თიბისი ლიზინგი – ქართული ბიზნესის მხარდაჭერის 18-წლიანი ისტორია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისი ლიზინგს ქართულ ბაზარზე ოპერირების 18-წლიანი ისტორია აქვს. მაშინ, როცა დაფინანსების ალტერნატიული გზების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაცია საკმაოდ მწირი იყო, კომპანიამ დაიწყო ზრუნვა როგორც საკუთარი ბრენდის, ასევე ზოგადად, ლიზინგის გარშემო ცნობიერების ამაღლებაზე. სჯერათ, იციან, დრომ აჩვენა, რომ ადვილად ხელმისაწვდომი თუ ძვირადღირებული აქტივის შესაძენად მომხმარებელს საუკეთესო პირობებს სთავაზობენ. შესაბამისად, საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებული 150-მდე ადამიანი ყოველდღიურ რეჟიმში უმარტივებს ბიზნესსაქმიანობას მათ, ვინც მიმართავს.
"ვამსხვრევთ სტერეოტიპს, რომ ლიზინგი ზედმეტად რთული ან ძვირადღირებული პროდუქტია. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების როლი საკმაოდ დიდია და ანალოგიური მოდელით გვსურს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა", − გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.
ვინც ქართულ სალიზინგო ბაზარს ყურადღებით ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ თიბისი ლიზინგი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და მუდმივად ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს ნებისმიერ ბიზნესს. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კომპანია საკუთარი სერვისით ფაქტობრივად ყველა სექტორს სწვდება. "ყველანაირი აქტივი, რომლის ხანგრძლივად ფლობისა და გამოყენების საჭიროებაც შეიძლება ჰქონდეს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ფინანსდება", − ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.
განსაკუთრებით აქტიური ინფრასტრუქტურის სექტორია, რომელზეც პორტფელის მესამედი მოდის. გასაკვირი არც არის, რადგან კომპანია მძიმე ტექნიკის ოფიციალური მომწოდებლების საიმედო პარტნიორია. მათთან თანამშრომლობით შეთავაზებული განსაკუთრებული პროექტებით ლიზინგდება აქტივები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ. იგება გზები, სრულდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, შენდება ქვეყანა. არანაკლებ საინტერესოა ის ინოვაციური პროდუქტები, რომლის ანალოგსაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც კი რთულად შეხვდებით. "ვიწყებთ კომუნიკაციას ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტზე − კომერციული უძრავი ქონების ლიზინგზე, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას ნაცვლად იჯარაში რესურსის ფუჭად ფანტვისა, შეიძინონ სასურველი საოფისე, კომერციული და საწარმოო ფართი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკვე მათ საკუთრებაშია უძრავი ქონება, მიიღონ ფულადი რესურსი მისი საშუალებით, ანუ ისარგებლონ უკულიზინგით".
როგორც თავად აცხადებენ, ფინანსური ინსტიტუტებისთვის დამახასიათებელი რთული ორგანიზაციული სტრუქტურის მიუხედავად, პანდემიურ რეალობასთან მალე ადაპტირდნენ და სერვისების მაქსიმალური გაციფრულება დაიწყეს. ამავდროულად, გააანალიზეს ის ძირითადი რისკ-ფაქტორები, რომელიც მათ პოტენციურ თუ არსებულ ბიზნესკლიენტებს ელოდათ და მათ ინტერესებზე მორგებულ პროდუქტებზე დაიწყეს მუშაობა. "საინტერესო, არაერთგვაროვანი, თუმცა საბოლოოდ, წარმატებული 2021 წელი გავიარეთ. შევიმუშავეთ ისეთი პოლიტიკა, დავნერგეთ ისეთი სიახლეები, რომელთა გარშემო ინტერესი არ წყდება. რადგან ჩვენს სფეროში ყველაფერზე ციფრები მეტყველებს, გეტყვით, რომ ბოლო წლებში ჩვენი კომპანიის პორტფელი, ისევე, როგორც საკუთრივ სალიზინგო ბაზრის მოცულობა, ორჯერ გაიზარდა. ამას ვახერხებთ მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლით, ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზით და არსებულ რეალობასთან ადაპტაციით. მიგვაჩნია, რომ ხშირად ვხდებით ე.წ. ტრენდსეტერები.
ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.
ავტოლიზინგი გავხადეთ მოთხოვნადი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. მეორადი ავტომობილების მიმართულება, რა თქმა უნდა, ისედაც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ის, რომ დღეს ახალი ავტომობილების ცენტრიდან გამოყვანა ლიზინგით არის მოთხოვნადი, მეტწილად იმ შეთავაზებების დამსახურებაა, რომელსაც ოფიციალურ წარმომადგენლობებთან პარტნიორობით ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. მოხარულები ვართ, რომ შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ასეთ რთულ დროს, სპეციალური სალიზინგო პროდუქტით დაფინანსება შევთავაზეთ გლემპინგის, კოტეჯის, ხის ქოხებისა და საზღვაო კონტეინერების ფლობით დაინტერესებულ ადამიანებს. შეზღუდული კაპიტალის მქონე სტარტაპებს დავეხმარეთ საჭირო აქტივების შეძენაში და დღეს განსაკუთრებით ვამაყობთ ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის", − ზურაბ გუგუშვილი.
დატვირთული წლის ბოლოს კომპანია დამსახურებულ წარმატებას მოიპოვებს. გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი − BB სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა. "აღნიშნული საკრედიტო რეიტინგი მიუთითებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობასა და სანდოობაზე, რაც სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს დამატებით ახალი ფინანსური სახსრები მოვიზიდოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, რაც თავისთავად დაეხმარება საქართველოში სხვადასხვა სალიზინგო პროგრამების განვითარებას", − გაგა გოგუა.
თიბისი ლიზინგში დატვირთული, თუმცა პერსპექტიული მომავალი წლისთვის ამოცანები უკვე დაისახეს: გეგმავენ ლიზინგის, როგორც მარტივი და სწრაფი ფინანსური პროდუქტის, შესახებ ცნობიერება აამაღლონ, გაციფრულების 100%-იან მაჩვენებელს მიაღწიონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. "ეჭვი არ გვეპარება, რომ გამოწვევებით დატვირთული პერიოდი არ დასრულებულა და სრულიად მზად ვართ მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ სალიზინგო ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაში. აქ, ახლა, ჩვენ ყოველთვის ვართ სტარტაპის, მცირე თუ მსხვილი ბიზნესის გვერდით და ვუმარტივებთ მათ საქმიანობას სწრაფი და საიმედო პარტნიორობით".
სტატიაზე მუშაობის პერიოდში, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე შევიტყვეთ: ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების ცერემონია − BARTA 2021 გაიმართა. კატეგორიაში "მცირე და საშუალო კომპანია" (500-ზე ნაკლები დასაქმებული) გამარჯვება ს.ს. "თიბისი ლიზინგმა" მოიპოვა. აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საფინანსო სექტორში თიბისი ლიზინგის გამორჩეულ როლს, კომპანიის გამჭვირვალობასა და შესაბამისობას კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან. მსგავსი მოვლენები დადებითად აისახება როგორც სალიზინგო ბაზრის, ასევე ქვეყნის რეპუტაციაზე ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.