Get All Access for $5/mo

ცოტა რამ გია დვალის შესახებ ქართველი მეცნიერი ავტორიტეტად მიიჩნევა თეორიული ფიზიკის დარგში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გსმენიათ რაიმე მსოფლიოში ცნობილ ქართველ ფიზიკოს გია დვალის შესახებ? მას მიღებული აქვს . და . პაკარდების (1999), . სლოუნის (2000), ნიუ იორკის მერის (2001) ჯილდოები მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მიღწეული წარმატებისათვის. 2007 წელს მიიღო ნიუ იორკის უნივერსიტეტის "ვერცხლის პროფესორის" წოდება, ხოლო 2008 წელს მიენიჭა ჰუმბოლდტის პრემია, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია. მონაწილეობს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში. იწინასწარმეტყველა, რომ ამ ექსპერიმენტში შესაძლებელია მიკროსკოპული შავი ხვრელების წარმოქმნა და გააანალიზა ამ მოვლენის შესაძლო დაკვირვებითი შედეგები. 2010 წლიდან არის მაქს პლანკის ინსტიტუტის (მიუნხენი, გერმანია) დირექტორი და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ამ საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფიის მიღმა დიდი შრომა დევს. ქართველი ფიზიკოსი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რომელი კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი? არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და .. ამისთვის კი ახალგაზრდა მეცნიერი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა შედეგს თეორიულად და ექსპერიმენტულად ერთმანეთს უთავსებს, ეს ყველაფერი კი ძალიან ფართო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს.

ვნახოთ, რა გზა გაიარა გამოჩენილმა ქართველმა ფიზიკოსმა აქამდე მოსასვლელად.

გიორგი (გია) დვალი დაიბადა 1964 წლის 30 მაისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1985 წელს დაიცვა დიპლომი ზურაბ ბერეჟიანის ხელმძღვანელობით. 1985-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. 1989-1990 წლებში იყო ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების უფროსი. 1992 წელს მოიპოვა ხარისხი მაღალი ენერგიის ფიზიკასა და კოსმოლოგიაში. 1992-1993 წლებში გახლდათ თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP, ტრიესტი, იტალია), ხოლო 1993-1995 წლებში – პიზის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი.

იგი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. 1997-1998 წლებში იყო ICTP-ის პროფესორი. ამჟამად არის ნიუ იორკის უნივერსიტეტისა (Center for Cosmology and Particle Physics) და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში, ასევე, მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Physics, მიუნხენი) დირექტორი და ჟენევის ატომური კვლევების ცენტრ CERN-ის მეცნიერ-თანამშრომელი. გახლავთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორიც.

პროფესორი დვალი დღესდღეობით ავტორიტეტად მიიჩნევა თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად, მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მისი კვლევის სფეროა კოსმოლოგია, კვანტური გრავიტაცია, ადრეული სამყაროს ევოლუცია. იგი მონაწილეობს ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორია CERN-ში მიმდინარე დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში. CERN-ის ლაბორატორიაში განთავსებული ადრონული კოლაიდერი დღეს ექსპერიმენტული მონაცემების დაგროვების სტადიაშია. მეცნიერები ცდილობენ, ექსპერიმენტისთვის იგივე პირობები შექმნან, რაც ე.წ. დიდი აფეთქების, ანუ სამყაროს დასაწყისის პერიოდში იყო. CERN-ის ამაჩქარებლის პროექტი კაცობრიობის მეცნიერული კვლევისთვის საეტაპო მნიშვნელობისაა. "ეს არის უდიდესი ენერგია, რომლისთვისაც კაცობრიობას მიუღწევია და იგი გაგვიხსნის გზას, რათა შევისწავლოთ ბუნების ფუნდამენტური სტრუქტურა უმოკლეს მანძილებზე. ეს იქნება ჩვენი აქამდე დაგროვილი თეორიული მოსაზრებების გამოცდის ასპარეზი და ახალი აღმოჩენების წყარო", – აღნიშნავს მეცნიერი.

ფიზიკოსები აცხადებენ, რომ თეორიები, რომლებსაც პროფესორი დვალი თავის კოლეგებთან ერთად ავითარებს, ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში, თანამედროვე ფიზიკაში ბევრ რამეს შეცვლის. მეცნიერს სჯერა, რომ ადრეულ სამყაროში ჩასახული ფლუქტუაციების სპექტრის გაზომვები და ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა CERN-ის ამაჩქარებელზე, ბოლო დროის მეცნიერული აზრის ორი უდიდესი ტრიუმფია.

დღეისათვის, ფიზიკა და კონკრეტულად, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ახალი რენესანსის ეტაპზეა. ახალგაზრდა თაობა ხელახლა იკვლევს სამყაროს მოწყობის აქამდე დამტკიცებულად მიჩნეულ მოდელს და მსოფლიოს რადიკალურ იდეებს სთავაზობს. მათი ნაწილი სხვადასხვა თეორიებს შორის კავშირებს, და დროისა და სივრცის ურთიერთმიმართებას სწავლობს, ნაწილი კი სივრცული დამატებითი განზომილებების არსებობის დამადასტურებელ კვალს ეძებს. საამაყოა, რომ ამ სფეროს განვითარებაში არაერთი მეცნიერიდან ერთ-ერთი ქართველია, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე