ჟოზე ამერიკაში წავიდა! "ჟოზე დარჩება ქართულ მულტფილმად და წარდგება ამერიკის ბაზარზე, როგორც ქართული მულტფილმი", − გიორგი მარშანია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართველი ბავშვები და მშობლები კარგად იცნობენ ჟირაფ ჟოზეს, რომელიც 6 წლის განმავლობაში პატარების განუყოფელ მეგობრად რჩება და ასწავლის მათ დათვლას, სიმღერას, ცეკვად, ანბანსა და ისეთ უნარებს, რომლებიც ბავშვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარებათ. ამიერიდან კი, ჟოზე გაივლის ზუსტად იმავე გზას, რაც გაიარა საქართველოში, და გადაინაცვლებს უფრო დიდ ბაზარზე − აშშ-ში!
ჟირაფი ჟოზეს ისტორია 2013-2014 წლებში დაიწყო, მაშინ, როდესაც გიორგი მარშანია მეგობართან, კემოსთან ერთად რამდენიმეწუთიან, სხვადასხვა თემატიკის (მათ შორის: საგანმანათლებლო) ანიმაციებს ქმნიდა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ჟოზე, როგორც შემოქმედებითი პროდუქტი. პარალელურად, გიორგი ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობდა, სადაც შენიშნა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა ინგლისურ ენაზე უკვე კარგად იცოდნენ დათვლა, გეომეტრიული ფორმები და ფერები. სწორედ აქ მიხვდა გიორგი, რომ ამ ყველაფერს ბავშვები ინგლისურენოვანი მულტფილმებიდან სწავლობდნენ. საქართველოში კი, ქართულ ენაზე შექმნილი, მსგავსი საგანმანათლებლო ანიმაციების ნაკლებობა იყო.
"გვსურდა, შეგვექმნა ისეთი პერსონაჟი, რომელიც არ იქნებოდა კლასიკური გაგებით მასწავლებელი, არამედ − გახდებოდა საინტერესო მეგობარი თითოეული ბავშვისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პერსონაჟი ყოფილიყო ცხოველი, კერძოდ კი − ჟირაფი, რომელიც არ ჰგავს სხვა მულტფილმის პერსონაჟებს. შედეგად, ქართველ პატარებს ჰყავთ ყველაზე საყვარელი, მიმზიდველი, ყველაზე ყვითელი, ყველაზე მაღალი და ყველაზე მომღერალი ჟირაფი. ამ პერსონაჟის გაცნობას ნელ-ნელა ამერიკელებიც იწყებენ", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გიორგი მარშანია.
მას შემდეგ, რაც გიორგიმ და კემომ ჟირაფი ჟოზეს რამდენიმე სერია შექმნეს, იგი ბავშვებსა და მშობლებში ძალიან პოპულარული გახდა. იდეის ავტორები მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ვეღარ გაგრძელდებოდა სპონტანურად და მას საქმიანი სახე უნდა მიეღო. შედეგად, გიორგი მარშანიამ ირაკლი ნადირაძეთან ერთად 2017 წელს ჩამოაყალიბა შპს "სტუდია ველოსიპედი" და შეუდგნენ სტუდიის სტრუქტურის აქტიურ გამართვას. მას შემდეგ დაიწყო ჟოზეს საქმიანი ცხოვრება − ჰობი უკვე ბიზნესად იქცა.
"ჩვენი პრინციპი და სწავლების მეთოდია: გაართე და ისწავლე. ეს მიდგომა თეატრის ისტორიიდან ვიცი. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში თეატრის მისიაც სწორედ ამგვარად იშიფრებოდა.
ჟოზეს პერსონაჟი მთლიანად ჩემი და ირაკლის გამოცდილების მიხედვით შევქმენით. პროფესიით მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ვარ, შესაბამისად მაყურებლის ფსიქოლოგიასთან აქამდეც მქონდა შეხება. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვებთან ანიმატორად ვმუშაობდი. აქედან გამომდინარე, უკვე ვიცოდი, რა ფორმით უნდა მიაწოდო ბავშვს ინფორმაცია, როდის გიჯერებს, როდის არ გიჯერებს და სხვა.
ირაკლი კი წლების განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში და ხშირად ჰქონდა ბავშვებთან ურთიერთობა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პატარებთანაც. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სპეციალობის ადამიანი არ გვყოლია გუნდში, ჩვენი გამოცდილებით დავიწყეთ ეს პროექტი და ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტი ცოდნა და პრაქტიკაც შევიძინეთ", − განმარტავს რესპონდენტი.
ჟირაფი ჟოზე არის ის კარგი გამონაკლისი, რომელიც უყვართ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყოველთვის გრძნობენ მხარდაჭერას მშობლებისგან, ვინაიდან ისინი ხედავენ, რომ აღნიშნული ანიმაციები საგანმანათლებლო და წამახალისებელი ხასიათისაა ბავშვებისთვის. ჟოზეს 70-მდე სხვადასხვა თემატიკის სერიასთან ერთად, სხვადასხვა წიგნიცაა ხელმისაწვდომი, რომელსაც პედაგოგებიც უკვე აქტიურად იყენებენ როგორც საგანმანათლებლო-დამხმარე მასალას.
"რა გავლენას ახდენს ჟოზე ბავშვებზე? ის აჩუქებს მათ ბედნიერებას. მათთან მეგობრობს, ერთობა, ასწავლის. ამ ანიმაციის სახით კარგი მეგობრები შეიძინეს ბავშვებმა, მათ შორის: თავად ჟოზე, მაიმუნი "მამინი", სპილო "პიო", ჟოზეფინა, ჩიჩილაკი "ჩიჩი" და სხვა.
რაც შეეხება უნარებს, ჟოზე სკოლამდელი ასაკისთვის საჭირო ყველა თემას ეხება. ასწავლის საბაზისო უნარებს, როგორიცაა: დათვლა, ფერების ცნობა, გეომეტრიული ფიგურები და სხვა. გარდა ამისა, ასწავლის ცხოვრებისეულ უნარებსაც. ჩვენ დავიწყეთ იგავ-არაკების სერია, სახელწოდებით − "ჟოზე მეგობარია", რომელშიც ჟოზე ბავშვებს უყვება, რომ შინ ონკანი ღია არ უნდა დატოვონ, ადიდებულ ტალღებში არ უნდა შევიდნენ, ცეცხლთან არ უნდა ითამაშონ და სხვა", − გვიყვება "სტუდია ველოსიპედის" დამფუძნებელი.
ჟოზეს ისტორია, 2015 წელს თავდაპირველად 0 გამომწერით დაიწყო − მაშინ არ ჰქონდათ გეგმა, რომ ჟოზეს სერიები სერიალის ფორმატში უნდა მოქცეულიყო. ვიდეო გიორგის პირად YouTube-არხზე ატვირთეს. 1 წელიწადში ჯამში 10 მილიონამდე ნახვა მოაგროვეს. სწორედ მაშინ გააუქმეს პირადი არხი და 2017 წელს შექმნეს ახალი გვერდი, რომელსაც დღეისათვის 364 000 გამომწერი, ჯამში 440 მილიონი ნახვა და 400 000-მდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. ეს მონაცემები შთამბეჭდავი აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ − აშშ-შიც, სადაც ჟოზე უკვე წავიდა.
"გარკვეული დროის შემდეგ, მიზნად და სურვილად დავისახეთ, პროექტი საზღვრებს გარეთ გაგვეტანა. უპირველესად, მხოლოდ ერთი კონკრეტული ბაზარი არ არის საკმარისი ასეთი ძვირადღირებული პროექტისთვის. გარდა ამისა, რომც იყოს საკმარისი, ინტერნეტის ეპოქაში რატომაც არ უნდა გვეფიქრა იმაზე, რომ რასაც ვაკეთებთ, არა მხოლოდ ერთი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის გაგვეკეთებინა. პანდემიამდე გვქონდა რამდენიმე მცდელობა, თუმცა არც ისე წარმატებულად.
წელიწადნახევრის წინ, მოულოდნელად გამოჩნდა ჩვენი ამჟამინდელი პარტნიორი დენი − რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს და მისი შვილი აქტიურად უყურებდა ჟირაფ ჟოზეს. ამ ფაქტმა და ჩვენმა შთამბეჭდავმა რიცხვებმა მიიქცია მისი ყურადღება და საკუთარ პარტნიორთან ერთად გადაწყვიტა ჩვენთან დაკავშირება. გავაცანით სამოქმედო გეგმა, ხედვები, სურვილები და დღეს უკვე ორ სერიას იხილავთ ჟოზეს ამერიკულ YouTube-არხზე", − განმარტავს გიორგი მარშანია.
ამ ეტაპზე გადათარგმნილია სიმღერების პირველი სეზონი და შემოქმედებითი გუნდი მუშაობს მეორე სეზონზე. მომავალ წელს იგეგმება მესამე და მეოთხე სეზონები. ამის შემდეგ ასევე გადაითარგმნება ჟოზეს ხატვის გაკვეთილები. კონტენტი, გიორგის აღნიშვნით, იქნება ზუსტად ქართულის მსგავსი, მხოლოდ − მცირედი ცვლილებებით. შეიცვლება რამდენიმე პერსონაჟის სახელი იმისათვის, რომ ამერიკელი ბავშვებისთვის უფრო ჟღერადი იყოს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, გუნდში განმარტავენ, რომ საბაზისო და პირველადი უნარები, რომლებიც ბავშვმა უნდა იცოდეს, ერთნაირია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, სწავლების პრინციპი და თემატიკა იგივე დარჩება ამერიკელი მაყურებლისთვისაც.
"ჟოზეს ჩოხა დარჩება, ჩიჩილაკიც დარჩება და საერთოდ, ჟოზე დარჩება ქართულ მულტფილმად, რომელიც წარდგება ამერიკის ბაზარზე, როგორც ქართული მულტფილმი. ძირეული ცვლილებები არ იქნება.
რაც შეეხება ამერიკის ბაზარზე გასვლას, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაგრძელებთ მუშაობას უფრო მაგრად, უფრო ყურადღებით და უფრო აქტიურად. სამუშაო პროცესი მოითხოვს მეტ ორგანიზებასა და პასუხისმგებლობას, რაც ჩვენთვის როგორც საპასუხისმგებლო, ისე სტიმულისმომცემიცაა. რთული საქმეა, გქონდეს ანიმაციური სტუდია საქართველოში − იქ, სადაც მხოლოდ შენ ხარ. მეც და ირაკლისაც, 6 წლის განმავლობაში, გვქონია შემთხვევები, როდესაც ღრმა ფსიქოლოგიურ და ფინანსურ კრიზისში ვიყავით. მაგრამ გვაქვს სტიმული, არ გავჩერდეთ და არ გადავეშვათ წარმატებით ტკბობაში", − აცხადებს გიორგი მარშანია.
ჟოზეს პერსონაჟის უკან, იდეის სულისჩამდგმელების გარდა, საკმაოდ დიდი გუნდი დგას, რომელიც ანიმატორებისგან, წარმოების ჯგუფისგან, ადმინისტრაციული გუნდისგან, კომპოზიტორებისგან, გამხმოვანებელი მსახიობებისგან, ლექსების ავტორისგან და სცენარისტებისგან შედგება. სწორედ ეს გუნდი მუშაობს და იმუშავებს პროექტის განვითარებისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგის აღნიშვნით, იგეგმება ჟოზეს სრულმეტრაჟიანი მულტფილმის გადაღება. ამასთან, ქართველი მაყურებელი იხილავს სათავგადასავლო ჟანრის სერიალსაც, რომელშიც ჟოზეს სერიების ეპიზოდური პერსონაჟები გამოჩნდებიან.
სამომავლოდ, "სტუდია ველოსიპედის" გუნდი თინეიჯერებისთვის სუპერგმირების სერიალსაც შექმნის. სუპერგმირები დაფუძნებული იქნებიან ქართულ მითოლოგიაზე და შექმნიან აბსოლუტურად ახალ გამოცდილებას სუპერგმირების სამყაროში. გუნდში იმედოვნებენ, რომ ეს მიმართულება საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აუდიტორიისთვისაც.