Get All Access for $5/mo

UltraViolet Air Cleaner - საქართველოში ვირუსებისა და ბაქტერიებისგან ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა შეიქმნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჰაერის გამწმენდ მოწყობილობაზე მუშაობა, რომელიც მიზნად ჰაერის მძიმე მეტალებისა და მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან გაწმენდას ისახავდა, ნანომ 2 წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ პროექტის განხორციელება შეჩერდა, რადგან შესაბამისი დაფინანსების მოძიება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ის არ გაჩერებულა და კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, აი, რას გვთავაზობს:

"აქტუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დავამზადეთ ბაქტერიციდული ჰაერის რეცირკულატორის პროტოტიპი, რომელიც განკუთვნილია შენობაში (ოთახში) ჰაერის დეზინფექციისთვის. ის ჰაერს მხოლოდ ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ასუფთავებს. პროექტზე ვმუშაობდით ერთი თვის განმავლობაში. მისი ტესტირება კი სახლის პირობებში მოხდა. ამ ეტაპზე დამზადებული პროტოტიპი ლაბორატორიულ შემოწმებას მის ეფექტურუნარიანობაზე საჭიროებს. ასევე, წარმოების ნებართვის მოპოვებას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლის შემდგომაც აეწყობა საწარმოოდ გამზადებული მოდელი და მოწყობილობის ღირებულებაც საბოლოოდ დადგინდება. დაფინანსების შემთხვევაში, შესაძლებელია მიკროსაწარმო ხაზის შექმნაც", − გვეუბნება ნანო ციხისელი.

ნანო ციხისელი ელექტრონული მოწყობილობების პროგრამირების სპეციალისტია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მორიგ ორ ახალ პროექტზე დაასრულა მუშაობა. დარწმუნებულია, რომ საქართველოში ახლად შექმნილი მოწყობილობები არაერთ ადამიანს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება და მათ შეძენასაც მალე დაუბრკოლებლად შეძლებენ. ამისთვის კი დამატებითი რესურსების მოძიებაა საჭირო.

UV Air Cleaner ანუ UltraViolet Air Cleaner − ასე ჰქვია ბაქტერიციდული ჰაერის რეცირკულატორს, რომელიც ჰაერს ულტრაიისფერი სპექტრის გამოყენებით წმენდს და განკუთვნილია შენობაში (ოთახში) ჰაერის დეზინფექციისთვის. ის ასუფთავებს ჰაერს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან და ანადგურებს მათ დნმ-სტუქტურას.

UV Air Cleaner-ის მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

1. განკუთვნილია III-V კატეგორიის ოთახებისთვის

2. ჰაერის გაწმენდის ეფექტურობა 95%

3. წარმადობა 60 მ3 საათში (20 მეტრი კვადრატული ფართისა და 3 მეტრი ჭერის სიმაღლის ოთახში)

4. 25 W განათების სიმძლავრე

5. დისტანციური (პულტი), მართვის ტაიმერი

UV Air Cleaner-ის ჩართვა დისტანციურად sms-ის საშუალებით შეგვიძლია, აგრეთვე მობილური ტელეფონის აპლიკაციითა და ქსელურად კომპიუტერის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან. შესაძლებელია მისი სტაციონარული და მობილური ვერსიების დამზადება საველე პირობებში სამუშაოდაც კი.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ როგორ მუშაობს UV Air Cleaner-ის მექანიზმი.

"ჰაერის რეცირკულატორი შედგება ულტრაიისფერი გამოსხივების სპექტრის ნათურისგან (ოზონის გამოყოფის გარეშე) და სტერილიზაციის დახურული კამერისგან. ჰაერის შემწოვის საშუალებით, დაბინძურებული ჰაერი ხვდება დახურულ კამერაში, სადაც ულტრაიისფერი ნათურა ასხივებს. ვინაიდან, ვირუსები და ბაქტერიები მგძნობიარეა ულტრაიისფერი სპექტრის გამოსხივების მიმართ, უარყოფითად მოქმედებს მათ დნმ-ზე და დასხივების შემდეგ შლის დნმ-სტრუქტურას, ართმევს რეპროდუქციის უნარს. ამის შედეგად, ვიღებთ გასუფთავებულ ჰაერს. რეციკულატორი თავისუფლად შეძლებს ოთახის ჰაერის გაწმენდას 90-95%-ით", − გვპასუხობს ნანო ციხისელი.

მოწყობილობის მთავარ უპირატესობას ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელების შემცირებული რისკი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ის არ გამოყოფს ოზონს, რის გამოც მისი ოთახში უწყვეტი მუშაობა ადამიანებისა და ცხოველების ყოფნის პირობებშიც სრულიად დასაშვებია. შესაძლებელია მისი როგორც მობილური, ასევე კედლის (სტაციონარული) ვერსიის სახით გამოყენებაც.

როგორც ნანო გვეუბნება, სასურველია, არსებულ მოწყობილობაზე ჟანგბადის მეტი გამოყოფისათვის, ბუნებრივი მცენარეები მოვათავსოთ.

NASA-ს მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შერჩეულია ის მცენარეები, რომლებიც დაბინძურებულ ჰაერს ასუფთავებენ და ჟანგბადს ჭარბად გამოყოფენ. ამას მეც ერთწლიანი დაკვირვების შედეგად ვადასტურებ", − გვეუბნება ნანო ციხისელი.

UV Air cleaner-ის გამოყენება კი შემდეგ ადგილებზეა რეკომენდებული:

  • სამედიცინო დაწესებულებები, პალატები
  • სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • საბავშვო ბაღები და სკოლები
  • საოფისე და სასტუმრო ოთახები
  • სასურსათო და სააფთიაქო ობიექტები
  • საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვადასხვა დანიშნულების შენობები
  • საკურიერო მომსახურეობა (პროდუქციის გადასატანი კონტეინერი)
  • სამგზავრო კაბინები (ლიფტი)

ჰაერის დეზინფექციის შემდეგ, ნანო ციხისელმა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვები პროდუქტების სტერილიზებისთვის საგანგებო მოწყობილობის, ერთგვარი სტერილიზაციის კარადის -"UV-SanitBox"-ის შექმნაც გადაწყვიტა, რომელიც ულტრაიისფერი სპექტრის გამოსხივების ნათურებისა და ტაიმერისგანაა აღჭურვილი. კარადა, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვები პროდუქტების სტერილიზაციას 2 წუთიდან 30 წუთამდე, სურვილისამებრ, პროგრამირებადი ტაიმერის მეშვეობით ახდენს.

"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სავაჭრო ობიექტებში შეძენილი შეფუთული პროდუქციის ზედაპირი ვირუსების არსებობის მაღალ რისკფაქტორს წარმოადგენს, რომელიც სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას საჭიროებს. ასევე, ყოველდღიური გამოყენების ნივთები, როგორიცაა: გასაღები, მობილური ტელეფონი, საათი, ბანკის ბარათი, ფული (ვალუტა), სათვალე და ა.შ. მათი სრულფასოვნად სტერილიზება ჩვენი სტერილიზაციის კარადაში მარტივად შესაძლებელია", − ამბობს ნანო ციხისელი და მომავალშიც კიდევ არაერთ სიახლეს გვპირდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე