Get All Access for $5/mo

YES-GEORGIA - ხიდი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-GEORGIA PROGRAM) ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ფონდ "კრისტალთან" და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალთან" პარტნიორობით ხორციელდება. პროგრამა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ქართველი ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობითა და თვითდასაქმების დონის ამაღლებით უჭერს მხარს. პროგრამა ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში. მის ძირითად სეგმენტს ის ახალგაზრდები წარმოადგენენ (16-28 წლის და ქალები 28+ ასაკის), ვისაც ბიზნესის დაწყების იდეა ან უკვე შექმნილი საწარმო აქვთ და ბიზნესის განვითარებისთვის ცოდნის ამაღლება, ფინანსებსა და ბიზნესსერვისებზე წვდომა სჭირდებათ. სწორედ ამ სეგმენტზეა გათვლილი პროგრამა YES-GEORGIA. აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2021 წლიდან მხოლოდ მეწარმე ქალებთან იმუშავებს, რათა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებასა და ბიზნესების უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადაქცევას.

პროექტის შესახებ კიდევ უფრო ვრცლად Entrepreneur-ს ანა ჩაუსი − ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი (USAID) და პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) მენეჯერი ესაუბრა:

"პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: სამეწარმეო უნარ- ჩვევების შეძენა და განვითარება, ბიზნესტრენინგები, მენტორობა, ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, ბიზნესგეგმის წერა, საკონსულტაციო და ბიზნესრეგისტრაციის სერვისები და მრავალი სხვა რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახლად შექმნილი ბიზნესების წარმატებული განხორციელებისთვის. ამასთანავე, პროგრამა ახორციელებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" და "Buzz კომპონენტებს".

ანა ჩაუსის მიერ აღნიშნული კომპონენტები წარმატებით ხორციელდება და მონაწილეებს არაერთ შესაძლებლობაზე უხსნის წვდომას. "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში", რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს სამეწარმეო უნარ- ჩვევები, ისწავლოს ბიზნესგეგმის შედგენა და შემდეგ ბიზნესიდეის დაფინანსებაც კი მოიპოვოს. ამ პერიოდში, პროგრამის ფარგლებში უკვე 78 ახალგაზრდა დაფინანსდა. ისინი თავიანთ საწარმოებს აქტიურად ავითარებენ.

"Buzz კომპონენტი" მოიცავს რეგიონებში მცხოვრებ ქალებს და ტრენინგებით 1500 ქალის უზრუნველყოფას. ტრენინგები პიროვნული განვითარებისა და სამეწარმეო-ფინანსური განათლების მიმართულებით ტარდება. ამასთანავე, უკვე გამოცდილ ქალ მეწარმეებს უხსნის წვდომას ბიზნესსერვისებსა და ფინანსებზე, რათა მათ კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი საქმიანობა და წვლილი შეიტანონ ქართული ეკონომიკის წინსვლაში.

პროექტმა დაწყების დღიდან დღემდე არაერთ წარმატებას მიაღწია. USAID-ის პროგრამა YES-Georgia 2015 წელს დაიწყო. დაწყებიდან დღემდე პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 4000- ზე მეტმა ახალგაზრდამ, მეწარმეობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდა 1600- მდე ახალგაზრდას, მათ შორის 339-მა დაამუშავა ბიზნესგეგმა, 78-მა კი მიიღო თანადაფინანსება და ბიზნესიდეის განხორციელება უზრუნველყო. გუნდმა ეფექტურად შეძლო პანდემიით გამოწვეული პრობლემის გადალახვაც.

"პროგრამის განხორციელებაში ძირითადი გამოწვევა COVID-19 იყო. თუმცა, USAID YES-Georgia არ შეჩერდა, გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე და ონლაინპლატფორმის მეშვეობით პროექტის სასწავლო პროგრამებს და სხვა მთავარ აქტივობებს წარმატებით ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ზოგი ონლაინაქტივობა ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ პროგრამის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგაც გააგრძელებს ციფრული პლატფორმის გამოყენებას. ერთ- ერთი საინტერესო ღონისძიება პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ჰაკათონი იყო, რომელიც პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაციის − ფონდ "კრისტალის" ინიციატივით გაიმართა პროგრამა USAID YES-Georgia- სთან პარტნიორობით. ჰაკათონის მონაწილე ახალგაზრდებმა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მრავალი ინოვაციური პროექტი წარმოადგინეს. ისეთები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი "კოვიდის" ვირუსის აღმოსაჩენად, სასუნთქი აპარატი, სპეციალური მობილური აპლიკაცია "კოვიდის" შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ა.შ.", − გვიყვება ანა ჩაუსი.

პროექტის ფარგლებში, გუნდს კიდევ არაერთი სამომავლო გეგმა აქვს. უპირველესად კი, ეს ქვეყანაში ქალ მეწარმეთა რიცხვის ზრდას ეხება. ამისათვის პროგრამა უმთავრეს ამოცანად 2024 წლისთვის 2500-ზე მეტი ქალი მეწარმისთვის ფინანსებსა და ბიზნესსერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას ისახავს.

"როგორც ვახსენე, პროგრამა მუშაობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში და მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელების, ქალი მეწარმეების მხარდაჭერისა და ზოგადად, მეწარმეობის პოპულარიზაციის გზით 100 000-ზე მეტი ქალის ინფორმირებას. "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ტრენინგების მომდევნო ეტაპი შემოდგომაზე, კერძოდ, სექტემბერში დაიწყება. ტრენინგები და სასწავლო პროგრამები სრულიად უფასოა. ინფორმაცია განაცხადების მიღების თაობაზე გამოქვეყნდება "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" (https://www.facebook.com/ mfocrystalyes/) ფეისბუქგვერდზე, Jobs.ge-ზე, HR.ge-ზე და სხვა საძიებო სისტემებში; განცხადება გაკეთდება რადიოსა და ტელევიზიებშიც. მინდა მოვუწოდო დაინტერესებულ ახალგაზრდებს, დარეგისტრირდნენ ამ საინტერესო ტრენინგებზე, შეიძინონ ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარ- ჩვევები და გახდნენ წარმატებული მეწარმეები", − ანა ჩაუსი.

ჩვენი შემდეგი რესპონდენტი მარიკა ოლსონია. მარიკა USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორია და საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას საკუთარ გუნდთან ერთად ყოველდღიური ჩართულობით უჭერს მხარს.

"საქართველოში 2019 წელს ჩამოვედი. მანამდე ორი წლის განმავლობაში ავღანეთში ვმუშაობდი, კიდევ უფრო ადრე კი, მალიში და ინდონეზიაში. საქართველოში ძირითადად ისეთ პროგრამებზე ვმუშაობ, რომლებიც დინამიკური და ინკლუზიური ეკონომიკის შექმნას უწყობს ხელს, თუმცა სოფლის მეურნეობასაც ბევრ დროს ვუთმობ. ჩვენი ორგანიზაცია USAID-ი საქართველოში ეკონომიკის განვითარებას მხარს არაერთი პროგრამის საშუალებით უჭერს. ეს პროგრამები ორიენტირებულია ძირითადად ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამებს საქართველოს მთავრობასთან, მეწარმეებთან, ბიზნესასოციაციებთან, როგორც დიდ, ასევე მცირე ქართულ და საერთაშორისო საწარმოებთან პარტნიორობით ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა, საქართველოს მოსახლეობის, ოჯახების, სოფლებისა და ქალაქების ეკონომიკური გაძლიერებაა".

პროგრამები, რომლებიც საქართველოში აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს სრულ თვითუზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ეს კი ისეთ გაძლიერებას გულისხმობს, რომ ქვეყანამ თავად შეძლოს, დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. საქართველოს ეკონომიკა კი მსოფლიო ეკონომიკასთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებული გახდეს.

"ჩვენ ხელს ვუწყობთ დინამიკურ ეკონომიკას, აქტიურად გამოვიყენებთ საქართველოს მოსახლეობის ნიჭს, უნარს და შემოქმედებით ენერგიას, რომელიც მზადაა ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის. ჩვენთვის ეს ისეთი სექტორების შექმნასა და განვითარებას ნიშნავს, რომელიც წაახალისებს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბაზრებისა და სავაჭრო სექტორების დივერსიფიკაციას და საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას", − ამბობს მარიკა ოლსონი.

USAID-ს ამჟამად 30-ზე მეტი პროგრამა აქვს საქართველოში. ეკონომიკის განვითარების პროგრამების გარდა, ორგანიზაცია ხელს უწყობს არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და სოციალურ ინკლუზიას. საქართველოს მოსახლეობამ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია და უფრო თვითუზრუნველყოფილი გახდა. როგორც მარიკა ოლსონი აცხადებს, USAID- ისა და საქართველოს ურთიერთობაში დაგეგმილია სტრატეგიული ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობს ურთიერთობას არა როგორც დახმარების მიმღებ, არამედ როგორც პარტნიორ ქვეყანასთან. USAID-ი საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც აპირებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრირებასა და ევროპელ პარტნიორებთან კიდევ უფრო დაახლოებაში.

"ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მოსახლეობას ძლიერი დემოკრატიის შექმნაში, რომლის პირობებში მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, ხოლო ხელისუფლება ანგარიშვალდებულია თავისი ამომრჩევლების მიმართ. ამასთანავე, ხელს ვუწყობთ საქართველოს მოსახლეობას, გახდეს უფრო მედეგი მავნე ზეგავლენისადმი. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს რამდენიმე მეზობელი არ იზიარებს აშშ-ის მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას უკავშირდება. USAID-ი საქართველოს ხელს უწყობს გარე საფრთხეებისადმი მედეგობის გაძლიერებაში, რაც სხვა მრავალი პროგრამის განხორციელების გარდა, გულისხმობს ქვეყანაში ძლიერი ინსტიტუტების მხარდაჭერას, ასევე საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მეტი შესაძლებლობის შექმნას", − მარიკა ოლსონი.

მარიკა ოლსონისთვის განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებას ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები წარმოადგენს. სწორედ ამ წლის დასაწყიში გამოცხადდა პროგრამა YES-Georgia-ს გაფართოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მომავალში დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის პროგრამაც, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს მასში ჩართული ინოვაციების კომპონენტით იწვევს. ეს კი არაერთ ადამიანს არა მხოლოდ საარსებო წყაროთი, არამედ მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებითაც უზრუნველყოფს. USAID-მა თანადაფინანსებით უზრუნველყო ფერმერები, სურსათის გადამამუშავებლები და მეწარმეები, რომლებიც ინოვაციური გზით ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქციას და ეფექტიანი გზით გააქვთ ბაზარზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანია, დაეხმაროს სურსათის

ადგილობრივ მწარმოებლებს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მომგებიან ბაზრებზე გასვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

"პანდემიამ რთული ეკონომიკური მდგომარეობა შექმნა. ვცდილობთ დავეხმაროთ ბიზნესებს განაახლონ მუშაობა და შეძლონ თავიანთი თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება. საქართველოს მთავრობას გავუწიეთ ტექნიკური დახმარება და მხარს ვუჭერთ ეკონომიკის აღდგენის პოლიტიკის განხორციელებაში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთანაც, რათა დავეხმაროთ მცირე ბიზნესს ახალ ეკონომიკურ პირობებთან მორგებაში. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და პროგრამა "ზრდის" საშუალებით, ხელს ვუწყობთ ტურიზმს, მსუბუქ მრეწველობას, საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიებს, შემოქმედებით მრეწველობას და სხვა მრავალ სექტორს", − მარიკა ოლსონი.

პანდემიამ მთელ მსოფლიოსა და მათ შორის ქართულ ბიზნესს ინოვაციური გზების ძიებისკენ უბიძგა, რაც თავის მხრივ მომხმარებლებთან კონტაქტსა და ახალ ბაზრებზე შესვლას გულისხმობს. ვაჭრობის ცვალებადი ხასიათის გათვალისწინებით, USAID-მა პარტნიორული ურთიერთობა ელექტრონულ პლატფორმა Ets- ისთან დაამყარა. ამ ვებგვერდის საშუალებით საქართველოს ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები გლობალურ ბაზარზე გასვლას შეძლებენ და ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულნი პანდემიამდელ გაყიდვებზე. ორგანიზაცია ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ტურიზმის სექტორთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო ბიზნესთან, რათა ამ სფეროს წარმომადგენლებს მუშაობის უსაფრთხოდ განახლებაში დაეხმაროს.

"ჩვენი ყველა საქმიანობა უკავშირდება საქართველოში ისეთი ეკონომიკური ბაზის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას. შევქმნით ისეთ ეკონომიკას, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შესთავაზებს დასაქმებულებს, მხარს დაუჭერს ინოვაციურ მიდგომებს და ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. კორონავირუსმა შესაძლოა შეაფერხოს ჩვენი საქმიანობა, თუმცა ვერ შეაჩერებს ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებას − მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და მისი მოსახლეობის ნათელ მომავალს", − აცხადებს მარიკა ოლსონი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!