შემოსავლების სამსახურმა სს ,,საქკაბელს" ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიანიჭა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ელგუჯა ბერანძემ სს ,,საქკაბელის" მმართველ დირექტორს, დავით კაპანაძეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
,,მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურის სახელით გადმოგცეთ ეს ძალიან საპასუხისმგებლო წოდება. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ძირითადი პრინციპი დაფუძნებულია ბიზნესთან პარტნიორულ ურთიერთობაზე. აღნიშნული სტატუსი ითვალისწინებს საბაჟო სერვისებით უპირატესი სარგებლობის უფლებას და რაც მთავარია სტატუსის მფლობელი კომპანიის მიმართ სახელმწიფოს უყალიბდება უსაფრთხო და სანდო პარტნიორად აღიარების შესაძლებლობა. ვფიქრობთ, სს ,,საქკაბელის'' მიერ, უსაფრთხოებისა და ნდობის მაღალი სტანდარტების დანერგვა, დადებითად აისახება, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე მათ მიერ წარმოებული საქონლის შეუფერხებელი მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებაზე",- განაცხადა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. აღნიშნული ღონისძიება, ზესტაფონში ,,საქკაბელის" გადაიარაღებული საწარმოსა და ახალი შოურუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გაიმართა.
,,ვაფასებთ ნდობას, დღეს მოგვენიჭა საპასუხისმგებლო წოდება - (AEO) სტატუსი, რაც სს ,,საქკაბელს'' გამარტივებულ და პრიორიტეტულ საბაჟო შესაძლებლობებს გვთავაზობს, ასევე უზრუნველყოფს საიმედო საქმიანი პარტნიორის წოდებას ბიზნეს-წრეებში. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კომპანია ისარგებლებს აღნიშნული ბენეფიტით, რაც დაგვეხმარება იმპორტირებული საქონლის განკარგვაში - გარკვეული სასაქონლო ოპერაციების დროს. ამას გარდა ბევრ საბაჟო ფორმალობას აგვაცილებს თავიდან და დაგვეხმარება სწრაფად წარვმართოთ პროცესი. აგრეთვე არსებულ და მომავალ პარტნიორებთან მოვახდინოთ ოპერირება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც ჩვენი პროდუქცია არის პოზიციონირებული. პოტენციური პარტნიორისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ეს სტატუსი ადასტურებს რომ ჩვენს კომპანიას გააჩნია ავტორიზაცია, დნობა, მუშაობს კეთილსინდისიერად, არის მყარი და განვითარებაზე ორიენტირებული.'' - განაცხადა სს "საქკაბელის" მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება. დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://www.rs.ge/LegalEntityAuthorizedPersons?cat=2&tab=1
შეგახსენებთ, რომ სს ,,საქკაბელთან" ერთად აღნიშნულ სტატუსს, საქართველოში უკვე 8 კომპანია (შპს "დემასი", შპს ,,გოსელინ მობილითი ჯორჯია", შპს ,,შარმ ტრეიდინგი", შპს ,,ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია", სს "შატო მუხრანი"), შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიისა" და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსი") ფლობს.