Singular-ის 2021 გიორგი შამუგია, Singular-ის მმართველი დირექტორი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლის მიწურულს თითოეული ჩვენგანი ცდილობს შეაჯამოს გასული წელი, გადაავლოს თვალი მიღწევებს, შეცდომებს, წარმატებებს თუ წარუმატებლობებს, და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეგმოს მომავალი წელი. 2021 წელი ერთგვარად ამოსუნთქვა იყო კორპორაციული სამყაროსთვის. ბევრი სფერო რადიკალურად შეიცვალა, ბევრმა უმნიშვნელო ნიუანსებს სახე უცვალა საიმისოდ, რომ მომხმარებლის საჭიროებები დაეკმაყოფილებინა და მის ახალ გამოწვევებს შესჭიდებოდა.
ENTREPRENEUR დაინტერესდა, რა ასწავლა 2021-მა წელმა ქართულ კომპანიებს, რა საკითხები გადააფასებინა და რაზე შეახედა განსხვავებული კუთხით.
ამ თემებზე საკუთარი გამოცდილება Singular-ის მმართველმა დირექტორმა გიორგი შამუგიამ გაგვიზიარა.
2020 წელს მიღებული გამოცდილების შემდეგ, სრულიად მზად ვიყავით 2021-ის ყველა თეორიულ გამოწვევასთან გასამკლავებლად. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო დისტანციური მუშაობის პირობებში, ახალი რეალობის გათვალისწინებით, Singular-ის გამორჩეული ორგანიზაციული კულტურის შენარჩუნება და გაზიარება გუნდის ახალი წევრებისთვის, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება ფიზიკურად გაეცნოთ გუნდი და გამხდარიყვნენ ამ კულტურის ნაწილი. სწორედ ამ კულტურის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ თანამშრომელი საშუალოდ მინიმუმ 5 წელს, ზოგი კი 8-10 წელსაც ითვლის კომპანიაში, რაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მონაპოვარია. წლის ბოლოს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კულტურის ტრანსფორმაცია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.
ბევრისთვის ცნობილია, რომ Singular-ის 100% შეისყიდა მსოფლიოში ყველაზე დიდმა გასართობმა კომპანიამ Flutter Entertainment, რაც მსოფლიო მასშტაბით უდიდესი აღიარებაა იმ ტექნოლოგიის, პროდუქტისა და ხარისხის, რომელსაც ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში ქმნიდა. აღიარების გარდა, ეს ჩვენი გუნდისთვის ახალი, ძალიან დიდი თავის დასაწყისიცაა, მაგრამ რაოდენ სასიხარულოც უნდა იყოს ამ მასშტაბის სიახლე, მას ყოველთვის ახლავს მნიშვნელოვანი ცვლილებები, ტრანსფორმაცია, გაურკვევლობა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა თანამშრომლებისათვის.
აქედან გამომდინარე, 2021 წელს Singular-ისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას თანამშრომლებისთვის იმის ახსნა წარმოადგენდა, თუ რას ნიშნავდა ეს სიახლე თითოეული მათგანისთვის და რა სახის ცვლილების მოლოდინი უნდა ჰქონოდათ. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პერსონალური დახმარების გაწევა და ინდივიდუალური კომუნიკაცია გუნდის თითოეულ წევრთან იმისთვის, რომ ეს ტრანსფორმაცია მარტივად, სტრესისა და დიდი ძალისხმევის გარეშე მიეღოთ. ამ პროცესში სრულად იყო ჩართული კომპანიის ტოპ-მენეჯმენტი, HR-დეპარტამენტი, როგორც Singular-ის, ასევე Flutter-ის მხრიდან და კონტრაქტორი Flowmaster, ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელსაც მადლობას ვუხდით აქტიური მონაწილეობისა და გაწეული მაღალი დონის სერვისისთვის.
საბედნიეროდ, Flutter-ისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო Singular-ის საინჟინრო და ზოგადად, კორპორაციული კულტურის შენარჩუნება. მათი მხარდაჭერა მთელი ტრანსფორმაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა და დაგვეხმარა ამ დიდ გამოწვევასთან გამკლავებაში.
2020 წლის მსგავსად, 2021-ის განმავლობაში ციფრულ სერვისებზე მოთხოვნის ზრდა გაგრძელდა. ასევე გრძელდება ქვეყნების მიერ ეკონომიკის სტიმულირების მიზნით გამოწვეული ე.წ. Real money gaming-ის ლეგალიზების ტენდენცია. შესაბამისად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ზოგადად ამ ბიზნესისა და კონკრეტულად ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნის მხრივ, დადებითი წელი იყო და ზრდის ტემპიც სრულად შენარჩუნდა.
კორონავირუსის პერიოდში ეფექტიანი ფუნქციონირება, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევა იყო თითქმის ყველა ბიზნესპროცესისთვის და შესაბამისად, ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილება. თუმცა ერთ-ერთი, რომელსაც ყველაზე ინტენსიურად შეეხო, ადამიანური რესურსების მართვა იყო, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ პარალელურად ორგანიზაციაში მიმდინარეობდა მასშტაბური ცვლილებები, რაც პირდაპირ მოითხოვს თანამშრომლებთან ხშირ კომუნიკაციასა და სოციალურ რაპორტს. ამ პროცესში საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ ჩვენს განკარგულებაში არსებული ყველა ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმა: Google Meets/Zoom, Slack, Confluence და ა.შ.; რეგულარულად ვმართავთ Town Hall-ებს და Q&A სესიებს, სადაც ინფორმაციის გაზიარებასთან ერთად ყველას აქვს შეკითხვების დასმისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. ვინაიდან ჩვენ ოფისები ისედაც სამ სხვადასხვა ქვეყანაში გვაქვს და დისტანციურად მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება Flutter International-თან შერწყმის გამო, ეს პრაქტიკები არათუ დარჩება ჩვენს ყოველდღიურობაში, არამედ მათ კიდევ უფრო დახვეწასა და გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ.
გარდა ამისა, პანდემიის დროს მთლიანად გაციფრულდა თანამშრომლების შერჩევისა და აყვანის პროცესები. რასაკვირველია, არ უარვყოფთ პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობას, მაგრამ სწორი მართვის პირობებში გაციფრულებული HR-პროცესები ძალიან ეფექტიანია და ვფიქრობთ, პანდემიის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოვიყენებთ.
2021 წლის მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, არის Flutter Entertainment-ის მიერ Singular-ის შეძენა, რაც აღიარებაა იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ და ჩვენი გუნდი ვქმნიდით და ვქმნით. როდესაც მსოფლიოში გასართობი ინდუსტრიის ყველაზე დიდი კომპანია შენით ინტერესდება, გყიდულობს და თან გეგმავს, რომ Singular აქციოს მთელი ჯგუფის (Flutter-ის) Tech Hub-ად, ეს მსოფლიო მასშტაბით უდიდესი აღიარებაა არა მხოლოდ ჩვენი, როგორც კომპანიის, ასევე ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის, ვისაც ოდესმე უმუშავია და დღეს მუშაობს Singular-ში. ხოლო მათ, ვინც მომავალში შემოგვიერთდება, საერთაშორისო დონეზე პროფესიული განვითარებისა და მსოფლიო ხარისხის პროდუქტების შექმნაში მონაწილეობის მიღების უამრავი შესაძლებლობა მიეცემა.
2021 რომ შევაჯამოთ, ეს იყო წელი, როდესაც ნელ-ნელა პანდემიასთან თანაცხოვრება ვისწავლეთ. ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, უამრავი ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. ბევრმა კომპანიამ დაჩქარებული ტემპით განიცადა ციფრული ტრანსფორმაცია, მსოფლიო კიდევ უფრო დაკავშირებული და ნებისმიერი ადგილიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ 2022-ს და ვფიქრობ, დიდი შესაძლებლობებისა და ახალი საწყისების წელი იქნება ზოგადად ბიზნესსამყაროსთვის. რაც შეეხება Singular-ს და მის გეგმებს, ის უკვე სრულად დაკავშირებულია Flutter Entertaimnet-ის ჯგუფის გეგმებთან, რის აღსრულებასაც მთელი ძალებით შევუდგებით 2022 წელს.