Silenzio Bruno "დისნეის" ერთ-ერთი ახალი მულტფილმის იტალიელი გმირი შინაგან მუხრუჭს, რომელიც შემზღუდველი შიშებით არის განპირობებული, Silenzio Bruno-ს უწოდებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
...რა თქმა უნდა, ყველამ არ იცის, რომ "ანტრეპრენერობა" რამდენიმე შრისა და ეტაპისაგან შედგება. აწმყო, არსებული პერსონალური მდგომარეობის შეფასება, ფიქრი-ყოყმანი სირთულეებზე და რისკზე, გადაწყვეტილების მიღება, ნაბიჯის გადადგმა, ახალ მაგიურ ნაკადში მოხვედრა, სადაც სირთულეების, გამოწვევების გამო მღელვარება და ყოველდღიური ქმედითობით, ღირებულების შექმნით, უნიკალური გამოცდილების მიღებით სიამოვნების გრძნობა ერთმანეთს ენაცვლება; ადამიანებისა და პროცესების მართვა, პირველი კრიზისული ეტაპი, როცა ან უნდა გაიზარდო და გადარჩე, ან გაკოტრდე და ყოველი მომდევნო ეტაპი − შაქრის ლერწმის კენწერო, სადაც იაზრებ, რომ მასშტაბური ისტორიის, თუ არა მცირეს შექმნის, თანამონაწილე ნამდვილად ხარ აქ და ახლა.
ზოგიერთ კომპანიაში თანამშრომლებს შორის საოცრად ცივი ურთიერთობა დაგხვდება. ისინი მთელ დღეებს დილიდან საღამომდე ერთად ატარებენ, მაგრამ ოფისის მიღმა ერთმანეთისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. ჩვენი ენერგეტიკული ველის მკვეთრი ზიანი და დანაწევრება, მუდმივ შფოთში და დაძაბულობაში ყოფნა, მოაქვს ისეთ ადამიანებთან მუშაობას, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული ღირებულებები აქვთ და არც კი გვესიმპათიურებიან. ბევრს ჰგონია, რომ ეს აუცილებელი მსხვერპლია, რომელიც ფულის გამომუშავებისთვის უნდა გავიღოთ, მაგრამ შრომის პროცესის მხოლოდ პროფესიული საქმიანობით დატვირთვა პრაგმატული კი არა, არარაციონალურია. დრო ყველაზე ფასეული აქტივია და არაგონივრულია მისი დახარჯვა ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც საერთო მომავლის არანაირი გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნიათ. თუ სამსახურში გატარებული ხანგრძლივი დროის შედეგად მყარი მეგობრული ურთიერთობები არ ჩამოყალიბდა, ეს ნიშნავს, რომ დრო არასწორად დაგიხარჯავთ სუფთა ფინანსური თვალსაზრისითაც კი. რა თქმა უნდა, შეიძლება სამსახური შეიცვალო, თუმცა ამ მდგომარეობაში ყოფნა ბევრი ადამიანისთვის საკუთარი საქმის წამოწყებაზე ფიქრის, სიახლეების ძიების, ცვლილებების მიზეზი და საწყისი ბიძგი ხდება.
"დისნეის" ერთ-ერთი ახალი მულტფილმის იტალიელი გმირი შინაგან მუხრუჭს, რომელიც შემზღუდველი შიშებით არის განპირობებული, Silenzio Bruno-ს უწოდებს. ჩვენს გონებაში იდეის მომწიფების − პირველი ეტაპის შემდეგ, იწყება ურთულესი ფაზა, როცა ცალკე შენი შინაგანი Silenzio Bruno გესაუბრება და მეორე მხრივ, გარეგანი Silenzio Bruno-ებიც მრავლადაა. რაც ყველაზე მთავარია, არცთუ უსაფუძვლოა მათი მოსაზრებები, შენც ყველაფერი იცი სტაბილურობისა და განუსაზღვრელობაში შეხტომის სხვაობის შესახებ, მაგრამ არის რაღაც, რაც "შენი გულის საქმის" დაწყებაში გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. როდესაც ჩვენ ვიაზრებთ, რომ "კარგი საუკეთესოს მტერია", ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც დასაბამი ხდება ისეთი კომპანიების შექმნისა, როგორებიცაა SpaceX, linkedin, YouTobe და ა.შ. გენიალური აზროვნება იშვიათი ხილია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი იშვიათობაა გამბედაობა.
სამწუხაროდ, ერთი კომპანიის დაარსება ყოველთვის მხოლოდ ერთხელ ხდება და მხოლოდ ამ დროს − გზის დასაწყისში, შეგიძლიათ დაადგინოთ წესები, რომლებიც ადამიანებს კომპანიის სამომავლო ფასეულობის შექმნის იდეის გარშემო გააერთიანებს. ყველა ბიზნესი უნიკალურია, მაგრამ ზოგი რამ თითოეულმა კომპანიამ თავიდანვე სწორად უნდა გააკეთოს. შეუძლებელია გამოასწორო სტარტაპი, რომლის დაფუძნებისას შეცდომებია დაშვებული. სტარტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის ხარისხობრივად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რაც შემდეგ ხდება. ადრეულ ეტაპზე დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძნელია. სანამ ვინმე რაიმეს გამოსწორებას დააპირებს, კომპანია შესაძლოა გაკოტრდეს კიდეც. თქვენი, როგორც დამფუძნებლის, ამოცანაა, სწორად ჩაუყაროთ ორგანიზაციას საფუძველი, რადგან დაბზარულ საძირკველზე დიდებული კომპანიის აშენება შეუძლებელია.
ინვესტორები სტარტაპის ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, უპირველესად, კომპანიის დამფუძნებლებს ეცნობიან. ბუნებრივია, ტექნიკურ და სხვა ურთიერთშემავსებელ პროფესიულ უნარებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლებ საგულისხმოა, რამდენი ხანი იცნობენ და როგორ ეგუებიან პარტნიორები ერთმანეთს. ურთიერთობის დასაწყისში პარტნიორობა ოპტიმიზმით არის აღსავსე, რადგან შესაძლო შეცდომებზე საღად მსჯელობა მეტად არარომანტიკულია, თუმცა მომავალში დამფუძნებლებს შორის წარმოქმნილ წინააღმდეგობას შესაძლოა მთელი კომპანია ემსხვერპლოს.
კარგი ურთიერთობა არა მარტო კომპანიის დამფუძნებლებს შორისაა აუცილებელი. გუნდური მუშაობა კომპანიის ყველა თანამშრომელს უნდა შეეძლოს. ინდმეწარმეობაც კარგი გამოსავალია − მარტო მუშაობისას, ინტერესთა კონფლიქტი ვერავისთან გექნება. თუმცა ყველა ბიზნესი ასე ვერ აშენდება, ზოგიერთ შედეგამდე მისვლა გუნდის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.
სილიკონ ველის ანარქისტები კი გეტყოდნენ, რომ სრული ერთსულოვნების მისაღწევად, შესაფერისი კადრების მოზიდვა და მათთვის შეუზღუდავად მოქმედების საშუალების მიცემაა საჭიროო, მაგრამ ადამიანები ანგელოზები არ არიან. სწორედ ამიტომ აქვთ გამიჯნული ფუნქციები და მოვალეობები კომპანიის მიმდინარე საქმიანობის წარმმართველ ტოპმენეჯერებსა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიმღებ დირექტორებს. ამიტომაც ფიქსირდება გულდასმით კომპანიის დამფუძნებლებისა თუ ინვესტორების თითოეული მოთხოვნა. კი, საქმის საკეთებლად კარგი გუნდია საჭირო, მაგრამ ასევე აუცილებელია სტრუქტურა, რომლის წყალობით თანამშრომლები შეთანხმებულად იმუშავებენ დიდი ხნის განმავლობაში.
ორგანიზაციაში როლების განაწილება ადამიანების მართვის გასამარტივებლადაა, მაგრამ ამას უფრო სიღრმისეული შედეგიც აქვს: აღმოჩნდა, რომ როლების მკაფიოდ განსაზღვრა მკვეთრად ამცირებს კონფლიქტების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, სტარტაპის თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილებას ნუ მიუდგებით ისე, როგორც ოპტიმიზაციის ჩვეულებრივ ამოცანას, რომლის შესასრულებლად, თითოეული ადამიანისთვის მისი ნიჭის შესაფერისი საქმის მიცემაა საკმარისი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ როგორღაც შეძლებთ და შესანიშნავად გაართმევთ თავს ამ საქმეს, თქვენ მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არასწორი აღმოჩნდება. ნაწილობრივ, ეს იმიტომ ხდება, რომ სტარტაპი ძალიან სწრაფად ვითარდება და მასში როლების განაწილება მუდმივი ვერ იქნება.
სტარტაპს მცირერიცხოვანი შტატი და შეზღუდული რესურსები აქვს. გადასარჩენად, ის სწრაფად და ეფექტურად უნდა მოქმედებდეს, ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა გუნდის წევრებს ერთი და იგივე ცხოვრებისეული პრინციპები აქვთ. ეცადეთ დაიქირაოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. რასაკვირველია, ისინი ნიჭიერებიც უნდა იყვნენ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია, სწორედ თქვენთან უნდოდეთ მუშაობა. იურისტები და ბუღალტრები შეიძლება გარედანაც მოიწვიოთ. ამის მიუხედავად, უნდა გახსოვდეთ, რომ თანამშრომელი, რომელიც თქვენი კომპანიის აქციებს არ ფლობს, ან რეგულარულად არ იღებს თქვენგან ხელფასს, უსათუოდ შეიტანს ორგანიზაციაში დისონანსს.
ეფექტური მართვა მოტივაციას სძენს როგორც კომპანიის დამფუძნებლებს, ასევე თანამშრომლებსაც, რადგან ცხადყოფს, რომ მათ მიერ შექმნილი მექანიზმი გამართულად ფუნქციონირებს, დირექტორთა საბჭოს სიმაღლიდან კომპანიის საქმიანობის კონტროლი კი მენეჯერებს უფრო ფართო პერსპექტივას სთავაზობს, მაგრამ პრაქტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფუნქციების სხვადასხვა ადამიანს შორის განაწილება ერთობ გონივრული ნაბიჯია, ეს ამავდროულად, მნიშვნელოვნად ზრდის მოქმედებათა შეუთანხმებლობის ალბათობას. თუ ვიღაც ვენჩურული ფონდისათვის მოგების დასაფიქსირებლად კომპანიის აქციების პირველად განთავსებას ითხოვს, მესაკუთრეებს კი ურჩევნიათ, კერძო მფლობელობაში შეინარჩუნონ საკუთარი ბიზნესი, რა თქმა უნდა, წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი.
სტარტაპის მარცხს ხშირად კონკურენტების თაღლითობას ან კონკურენტულ გარემოს მივაწერთ ხოლმე, მაგრამ თითოეულ კომპანიას საკუთარი ეკოსისტემა აქვს. ცალკეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება დაუცველს ხდის მას გარეშე საფრთხეებისგან და ზოგჯერ მისი გადარჩენაა საჭირო. "1971-1981 წლებში დარვინ სმიტმა გადადგა ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რომელიც აღმასრულებელს ოდესმე გადაუდგამს. სმიტის გადაწყვეტილებით, უნდა გაეყიდათ ქარხანა ქიმბერლიში და პროცესები სამომხმარებლო ბიზნესისკენ მიემართათ ისეთ ბრენდებში ინვესტირებით, როგორიც არის Huggies-ი და Kleenex-ი. ბიზნესმედიამ და ანალიტიკოსებმა ამ ნაბიჯს სულელური უწოდეს, მაგრამ სმიტს არ უყოყმანია. ოცდახუთი წლის შემდეგ Kimberly-Clark-ი უკვე ფლობდა Scott Paper-ს და Procter & Gamble-ის რვა პროდუქტიდან ექვსს აშკარად კონკურენციას უწევდა".
ნამდვილი ანტრეპრენერობა არის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური შრომა. გუნდის წევრებთან ერთად, სისტემატური ანალიტიკა, პრეზენტაციები კონკრეტული თემის შესახებ, პოტენციური დასკვნების ჩამოყალიბება, კითხვების დასმა, შემდეგ მსჯელობა, კამათი, შეთანხმება, მაგიდაზე ხელების ბრახუნი, ხმის აწევა, დასვენება, ფიქრი, ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი, აღმასრულებლების ანაზღაურების დადგენა, ბიზნესსტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის შექმნა, ზოგჯერ თანამშრომელთა გათავისუფლება, მართვის სტილის შერჩევა, ფინანსური კოეფიციენტები, კაპიტალბრუნვა და ა.შ. და ეს მეორდება განუწყვეტლივ! ეს პროცესი გიგანტური, მძიმე ბორბლის ერთი მიმართულებით მოძრაობას მოგვაგონებს გარღვევის წერტილამდე, სადაც თქვენ სასარგებლოდ ამოქმედებას იწყებს დაგროვებული პოტენციალი და კომპანია სწრაფი ზრდის ეტაპზე გადადის.
და მაინც, როდესაც პირადად გადავწყვეტ და შევაბიჯებ განუსაზღვრელობაში, Silenzio Bruno-ს გვერდის ავლით, არ ვიცი, რას აღმოვაჩენ, როცა იქ მივალ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც დავბრუნდები, მოგიყვებით ყველაფერს, რასაც ვნახავ.