Twitter-ის მასშტაბური საკადრო შემცირების შემდეგ, Meta 11 000-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Meta-ს გენერალური დირექტორის, მარკ ზაქერბერგის თქმით, კომპანია 11 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს, რაც ამ მასშტაბის პირველი შემცირებაა სოციალური ქსელის გიგანტისათვის.
9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რიცხვი საერთო სამუშაო ძალის დაახლოებით 13%-ს შეადგენს, ხოლო ახალი ვაკანსიების გამოცხადება ეტაპობრივად მომდევნო წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება.
"ამ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის კომპანიის მსგავს რთულ მდგომარეობაში აღმოჩენაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ვიცი, რამდენად რთული იქნება ეს ნაბიჯი ყველასთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შემცირების პროცესში დაზარალდებიან", - აცხადებს მარკ ზაქერბერგი.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, Meta ხარჯების შეკვეცის მასშტაბურ პროცესს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, შემცირდება ინფრასტრუქტურული დანახარჯები, თანამშრომლები საერთო სამუშაო სივრცეებში გადანაწილდებიან, ხოლო კომპანია ნაწილობრივ შეზღუდავს ოპერირებას უძრავი ქონების სფეროში.
ცნობისთვის, Meta-ს აქციების ღირებულება მიმდინარე წელს 71%-ით შემცირდა და კომპანია საკმაოდ რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია, რამაც განაპირობა ხარჯების შეკვეცის აუცილებლობა. საკადრო შემცირება კი ამ პროცესის ყველაზე რადიკალური ნაბიჯია, ვინაიდან მსგავსი მასშტაბის გათავისუფლების ტალღა კომპანია Facebook-ის დაარსების დღიდან მოყოლებული, ჯერ არ ყოფილა. ექსპერტთა ვარაუდით, კომპანიის ფინანსურ დაღმასვლას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: ციფრული რეკლამის ბაზრის შემცირება, რეცესიის ზღვარზე მყოფი ეკონომიკა და ზაქერბერგის მრავალრიცხოვანი, სპეკულატიური ხასიათის ვირტუალური რეალობის პროექტები, რომლებშიც კომპანია მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ახორციელებს.
"აშკარაა, რომ ჩვენ ამ რეჟიმით მუშაობას მიჩვეული არ ვართ. კომპანიის არსებობის პირველი 18 წლის განმავლობაში, ჩვენ ყოველწლიურად სწრაფად ვიზრდებოდით, თუმცა ბოლო პერიოდში, კომპანიის შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა, რასთანაც ადაპტირება და შეგუება მოგვიწევს", - განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ამავდროულად, სრულიად ნათელია, რომ სოციალური ქსელების გიგანტი - Facebook, სტაგნაციას განიცდის და კომპანიის მესვეურთა მიერ ახალ-ახალი ფუნქციონალის დამატებით, მომხმარებელთა რაოდენობა არათუ იზრდება, არამედ სტაბილურ კლებას განაგრძობს.
Meta-ს მასშტაბური შემცირება ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებული სხვა მსხვილი მოთამაშეების მიერ აგორებული ტალღის ლოგიკური გაგრძელებაა. Apple, Amazon და Alphabet (Google) ეტაპობრივად უარს ამბობენ ახალი თანამშრომლების აყვანაზე და რესტრუქტურიზაციის აუცილებლობაზე ხმამაღლა იწყებენ საუბარს. Snap-მა (პლატფორმა Snapchat-ის მშობელი კომპანია) თანამშრომელთა რაოდენობის 20%-ით შემცირების შესახებ, ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, ხოლო ილონ მასკის მიერ სულ ახლახან შეძენილმა Twitter-მა სამსახურიდან საერთო სამუშაო ძალის 50%-მდე დაითხოვა, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მოგვიანებით თანამშრომელთა ნაწილს სამსახურში დაბრუნებაც კი სთხოვეს.