თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოვება გაიმართება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოვება გაიმართება, გიორგის სახელის უკვდავსაყოფად და იმ სიკეთისთვის, რასაც გიორგი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვის აკეთებდა!
გიორგი ტუხაშვილის დაღუპვის გამო, 2024 წელი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის ტრაგიკულად დაიწყო. გიორგი წარმატებული ქართული სტარტაპის - Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი იყო და, ზოგადად, ის გახლდათ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი. მისი დაკარგვა განუზომლად დიდი დანაკლისია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და მთელი საქართველოსთვის.
ყოველივე ამის ფონზე, გიორგის მეგობრებს დღეს გაორმაგებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რათა გაგრძელდეს იმ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, რისთვისაც გიორგი იბრძოდა. მათ სჯერათ, რომ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ მისი მაგალითის მომავალი თაობებისთვის გასაცნობად. ასევე, თვლიან, რომ მათივე ზრუნვის საგანია გიორგის მიერ დაწყებული სტარტაპ ეკოსისტემასთან დაკავშირებული საქმეების ბოლომდე მიყვანა და, ამავდროულად, გიორგის ოჯახის მხარდაჭერა.
ვინ იყო გიორგი ტუხაშვილი?
გიორგი მყარი ღირებულებების მატარებელი, განსაკუთრებულად პოზიტიური და ენერგიული ადამიანი იყო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. ის იყო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობდა საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმისთვის მიეღწია. გიორგი, როგორც სტაპრტაპ საზოგადოების აზრის ლიდერი, იყო უანგარო სიკეთისმყოფელი, მხარეთა დამაკავშირებელი, შრომისმოყვარე და თავმდაბალი პიროვნება. ამას გარდა, ის იყო ოთხი შვილის მამა, ერთგული მეუღე, ათლეტი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითის მიმცემი და პროგრესული ქრისტიანი.
გიორგის მეგობრებს სურთ, მისი ღირებულებების წინ წამოწევით, გააგრძელონ და განავითარონ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. ამ მიზნით, ისინი აანონსებენ გიორგის ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოვების დაწყებას.
რას გულისხმობს გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოვება?
წელს, დაჯილდოვებას ექნება 8 ნომინაცია, რომელიც ღია იქნება ყველასთვის როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის. ნომინაციებში წარმოდგენილი იქნება კატეგორიები, რომელიც წარმოაჩენს გიორგის ღირებულებებს და იმას, თუ რისთვის იბრძოდა ის. დეტალური ინფორმაცია ნომინაციების შესახებ მალე გახდება ცნობილი და ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციის განაცხადში. იქნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ნომინაციები. შემოსული განაცხადების საფუძველზე, ნომინაციის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.
დაჯილდოვების მიზანი იქნება:
- გაზიარებული ღირებულებების პოპულარიზაცია: ვაღიაროთ ინდივიდები და სტარტაპები, რომლებიც განასახიერებენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სიკეთე, ლიდერობა, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობა. Ყოველივე ამით, შთავაგონოთ მომავალი თაობები, გააგრძელონ ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა.
- ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისება: დაჯილდოვება წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მათ შემდგომ ზრდას და განვითარებას.
- სტარტაპ საზოგადოების გაერთიანება: ჯილდოები მიზნად დაისახავს ისეთი ადამიანების წარმოჩენას, რომელთა საქმიანობაც საჭირო ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, ჩვენს ენერგიულ სამეწარმეო საზოგადოებაში.
- კრიტიკული დანაკლისის შევსება ეკოსისტემაში: საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას ჰყავს არაჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა საქმიანობაც აღნიშვნის ღირსია. ჩვენ დავაგვიანეთ გიორგის აღიარება, მაგრამ გვსურს არ დავაგვიანოთ სხვა შემთხვევებში. გვჯერა, ყველა სიკეთის მკეთებელი იმსახურებს აღიარებას და მადლიერებას საზოგადოებისგან!
დაჯილდოვება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორიცაა: სამოგზაურო გრანტი საერთაშორიო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი, სასწავლო სტიპენდია სამეწარმეო ან ტექნიკური კურსის გასავლელად და სხვა.
როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ?
მეგობრების ღრმა რწმენით, ამ ინიციატივის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების მხარდაჭერაზე, რადგან ეს არის მოხალისეობრივი ინიციატივა. ჯილდოს ორგანიზატორები მოუწოდენენ ორგანიზაციებს, ჩაერთონ და დაუჭირონ მხარი, რათა დაჯილდოვებამ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს.
გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გააგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის. ეს დაჯილდოვება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.