Get All Access for $5/mo

სტუდენტებმა ბლოკჩეინის სისტემით გადახდის ფუნქციის მქონე ვებ-გვერდი შექმნეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დავით პეტრიაშვილმა და ადამ კარამმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს ვებ-გვერდი GMT- ჰოლდინგისთვის. ეს არის კომპანია, რომელიც ძირითადად აგრარულ პროდუქტზე მუშაობს. ახალგაზრდებმა პროექტის "ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)" ფარგლებში იმუშავეს, რომელიც KIU-ში USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა.

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებმა შეისწავლეს უახლესი ტექნოლოგიები, შემდეგ კი რეალურ პროგრამაზე იმუშავეს და შექმნეს ვებ-საიტი, რომელიც ბიზნესს უკვე გადაეცა. ამის შემდეგ GMT- ჰოლდინგის მომხმარებელს ანგარიშსწორება არატრადიციული გზით, კრიპტოვალუტის საშუალებით შეეძლება.

იქედან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის გამოყენების ნაკლები პრაქტიკა არსებობს, ახლაგაზრდებს ბევრი სიახლის გაცნობა მოუწიათ. კონკრეტულად რას უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი სიახლე, ამის შესახებ სტუდენტი დავით პეტრიაშვილი გვესაუბრება, რომელმაც აღნიშნულ პროგრამაზე თანაკურსელებთან ერთად იმუშავა.

,,პროექტის ფარგლებში მოგვიწია განსხვავებული ტექნოლოგიების შესწავლა. გარკვევა თუ რას წარმოადგენს ბლოკჩეინი. საიტზე გადახდის სისტემა და ავტორიზაცია გავაერთიანეთ, რადგან ორივე კრიპტოვალუტის საფულეზე იმუშავებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ანგარიშსწორება ონლაინ ხდება პირდაპირ ორ ადამიანს შორის, ანუ ამ გზით მომხმარებელს ყოველგვარი ზედამხედველისა და შუამავლის, მაგალითად ბანკის გარეშე შეეძლება გადაიხადოს პროდუქტის ღირებულება", - ამბობს დავითი.

GMT ჰოლდინგის დამფუძნებელმა გოგა კვარაცხელიამ აღნიშნული პროექტის შესაძლებლობის შესახებ სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენზე შეიტყო. კომპანია მართავს რამდენიმე სტარტაპს, მათ შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმას - "ციფრული სოფელი". საქმიანობის გათვალისწინებით აღმოაჩინა, რომ სტუდენტების მიერ შეთავაზებული პლატფორმა სწორედ მის ბიზნესზე იყო მორგებული და თანამშრომლობაც შედგა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ პროექტის ფარგლებში უკვე აიყვანა 5 თანამშრომელი, ასევე იგეგმება თავად სტუდენტებთან თანამშრომლობა.

,,სტუდენტებმა ICT სიტემების დანერგვის კუთხით ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანეს ჩვენს კომპანიაში. მოგეხსენებათ ციფრულ სოფელს ეხება საუბარი და ICT სექტორი, ICT სისტემები ზუსტად ის სისტემებია, რაზეც ჩვენი კომპანია მუშაობს. თავიდან ბოლომდე იმ ტექნოლოგიებზე ვართ დამოკიდებული რაზეც სტუდენტებმა იმუშავეს. შედეგად მივიღეთ უფრო ოპტიმიზებული და გაუმჯობესებული პლატფორმა. ამასთანავე, იმპლემენტაციამ მოითხოვა განსხვავებული პროფესიების ჩართვა, მათ შორის ექსპერტების. პროექტის ფარგლებში ავიყვანეთ 5 ახალი კადრი. ვმუშაობთ ასევე სტუდენტებთან თანამშრომლობის საკითხზე", - ამბობს გოგა კვარაცხელია.

პროექტი "ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)" 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელებს ჰქონდათ. სამუშაო პროცესში ჯამში 250-მდე კომპანია და KIU-ს 100-მდე სტუდენტი იყო ჩართული. ახალგაზრდა ნოვატორებმა დამკვეთი კომპანიებისთვის შექმნეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ონლაინ-პლატფორმები. ხელშეკრულება სულ 6 კომპანიასთან გაფორმდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი