სტარტაპმა "ედუფეი" 300 000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტარტაპმა "ედუფეი" პირველივე საინვესტიციო რაუნდში პროდუქტის განვითარებისა და ქართული ბაზრის ათვისებისთვის 300 000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა. თანხის ნაწილით ახალგაზრდების გუნდი ასევე მოემზადება აზიურ და შუა აღმოსავლეთის ბაზარზე გასასვლელად.
"ედუფეი" არის სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის ვებპლატფორმა კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და საფასურის გადამხდელისთვის. პლატფორმა სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ფასიან სასწავლებლებს სთავაზობს ჩარიცხვების მენეჯმენტისათვის სამართავ პროგრამას, ხოლო მშობლებსა და სტუდენტებს სწავლის გადასახადის დაფარვის მარტივ გზას.
საგანმანათლებლო ორგანიზაციების სამართავი პანელი ინტეგრირებულია ბანკებთან და ედუფეი საკუთარი ალგორითმით აანალიზებს მათ საბანკო ამონაწერს, საიდანაც აიდენტიფიცირებს თუ რომელმა გადამხდელმა, რომელ მოსწავლეს ჩაურიცხა თანხა.
კომპანიის გუნდი მალე გაუშვებს გადამხდელის ვებ.გვერდს და www.edupay.ge -დან მხოლოდ მოსწავლის პირადი ნომრით მისცემს მათ საშუალებას, რომ შეამოწმონ მიმდინარე დავალიანება, სურვილის შემთხვევაში კი დაფარონ ის საბანკო ბარათით ან ონლაინ განვადებით. ყველა გადამხდელს, პლატფორმა გადახდის თარიღამდე უგზავნის sms შეხსენებასა და ავტომატურად გენერირებულ ინვოისს..
"ედუფეი" ჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიც არის გადასახადის იდენტიფიცირების გაწელილი პროცესები, სწავლის გადასახადის თარიღისა და დავალიანების დავიწყება, ვადაგადაცილების გამო გადამხდელისთვის დაკისრებული ჯარიმები და სხვა.
კომპანიამ უკვე დაიწყო საკუთარი პლატფორმის ინტეგრაცია რამდენიმე ორგანიზაციასთან, რაც ჯამში 2500+ გადამხდელს აერთიანებს.
სტარტაპმა ცოტა ხნის წინ გაიარა Impact Hub Tbilisi-ს აქსელერაციის პროგრამა და პირველად ივნისის დასაწყისში გამოჩნდა ინვესტორების წინაშე, რის შემდეგაც არაერთ მოლაპარაკებას აწარმოებდა, საბოლოოდ კი ამერიკის მოქალაქისგან მიიღო ინვესტიცია.