Join our Waitlist for Expert Advice!

Bubbler – ქართველი ანტრეპრენერების მიერ შექმნილი პლატფორმა, ადამიანების საერთო ინტერესების გარშემო გასაერთიანებლად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პლატფორმა, რომელზეც ქართველი ახალგაზრდები გასული წლის მიწურულს მუშაობდნენ, დღეს უკვე ოფიციალურადაა ხელმისაწვდომი. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ სიახლეები Bubbler-ის შესახებ.

პლატფორმა Bubbler, რომლის შესახებაც Entrepeneur-ის მკითხველმა გასული წლის მიწურულს შეიტყო, ახლა უკვე ხელმისაწვდომია როგორც ვებსაიტის (bubbler.live), ისე აპლიკაციის სახით App Store-ზე (bubbler - share, find, hangout). მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პლატფორმაზე მომუშავე გუნდმა რიგი ცვლილებები განიცადა, როგორც დამფუძნებელთა შემადგენლობის, ისე თავდაპირველი სამიზნე ბაზრის კუთხით, რის შესახებაც Bubbler-ის თანადამფუძნებელი, ლუკა ხათრიძე გვიამბობს.

"პლატფორმაზე მუშაობა დაახლოებით სამი კვირის წინ დავასრულეთ. Bubbler-ის ოფიციალურ გაშვებამდე, დავიწყეთ Concierge MVP-ის ტესტირების პროცესი, განვახორციელეთ ათობით სხვადასხვა სპორტული თუ შემეცნებითი სახის ღონისძიება, სადაც ადამიანებს მსგავსი თუ საერთო ინტერესის გარშემო ერთმანეთის გაცნობის საშუალებას ვაძლევდით. ამ ეტაპზე, პლატფორმა საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და გაშვების დღიდან უკვე 1500-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს, რომელთა დიდი ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში იყენებს Bubbler-ს. ჩვენთან ამჟამად 120-ზე მეტი გაზიარებული აქტივობა და 85-ზე მეტი, ე.წ. აქტივობის "ბაბლია" შექმნილი, რისი დახმარებითაც, ადამიანები სისტემატურად უკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობის გარშემო და ერთად ახორციელებენ მათ", − აცხადებს ლუკა.

თავდაპირველად, Bubbler სტუდენტებისათვის უცხო გარემოში მოხვედრისგან შექმნილი დისკომფორტის დაძლევისა და მათთვის სოციალური წრის გაფართოების მიზნით შეიქმნა. პლატფორმაზე მომუშავე გუნდს სამიზნე აუდიტორიად, საწყის ეტაპზე ამერიკული კოლეჯები და მათი სტუდენტები ჰქონდა მოაზრებული. დამფუძნებლებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად ჰობი ან სხვა სახის პერსონალური აქტივობები აერთიანებთ. როდესაც თუნდაც უცხო ადამიანებთან ერთად რაიმე საინტერესოთი ხარ დაკავებული და ერთმანეთს დადებით ემოციებს უზიარებთ, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება გაცილებით მარტივად და ძალდაუტანებლად ხდება. სწორედ საერთო ინტერესების გარშემო ადამიანების გაერთიანების მიზნით შეიქმნა პლატფორმა Bubbler, რომელიც საკუთარი პროდუქტის ძირითადი ღირებულებების ტესტირებას საქართველოში იწყებს, თუმცა სამიზნე ბაზრებად ისეთ ევროპულ ქვეყნებს მოიაზრებს, სადაც ბევრი ახალგაზრდა იცვლის საცხოვრებელ ადგილს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის სწავლის, მუშაობის და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან, Bubbler-მა დაიწყო აქტიური თანამშრომლობა "კავკასიის უნივერსიტეტთან", რომლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები პლატფორმის სტაჟიორები გახდნენ და თავიანთი ფინალური პროექტები ამ პლატფორმასთან მუშაობის ფარგლებში შეასრულეს. გარდა ამისა, Bubbler-მა "მედიალაბთან" და "ფენიქსთან" თანამშრომლობით, დაიწყო არაფორმალური Tech meetup-ების სერია, სადაც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს გასართობი აქტივობებით ერთმანეთის გაცნობის, იდეების გაცვლისა და სტარტაპებისთვის თანადამფუძნებლების პოვნის შესაძლებლობა ეძლევათ.

როგორც ლუკა გვიამბობს, Bubbler-ის მიმართ ინტერესი გამოხატა რამდენიმე მსხვილმა ევროპულმა და ამერიკულმა აქსელერატორმა, რომელთაგანაც პლატფორმას უკვე კონკრეტული შემოთავაზებებიც კი აქვს მიღებული. დღეის მდგომარეობით, კონფიდენციალურობის დაცვის გამო, აქსელერატორთა სახელები უცნობია, თუმცა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, Entrepreneur-ის მკითხველი ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ