Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia - პროგრამის ბენეფიციართა ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების ჯადოსნური სამყარო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების ბიზნესი საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. საქმისადმი სიყვარულითა და თავდაუზოგავი შრომით შექმნილ ნაკეთობებს ხშირად შევხვდებით, როგორც ონლაინმაღაზიების გვერდებზე, ისე თემატურ ფესტივალებზე და სადღესასწაულო გამოფენებზე. ხოლო ამ ხელსაქმის პოპულარიზაციამ, უამრავ ადამიანს დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო და საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა გაუჩინა.

ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს USAID-ის პროგრამას "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia), რომელიც მიზნად ისახავს როგორც ინოვაციების წახალისებას, ისე მეწარმეობის ხელშეწყობას და თვითდასაქმების დონის ამაღლებას ქართველ ახალგაზრდებსა და ქალებში. აღნიშნული პროგრამა უამრავ სამეწარმეო მიმართულებას ფარავს და ერთ-ერთი გამორჩეული, სწორედ ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების მწარმოებელთა მხარდაჭერა და წახალისებაა.

Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ YES-Georgia-ს ბენეფიციარი ხელნაკეთი ნივთების ქართული ბრენდები, რომლებმაც უკვე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს და თავიანთი საქმიანობა ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარანტად აქციეს.

"ზილფი" ხელნაკეთ აქსესუარებს, სამკაულებს და ვაზის მტევნის თემატიკით შთაგონებული დიზაინის სხვადასხვა ნივთს აწარმოებს. მისი პროდუქცია იქმნება ნახევრად ძვირფასი ნატურალური ქვების, თითბრისა და ვერცხლის გამოყენებით, ფატი კახნიაშვილის მიერ შექმნილი დიზაინის ყალიბებში. ბრენდი 2018 წელს დაარსდა და მისი ორიგინალური კონცეფციის წყალობით, მალევე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული, ცნობადობა და პოპულარობა.

"არსებობის სამწლიანი ისტორიის განმავლობაში, ბრენდმა უკვე არაერთ გამოფენასა და კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩვენს მთავარ გზავნილს წარმოადგენს ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობა, რაც ვაზისა და ღვინის ისტორიას ასახავს. 2019 წელს, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ კონკურსში, "ზილფის" სამკაულმა სახელად "ამბავი საქართველოზე", უცხოელ შემფასებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა და უკვე მესამე წელია, ჩვენ ვმონაწილეობთ ამ ღონისძიებაში. აღსანიშნავია, რომ იმავე წელს საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ვატიკანში, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელმა, "ზილფის" ამეთვისტოს მტევნით შემკული ბაგრატიონების ღვინო საჩუქრად უბოძა რომის პაპს. ყველა ეს ფაქტი სტიმულს მაძლევს უკეთ წარმოვაჩინო საქართველო მის ფარგლებს გარეთ და ყველას გავაცნო მისი 8000-წლიანი ისტორია", − გვიამბობს "ზილფის" დამფუძნებელი ფატი კახნიაშვილი, − "მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ჩემთვის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების − Welcome to Georgia 2020 წლის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მცირე და მიკროგრანტის მიღება, რამაც ბრენდს მუშაობისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალება მისცა. დაფინანსების შედეგად მოხდა სახელოსნო-გალერეის აწყობა და დაზგა-დანადგარების შეძენა. ამ ეტაპზე "ზილფი" ახალ მიმართულებებზე მუშაობს და უახლოეს მომავალში მომხმარებელს ახალ ხაზს შესთავაზებს".

"ზილფი" სხვადასხვა გამოფენისა და ფესტივალის ხშირი სტუმარია, რაც ბრენდს გაყიდვების გაზრდაში, ცნობადობის ამაღლებაში და ახალი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება. "ამ ყველაფერში ხელს გვიწყობს პროექტი YES-Georgia, სასწავლო ტრენინგებითა და საინტერესო შეხვედრებით, რაც ქალ მეწარმეთათვის დიდი სტიმული და მოტივაციაა. პირადად გავიარე ძალიან სასარგებლო და საინტერესო ტრენინგები, რის შედეგადაც მივიღე ახალი ცოდნა და კონტაქტები საინტერესო ქალ მეწარმეებთან. ახალი ურთიერთობები სამომავლო გეგმების დასახვისა და განხორციელების წინაპირობაა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი", − ამბობს ფატი კახნიაშვილი.

"ზილფი" სამომავლოდ გაფართოებასა და ახალი ხაზის დამატებას გეგმავს. ახლო მომავალში, ხელნაკეთი ნივთების შექმნის გარდა, მათ სახელოსნო-გალერეაში მოხდება არტ-თერაპიის მასტერკლასების დანერგვა და ხელსაქმის შემსწავლელი ჯგუფების მიღება. იძულებით გადაადგილებული ქალბატონებისთვის, ბავშვთა სახლის კურსდამთავრებული გოგონებისთვის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და მარტოხელა დედებისთვის "ზილფი", სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, ხელსაქმის შესწავლის უფასო კურსის შემუშავებასაც აპირებს.

YES-Georgia-ის კიდევ ერთი ბენეფიციარი, რომელიც ხელნაკეთ სამკაულებს აწარმოებს, კლარა მხეიძეა. როგორც ქალბატონი კლარა იხსენებს, იგი ბიზნესის წარმოებით ბავშვობიდან იყო გატაცებული. "როდესაც პატარა ვიყავი, დედაჩემი ყოველდღე აღნიშნავდა, რომ დიასახლისობა დაუფასებელი შრომა იყო და ღრმა ბავშვობიდანვე გადავწყვიტე, რომ "საქმიანი ქალი" გავმხდარიყავი (ასე უწოდებდნენ მაშინ სტარტაპერებს). ხელნაკეთ აქსესუარებთან ჩემი შეხებაც ბავშვობიდან დაიწყო. სოფელში, ნაწვიმარზე, ხის ქერქზე ჩნდებოდა ულამაზესი წებოები, რომელსაც დიდი რუდუნებით ვაგროვებდი და სპილენძის მავთულთან ერთად ვქმნიდი ლამაზ სამკაულებს. თუმცა ამ საქმიანობას ბიზნესის სახე პანდემიის დროს შევძინე და მომხმარებლების დაინტერესებაც დავიმსახურე", − აღნიშნავს კლარა მხეიძე.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, სურვილი იმისა, რომ აუცილებლად "არა-დიასახლისი დედა" ყოფილიყო, მას დიდ მოტივაციას და თვითდამკვიდრებისათვის საჭირო უდიდეს ენერგიას აძლევდა. სწორედ ამ ენთუზიაზმმა მიიყვანა იგი ტურიზმის სექტორამდე, რომელში ოპერირების 26-წლიანი გამოცდილება დააგროვა და საკმაო წარმატებასაც მიაღწია. ქალბატონი კლარას ნაბიჯები ტურისტულ სექტორში გამყვანი ტურების ორგანიზებით დაიწყო და დღესდღეობით, იგი უკვე ბაკურიანში საკუთარ საოჯახო სასტუმრო "ბუდეს" ფლობს.

ისევე, როგორც ტურისტულ სექტორში მომუშავე ყველა ადამიანისთვის, პანდემია კლარა მხეიძისთვისაც უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად, იგი არ დანებდა და საკუთარი მივიწყებული ჰობი გააცოცხლა. "მიმაჩნია, რომ ყველა კრიზისი ახალი შესაძლებლობაა. ამიტომაც პანდემია ერთგვარად დამეხმარა, ბავშვობაში დარჩენილი ჩემი გატაცება განმეხორციელებინა. დავიწყე ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება და თითოეული ჩემი ნაკეთობა უნიკალური, ყველასგან განსხვავებულია. ყველა აქსესუარს მოყვება სხვადასხვა ენერგია. დამზადების პროცესშივე მთელი რუდუნებით ვცდილობ ჩავაქსოვო ის ენერგია, რომელიც დამკვეთს სჭირდება. აუცილებლად დედობრივ სითბოს ვაქსოვ ჩემ მიერ შექმნილ ნივთში. მომხმარებელი ამ ყველაფერს გრძნობს და უამრავ კეთილ უკუკავშირს მაწვდის, რაც მახარებს და კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მძენს", − გვიამბობს კლარა მხეიძე.

ქალბატონი კლარა აღნიშნავს, რომ მომხმარებელთან მისი ურთიერთობის 26-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, თანამედროვე ბიზნეს უნარ-ჩვევების შესწავლაში და დახვეწაში უდიდესი წვლილი სწორედ პროგრამა YES-Georgia-ს მიუძღვის. "სწორედ ამ პროგრამის გავლის შედეგია ის, რომ საკუთარი ხელნაკეთი აქსესუარების ცნობადობა გასცდა ჩემს საახლობლო წრეს", − ამბობს ქალბატონი კლარა.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, 2022 წლიდან კლარა მხეიძე ვერცხლის ხელნაკეთი აქსესუარების ხაზის დამატებას გეგმავს, რაზეც მოთხოვნა თავად მომხმარებლისგან წამოვიდა.

მარიამ ჩიკოპაიძემ ბიზნესსაქმიანობა საიუველირო სექტორში 2016 წელს დაიწყო, როდესაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა და კახეთში, ქალაქ გურჯაანში ტიხრული მინანქრის სკოლა გახსნა. სამწუხაროდ, ამ ბიზნესმა ვერ გაამართლა, თუმცა მარიამი ტიხრული მინანქრის სამკაულების წარმოებაზე გადაერთო და გადაწყვიტა დაეფუძნებინა სამკაულების ბრენდი PIGMALIONI, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ჩვენი პროდუქცია გამორჩეულია იმით, რომ ვცდილობთ ცნობილი მხატვრების ნახატები გადავიტანოთ სამკაულში დეტალების სრული დაცვით, ხოლო ჩვენი სლოგანია "ატარე საყვარელი ნახატი სამკაულად". ჩემმა ნამუშევრებმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე. 2017 წლის დეკემბერში მივიღეთ პირველი მოწვევა აშშ-იდან, საერთაშორისო საიუველირო გამოფენიდან JOGS Tucson Gem and Jewelry Show, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ გამგზავრება. ამის შემდეგ მივიღეთ კიდევ ერთი მოწვევა, ამჯერად იტალიიდან და 2018 წლის გაზაფხულზე სამკაულის ბრენდმა PIGMALIONI მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საიუველირო გამოფენაში PALAKISS Jewelry, როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პირველმა ექსპორტის ბენეფიციარმა საიუველირო სექტორში. მალევე, ისევ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, გავემგზავრეთ პარიზში, მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო გამოფენაზე BIJORHCA. გვქონდა შემოთავაზებები იტალიის მოდის კვირეულებიდან, თუმცა ჩვენს საერთაშორისო აქტივობას პანდემიის დაწყებამ შეუშალა ხელი", − აცხადებს მარიამ ჩიკოპაიძე.

PIGMALIONI აწარმოებს სხვადასხვა თემატიკის მინანქრის ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს, ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, 2021 წლის ზაფხულიდან მარიამის 11 წლის შვილმა შეისწავლა ნახევრად ძვირფასი ქვებით სამკაულების დამზადება და მისმა ნაკეთობებმა უკვე არაერთი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორთა ყურადღება მიიპყრო. 2022 წლის აგვისტოში, სიცილიის მოდის კვირეულში მარიამის შვილის ბრენდი − Magda jewelry და PIGMALIONI ერთად მიიღებენ მონაწილეობას. სულ ახლახან, დედა-შვილის ხელნაკეთი ნივთები ლოს ანჯელესში გაიგზავნა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ღონისძიებებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით აშშ-ში.

"პანდემიის შემდეგ, ჩვენს ამოქმედებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის USAID Yes-Georgia-ს. მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენებში. ჩვენს ბრენდს საქართველოში ჩატარებულ გამოფენებში მანამდე არ მიუღია მონაწილეობა და უდიდესი მადლობა USAID Yes Georgia-ს ამისთვის. ეს დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის პანდემიის შემდეგ აქტივობის გასაგრძელებლად. ასევე, ძალიან მეხმარება მათი ტრენინგები ჩვენი წარმოების თუ მარკეტინგის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში. ამ საოცარი ადამიანებისგან შემდგარი გუნდის მხარდაჭერა უდიდესი სტიმულის მომცემია ჩემთვის და ჩემი შვილისთვის", − ამბობს მარიამი.

2022 წელს, Pigmalioni არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში აპირებს მონაწილეობის მიღებას და ამ ეტაპზე, აქტიურად ემზადება მომხმარებლისათვის ბევრი სასიამოვნო სიახლის შესათავაზებლად.

სამკაულების კეთება ბავშვობის საყვარელი გატაცება იყო ანა კუბლაშვილისთვისაც, რომელმაც ჰობი დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობად აქცია და ბრენდი − Aniuki's best Accessories შექმნა.

"ბავშვობიდან მიყვარდა სამკაულების დამზადება. ხშირად ვქსოვდი და ვკერავდი ტანსაცმელებს თოჯინებისთვის, ვაკეთებდი ყელსაბამებს. მივხვდი, რომ სამკაულების დამზადების პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა და ვიფიქრე, რატომაც არ უნდა მექცია ეს საქმე მცირე ბიზნესად. დავამზადე რამდენიმე ხელნაკეთი აქსესუარი და შევთავაზე მეგობრებს შეიძენდნენ თუ არა მსგავსს, რაზეც ერთხმად პოზიტიური პასუხი მივიღე", − გვიამბობს ანა კუბლაშვილი.

ანამ ხელნაკეთი ნივთების დამზადება 4 წლის წინ, მეგობართან ერთად დაიწყო. როგორც თავად იხსენებს, მათი პირველი ნამუშევარი თვლებით გაფორმებული წინდა იყო. რიგი მიზეზების გამო, მეგობრებმა გადაწყვიტეს ცალ-ცალკე გაეგრძელებინათ საქმიანობა და ანა დამოუკიდებლად გაუძღვა საკუთარ ბრენდს. დღესდღეობით, იგი ხელნაკეთ სამკაულებს (საყურე, სამაჯური, ყელსაბამი, ხელისა და ფეხის სამაჯური), ბროშებს, თმის აქსესუარებს და ნაქსოვ ჩანთებს ამზადებს. ბიზნესსაქმიანობის გარდა კი, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და ორ მცირეწლოვან შვილს ზრდის.

"ამ ეტაპზე, მყავს მუდმივი მომხმარებლები საირმესა და ქუთაისში, ასევე, მომხმარებლები სოციალურ ქსელებშიც, რომლებმაც ინტერნეტში იპოვეს ჩვენი გვერდი. ბიზნესი წინდაწინ მიდის და მეც სურვილი მიჩნდება უფრო მეტად განსხვავებული, ხარისხიანი შევქმნა და შევთავაზო მომხმარებელს", − აღნიშნავს ანა, − "მადლობა მინდა გადავუხადო USAID-ის პროგრამას YES-Georgia, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს მარკეტინგულ ზრდაში. მივიღე მეტი ცნობადობა, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის".

როგორც ანამ საუბრისას განაცხადა, მიმდინარე წელს, იგი საკუთარი ხელნაკეთი აქსესუარების წარმოების ზრდასა და პროდუქციის საზღვარგარეთ გატანასაც გეგმავს.

USAID YES-Georgia უკვე მეშვიდე წელია, რაც "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ფარგლებში, უფასო ტრენინგკურსებს "მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის" უწევს ორგანიზებას. მეწარმეობისა და ბიზნესსაქმიანობის დაწყების მსურველ და უკვე შემდგარ, ახალგაზრდა მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ მეწარმისთვის საჭირო უნარებსა და ინსტრუმენტებს, ბიზნესიდეის ბიზნესმოდელად ქცევას, ისწავლონ "ბიზნესმოდელის ტილოს" შექმნა, ბიზნესპროექტის წერა და ფინანსური დაგეგმარება. ტრენინგკურსი "მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის" ორ დონეს მოიცავს და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან" დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.

USAID-ის პროექტი YES-Georgia ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ქალების მეწარმეობის განვითარებას. ამ პერიოდში 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსების, ბუღალტრულ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე