UX-ი ყოველდღიურ ცხოვრებაში UX-ის მიზანია კონკრეტული ნივთისა თუ პროდუქტის გამოყენება მაქსიმალურად მარტივი და ინტუიციური იყოს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი თითქმის ერთი წელია საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია "ინსორსთან" ერთად "მომავლის პროფესიების" პროექტს ახორციელებს . პროექტის მთავარ მიზანს შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა და იმ ადამიანების მხარდაჭერა წარმოადგენს, რომლებმაც ახალ რეალობაში მათ საქმიანობაზე შემცირებული მოთხოვნის გამო ახალ პროფესიაზე დაიწყეს ფიქრი. "მომავლის პროფესიების" ფარგლებში, დღევანდელ შრომით ბაზარზე არსებული არა ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია გაგაცანით. მათ შორის იყო UI/UX დიზაინი ( https://www.facebook.com/119630781428450/videos/300907031190467 ) აღნიშნულ პროფესიაზე ჩვენ კიდევ ერთ UI/UX დიზაინერს ვთხოვეთ გაეზიარებინა მისი გამოცდილება. გვინდა გაგაცნოთ თამარ კომახიძე, რომელიც საქართველოს ბანკის თანაშრომელია და მოგიყვებათ, თუ რას ნიშნავს UI/ UX-ი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თანამედროვე სამყაროში დიზაინერის პროფესია დღითიდღე მეტად მოთხოვნადი ხდება და ეს სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მოთხოვნასთან ერთად ფართოვდება სფეროც, ჩნდება და ვითარდება ახალი პროფესიები; UI / UX დიზაინი კი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.
როდესაც UI / UX-ზე ვსაუბროთ, ხშირად ისმის კითხვა − რა განსხვავებაა მათ შორის? ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, UI არის ის, თუ როგორ გამოიყურება ვებგვერდი ან აპლიკაცია, UX კი გვიყვება იმაზე, თუ როგორ იყენებს ამ ვებგვერდსა თუ აპლიკაციას მომხმარებელი და რა გამოცდილებას იღებს ამ დროს.
UX-ი ნებისმიერი ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს და დაკვირვების შემთხვევაში მისი აღმოჩენა თითქმის ყველაფერში შეიძლება. UX-ის მიზანია კონკრეტული ნივთისა თუ პროდუქტის გამოყენება მაქსიმალურად მარტივი და ინტუიციური იყოს. ამის ყველაზე კარგი და გავრცელებული მაგალითი კარია, რომელიც ხშირად იწვევს დაბნეულობას და ვერ ვხვდებით, უნდა მივაწვეთ თუ უნდა გამოვაღოთ.
UX-ის მიზნის სწორად განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ამაზე ფიქრი არ უნდა სჭირდებოდეს, კარის დანახვისთანავე ნათელი უნდა იყოს, თუ რა მოქმედების შესრულებაა აუცილებელი იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღო.
UX-ის არასწორად შესრულებული მიზნის შედეგებს შეიძლება შევხვდეთ უბრალო პარკის დაპროექტებისას, სადაც გათვალისწინებული დიზაინი მომხმარებლის რეალურ მოთხოვნებს აცდენილია და შედეგად, ვიღებთ ფოტოზე მოცემულ სიტუაციას. პროექტზე მუშაობისას, UX დიზაინერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მომხმარებლისთვის მოკლე და მარტივი გზის ჩვენება.
კარგი და ცუდი შედეგები ისეთ მარტივ ნივთებშიც შეიძლება დავინახოთ, როგორიც ერთი ჩვეულებრივი ჭიქაა. შესაბამისად, როდესაც ლამაზ ინტერფეისს ვქმნით, რომელიც ერთი შეხედვით მშვენივრად გამოიყურება, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ როგორ გამოიყენებს მას მომხმარებელი.
მსგავსი მაგალითების მოყვანა ალბათ უსასრულოდ შეიძლება... ის, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს UI / UX დიზაინის სფეროში, საწყის ეტაპზევე ვურჩევდი, გაითვალისწინოს საკუთარი გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა გზით მიუღია და ეცადოს გადაჭრას სწორედ ის პრობლემები, რომლებსაც თავად, როგორც მომხმარებელი, აწყდება.
ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პრობლემა გავითვალისწინეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ, კარგი პროდუქტი შეგვექმნა, მაინც შეიძლება ეს შედეგი მივიღოთ.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ვქმნით, სრულყოფილად ვერ ჩაითვლება მანამ, სანამ უშუალოდ მომხმარებელი არ გამოცდის მას; მისგან მიღებული უკუკავშირის დახმარებით კი ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი ნამუშევარი დავხვეწოთ და გავამრტივოთ კიდეც.