Zoom ონლაინშეხვედრების რეალურ დროში თარგმნაზე მუშაობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე მსოფლიოში, კომპანიები გლობალურ გაფართოებასა და უცხო ბაზრების ათვისებაზე არიან ორიენტირებული. ამიტომ, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ონლაინ-კონფერენციების ჩატარება, ისეთი პლატფორმით, როგორიცაა - Zoom, დღევანდელობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა უცხოელებთან ურთიერთობა, ენობრივი ბარიერის გამო, ხშირად ფერხდება, რაც შეთანხმების მიღწევას შეუძლებელს ხდის. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, სულ ახლახან, კომპანია Zoom-მა, გერმანული სტარტაპის, - Kites-ის შეძენის შესახებ განაცხადა. ეს სტარტაპი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რეალურ დროში საუბრის თარგმნაზე მუშაობდა, ხოლო მალე Zoom-ის ინჟინერთა გუნდს შეუერთდება.
კომპანიები შეთანხმების პირობებს არ ასაჯაროვებენ. რაც დანამდვილებით ვიცით, არის, რომ Kites-ის შეძენით, Zoom ამ სფეროში წამყვანი პროფესიონალების გუნდს მიიღებს. "Kites-ის ნიჭიერი გუნდი, რომელიც 12 მეცნიერ-მკვლევრისგან შედგება, Zoom-ის ინჟინრებს, ავტომატური თარჯიმნის ფუნქციის განვითარებასა და დანერგვაში დაეხმარება. ამ ახალი შეთავაზებით, Zoom-ის მომხმარებელი თავისი საქმიანი შეხვედრების პროდუქტიულობასა და ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის". - აცხადებს Zoom-ის წარმომადგენლობა.
Zoom, Kites-ის 12 კაციანი გუნდის გერმანიაში დატოვებას და აქ ახალი კვლევებისა და განვითარების ცენტრის დაფუძნებას გეგმავს. კომპანია აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ავტომატური თარჯიმნის დახვეწასა და სრულყოფაში, დიდი რესურსების ჩადებას აპირებს.
ინტერნეტში, Kites-ის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს. მათ აქვთ ბიზნეს-გვერდი Linkedin-ზე, სადაც მითითებულია, რომ კომპანია 2015 წელს, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების შესაქმნელად, ორი პროფესორის მიერ დაარსდა.
"Kites-ის მისიაა, დაამსხვრიოს ენობრივი ბარიერები და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეთათვის შეუფერხებელი ურთიერთობა, ყოველდღიურობად აქციოს". - აღნიშნულია კომპანიის Linkedin-ის გვერდზე. მათივე თქმით, საუბრის ამოცნობისა და სინქრონული თარგმნის სფეროში, მათი ტექნოლოგია, არაფრით ჩამოუვარდება Google-სა და Microsoft-ის პროდუქტებს.
ასევე, არ არსებობს არანაირი ინფორმაცია Kites-ის კომერციული პროდუქტის შესახებ. ერთადერთი, რაც მათ საიტზეა მითითებული ისაა, რომ სტარტაპის ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ აკადემიურ და სამთავრობო წრეებში.
ერთი შეხედვით, კონფერენციების სინქრონული თარგმნის ფუნქცია, Zoom-ის აპლიკაციას კიდევ უფრო მეტ უპირატესობას მისცემს ბაზარზე, თუმცა ამ გარიგების შესახებ ინფორმაციული ვაკუუმის გამო, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. ფაქტია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შეუფერხებლად ურთიერთობისა და ენობრივი ბარიერის ტექნოლოგიური გზით დაძლევა, კაცობრიობისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.