინად საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ სიტყვას უნგრული ფესვები აქვს და "ეტლს" ნიშნავს, რაც ქოუჩინგის მთავარ მიზანს − საწყისიდან სასურველ წერტილამდე ეფექტურად მისვლას განასახიერებს.
საქართველოში ამ მიმართულების ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული სპეციალისტი რუსუდან კვაჭანტირაძეა, რომელიც უამრავი დამსახურების მიუხედავად, მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. რუსუდანი ქოუჩინგის მსოფლიო ფედერაციის (ICF) მიერ აკრედიტებული PCC ქოუჩი; სერტიფიცირებული საერთაშორისო მენტორი; ბრიტანული ორგანიზაციის Thrive Partners-ის ქოუჩი, მენტორი და ტრენერი; Erickson Coaching International-ის აზიისა და კავკასიის წარმომადგენლობის მენტორ-ქოუჩი; თსუ-ს ორგანიზაციული და პერსონალური განვითარების დოქტორანტი და ქოუჩინგის მსოფლიო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ვიცეპრეზიდენტი გახლავთ.
იმის დასადგენად, თუ რა დგას მისი წარმატების უკან და როგორ ავითარებს ამ მიმართულებას საქართველოში, Entrepreneur რუსუდან კვაჭანტირაძეს გაესაუბრა.
რუსუდან, თუ შეიძლება გვიამბეთ, როდის და როგორ მოხდა თქვენი დაახლოება ამ პროფესიასთან?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის ლექტორად მუშაობის შემდეგ, ორგანიზაციებში სხვადასხვა მიმართულების ბიზნესტრენინგებს ვატარებდი. გარდა ამისა, მუდმივად ვეძებდი სიახლეებს განვითარების მეთოდოლოგიებში, რამაც ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი − ქოუჩინგი აღმომაჩენინა.
ჩემი მთავარი ღირებულება ყოველთვის ადამიანების განვითარებაზე ზრუნვა იყო, ქოუჩინგმა კი დამანახვა, რომ მისი დახმარებით, გაცილებით მნიშვნელოვანი და სტაბილური სარგებლის მოტანა შემეძლო. ქოუჩი თევზს არასოდეს გაძლევთ − იგი გეხმარებათ, თევზის დაჭერა თავად ისწავლოთ. სესიებით, ადამიანს არა რაიმეზე მიჯაჭვულს, არამედ პირიქით − დამოუკიდებელსა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობით აღსავსეს ხდი.
ქოუჩინგი რამდენიმე დისციპლინის ერთობლიობაა და მუდმივ განვითარებასა და უწყვეტ პრაქტიკას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნარებს უბრალოდ კარგავ. მსოფლიო ქოუჩინგის ფედერაციაშიც კი, აკრედიტაცია მხოლოდ 3 წლით გაიცემა, რის შემდეგ პროფესიული ზრდისა და პროგრესის დამტკიცება ყველა სპეციალისტს თავიდან უწევს.
გვიამბეთ ქოუჩინგის მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოებისათვის და იმ მიდგომებზე, რომელსაც პრაქტიკაში იყენებთ.
დღევანდელი ცხოვრება იმდენად აჩქარებულია, რომ გაჩერების, დაფიქრების, პრიორიტეტების დასახვისა და ელემენტარულ შეკითხვებზე პასუხების გაცემის დრო, უბრალოდ აღარ გვაქვს. გარდა იმისა, რომ დროის მცირე მონაკვეთში ბევრი რამის კეთება გვიწევს, სხვადასხვა როლსაც ვირგებთ, იქნება ეს თანამშრომელი, მეგობარი, ოჯახის წევრი თუ სხვა. ქოუჩინგი გვეხმარება, რომ ამ ყველაფერში საკუთარი თავი ვიპოვოთ, ნაკლები ძალისხმევით მეტ შედეგს მივაღწიოთ, ავიმაღლოთ მოტივაცია, რეალობას თვალი გავუსწოროთ და გაცნობიერებულ მოქმედებებს შევუდგეთ.
ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა და განსხვავებული მოტივატორები სჭირდება. ქოუჩინგის მთავარი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ იგი თითოეულ კლიენტთან საერთო ენის გამონახვის საშუალებას გვაძლევს. ქოუჩის დახმარებით, ადამიანი ახერხებს შესაძლებლობების დანახვას, პრობლემის იდენტიფიცირებას და ბარიერების გადალახვას.
მთავარია, ადამიანისა და ორგანიზაციის ღირებულებები ერთმანეთს ემთხვეოდეს. ასეთ დროს, ადამიანის ბუნებრივი პოტენციალის მაქსიმალურად გახსნით, ნებისმიერი პრობლემის გადალახვაა შესაძლებელი და ცვლილებები ორგანიზაციის მაღალ, შუა თუ დაბალ რგოლში, უმტკივნეულოდ ხორციელდება.
ქოუჩინგისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ორგანიზაციების კორპორაციული პოლიტიკისა და კულტურის გათვალისწინებაა. ხანდახან, შეხვედრამდე 10 წუთით ადრე მისვლა და მოსაცდელში ჯდომაც კი, შესაძლოა ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოგროვების ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ინტერვიუებს ვატარებ, ვაკვირდები პროცესებს და შემდეგ, თანამშრომლებს სესიების დროს მიღწეული პროგრესის ორგანიზაციის ხედვასთან და მისიასთან დაახლოებაში ვეხმარები.
საჭიროების შემთხვევაში, ქოუჩინგის სესიებს ინტენსიური ტრენინგ-კურსი უძღვის, სადაც ზრდასრულთა განათლების, მენტორინგისა და ქოუჩინგის ნაზავით, ადამიანებს მასშტაბური ტრანსფორმაციისთვის ვამზადებთ.
როდის იგრძენით პირველად, რომ თქვენ მიერ ჩატარებული ქოუჩინგ-სესიით კმაყოფილი ხართ და მუშაობამ შედეგი გამოიღო?
ძირითადად, როცა სესიას წარმატებით ვამთავრებთ და პარტნიორი მიღწეული შედეგით კმაყოფილია, ეს მარტივად შესამჩნევია. ჩემ მიერ ჩატარებული ქოუჩინგით პირველი პროფესიული კმაყოფილება მაშინ ვიგრძენი, როდესაც ერთ-ერთ კლიენტთან წარმატებული მუშაობიდან წელიწადნახევრის შემდეგ, მან სამადლობელი წერილი მომწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ სესიებით მიღწეულ ეფექტს ყოველდღიურად გრძნობდა და დროის სვლასთან ერთად, უკეთ გაიაზრა, თუ რამდენად გაუმჯობესდა მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება.
ჩემი ძირითადი მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ტრანსფორმაცია გრძელვადიანი იყოს და სესიების შემაჯამებელ შეხვედრაზე, ქოუჩინგის მეშვეობით მიღწეულ შედეგებს ადამიანები ყოველთვის აღნიშნავენ.
როგორ მიიღო საქართველომ ქოუჩინგი და როგორია ქართველ კლიენტებთან მუშაობის სპეციფიკა?
ვინაიდან უცხოელ კლიენტებთან ხშირად ვმუშაობ, უამრავი განსხვავებული ადამიანისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა მეძლევა. ადამიანი ყველგან ადამიანია, თუმცა დასავლურ და ქართულ კორპორაციულ კულტურებს შორის, განსხვავება მაინც არსებობს.
დასავლეთში, ხელმძღვანელისათვის კრიტიკული უკუკავშირის მიცემა პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ როცა ჩვენ, სათქმელის შელამაზებასა და პირდაპირობისგან თავის არიდებას ვცდილობთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენგან განსხვავებით, მათთვის ტრანსფორმაცია მიღებული პრაქტიკაა, თუმცა სიახლეების მიმართ მიმღებლობის, გონებრივი მოქნილობისა და ეფექტურობის კუთხით, სხვაობა არ არსებობს.
ვინაიდან ქოუჩინგი საქართველოში საკმაოდ ახალი დისციპლინაა, ბაზარი ჯერ კიდევ შეჩვევის ეტაპზეა, თუმცა ორგანიზაციები სულ უფრო მეტად მიმართავენ პროფესიონალი ქოუჩების დახმარებას. ქოუჩინგი ადამიანების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის, ხოლო ორგანიზაციებისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარება და მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესება, წარმატების მთავარი ქვაკუთხედია.
რა გავლენა იქონია პანდემიამ ქოუჩინგზე?
სამწუხაროდ, პანდემიამ მსოფლიო ურთულესი რეალობის წინაშე დააყენა, თუმცა მეორე მხრივ, ამ გამოწვევების ფონზე, ადამიანები ტრანსფორმაციის, განვითარებისა და ახალი მეთოდოლოგიების შემუშავების აუცილებლობაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდნენ, რაშიც ქოუჩინგს ალტერნატივა არ აქვს.
თანამედროვე ტექნოლოგიებმა პროფესიული მოვალეობების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. როდესაც ონლაინ მუშაობის რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, უკვე საკმარისი ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება მქონდა ამ მიმართულებით, როგორც Erickson Coaching International-თან, ისე Thrive Partners-თან, და ეს ჩემთვის სიახლე არ ყოფილა.
ცოცხალ ურთიერთობას ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ვერასოდეს ჩაანაცვლებს, თუმცა ონლაინსესიები ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ფიზიკურ შეხვედრებს. დასავლეთში ეს მიღებული პრაქტიკა იყო პანდემიამდეც, საქართველოში კი ზოგიერთმა კლიენტმა, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი ვირტუალური შეხვედრების მიმართ, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ ონლაინფორმატში დარჩენა ამჯობინა. ვცდილობ ადამიანებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა და მათაც ავიწყდებათ, რომ ეკრანის მიღმა ვსაუბრობთ ერთმანეთთან.
მიმდინარე და სამომავლო გეგმები.
ამ ეტაპზე, ICF-ის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფების წევრი ვარ, რომლებიც ქოუჩინგის, როგორც პროფესიის, და უშუალოდ ქოუჩების პროფესიული უნარების, განვითარებას ისახავენ მიზნად.
აგრეთვე ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომზე, ქართულ ორგანიზაციებში ქოუჩინგის დანერგვის განსხვავებებსა და თავისებურებებზე, რაც, ვფიქრობ, ადგილობრივ კომპანიებში ქოუჩინგის პრაქტიკის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.
ვინაიდან, ქოუჩინგი პროფესიულ სრულყოფაზე მუდმივი მუშაობაა, აქტიურად ვეცნობი მსოფლიო ტრენდებს. სესიების დროს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება ციფრული დარგები. შესაბამისად, ვავითარებ უნარებს, რათა მათთან მუშაობა უფრო ეფექტური გავხადო.
რუსუდან, რას ურჩევდით ქართველ ანტრეპრენერებს?
ქართველ ანტრეპრენერებს ვურჩევდი, არასოდეს შეუშინდნენ გამოწვევებს. როგორც წესი, შიში ჩვენი გონების თავდაცვითი რეაქციაა კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე. ამიტომ, როდესაც რაღაცაზე იყოყმანებთ, გაითვალისწინეთ, რომ დაბრკოლებების უკან ყოველთვის შესაძლებლობებია.