Black Friday Sale! 50% Off All Access

12 რეალური გზა პირველი მილიონის საშოვნელად მილიონერთა ექსკლუზიური კლუბის წევრი ისე გახდებით, რომ არც ლატარეაში მოგება დაგჭირდებათ და არც რაიმე ფონდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

მილიონის შოვნა მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს შეუძლებელი, სინამდვილეში ეს იმაზე რეალურია, ვიდრე ფიქრობთ. მილიონერთა ექსკლუზიური კლუბის წევრი ისე გახდებით, რომ არც ლატარეაში მოგება დაგჭირდებათ და არც რაიმე ფონდი.

ბუნებრივია, თქვენს წლიურ შემოსავალს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხელფასზე მნიშვნელოვანი ფულის განაწილებაა. თუ სწორად დაგეგმავთ დანახარჯებს და ინვესტირებაზე დაფიქრდებით, ქონებას მილიონამდეც გაზრდით და მეტადაც.

მიზნის მისაღწევად მსხვერპლის გაღებაც მოგიწევთ, მაგრამ ფინანსური დამოუკიდებლობის განცდა გასაოცარი გრძნობაა. თუ ნამდვილად გადაწყვეტთ მილიონერობას, პირდაპირ მოქმედებაზე გადადით. თამაშის გეგმა შეადგინეთ, ეს 12 - ან რამდენიმე მაინც - რჩევა გამოიყენეთ, ცხოვრების სტილი შეიცვალეთ და პირველ მილიონსაც მიიღებთ.

მოგების ზღვარი მხოლოდ ბიზნესში არ არის, თქვენც გეხებათ. საკუთარ შემოსავალსა და დანახარჯებს შორის ზღვარი გაზარდეთ და ზუსტად ისე მიიღებთ მოგებას, როგორც ბიზნესში ხდება. რაც მთავარია, ეს თანხა გამოიყენეთ შორს მიმავალი ფინანსური გეგმების მისაღწევად.

მილიონი რომ იშოვოთ, დანაზოგი 5%-დან 15%-მდე უნდა გაზარდოთ. გაფრთხილებთ, ახლანდელი ხარჯების გადადება მომავალი ფინანსური წარმატების სანაცვლოდ საკმაოდ რთული იქნება. და მაინც, თუ ოჯახის ორ წევრს აქვს შემოსავალი, ერთით უნდა იცხოვროთ, მეორე კი შეინახოთ და ინვესტირებისთვის გადადოთ.

"10 მილიონით დაიწყეთ"

მართალია, ეს ხუმრობაა, მაგრამ კარგად გამოხატავს, როგორ გვატყუებს ჩვენი გონება არასწორი ინვესტირებისას. არაფერს მიაქციო ყურადღება, არც შინაგან ხმას, მეტი გაიგე ინვესტირებაზე, გეგმა შეადგინე და მიჰყევი.

ჩვენი მოწინააღმდეგე ზოგჯერ ჩვენივე ფსიქოლოგიაა. სინამდვილეში, ინვესტირების გზით მილიონის შოვნა ძნელი ნამდვილად არ არის, თუ ამ საქმეს ახალგაზრდა ასაკში შეუდგებით და ფსიქოლოგიურ ხაფანგებსაც გვერდს აუვლით.

ინვესტიციებით ნუ ივაჭრებთ, საიმედო საინვესტიციო გეგმა შეადგინეთ, ფული რომელიმე საშუალო ბიზნესში დააბანდეთ და დროთა განმავლობაში მილიონერი გახდებით. ვინც მხოლოდ ყიდულობს და ფლობს ხშირად უფრო მეტს იგებს, ვიდრე ვინც ყიდის და ყიდულობს.

ენთუზიაზმი ბიზნესად აქციეთ

თუმცა, მხოლოდ ენთუზიაზმი პირველ მილიონს ვერ მოგიტანთ − იღბალი და მოქნილობა აუცილებელია. მოძებნეთ, რაც ნამდვილად მოგწონთ, ამ სფეროში ავტორიტეტი გახდით და ის ბიზნესად აქციეთ. უზომოდ ბედნიერად იგრძნობთ თავს და, სავარაუდოდ, ძალიან წარმატებულიც იქნებით.

ამის ნათელი მაგალითია Chipotle-ს ისტორია. კომპანიის დამფუძნებელმა სტივ ელსმა 1993 წელს დაამთავრა კულინარიული სკოლა. იგი მაღალი კლასის რესტორნის გახსნაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა. მამისგან მცირეოდენი თანხა ისესხა, პირველი Chipotle გახსნა და თავისი საოცნებო ექსკლუზიური რესტორნისთვის ფულის შეგროვებას შეუდგა. პირველ თვეს 1000 ბურიტო (მექსიკური ცხარე კერძი, ლავაშში გახვეული ხორცი და ბოსტნეული) გაყიდა. შემდეგ კი კულინარიის სიყვარული ელიტური რესტორნიდან სიმდიდრისკენ მიმავალ წარმატებულ გზად აქცია, რაც Chipotle-ს მექსიკური გრილ-რესტორნების ქსელით მოახერხა.

არ გაგიკვირდეთ, თუ ამ გზაზე მარცხსაც იწვნევთ და წინაღობებიც შეგხვდებათ. რაც მთავარია, მილიონი დოლარის იდეაზე უარი არაფრით თქვათ.

ინვესტირება ადრე დაიწყეთ

გამდიდრება მათემატიკის თემაა. დადგენილია, რომ წლების განმავლობაში საფონდო ბაზარზე ინვესტირება და დივიდენდების რეინვესტრება ფულის დაგროვების აუცილებელი პირობაა. ამან შესაძლოა მილიონერადაც გაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრაც, თუ რამდენის ინვესტირება სჯობს, რომელ ფონდებში და რა ვადით. უბრალო კალკულატორით შეგიძლიათ გამოთვლა, რა თანხის ჩადება სჯობს, რამდენი ხნით და როგორი მოგებით. ასეთი კალკულატორიც არსებობს, ტოდ ტრესიდერმა გამოიგონა, ერთ-ერთი ვებსაიტის ფინანსურმა მრჩეველმა. მაგალითად, თუ თვეში 500$-ს დააბანდებთ რომელიმე ფონდში და მოგება, საშუალოდ, 7%-ია, 2%-იანი ინფლაციის პირობებში, მილიონერი 36 წელიწადში გახდებით.

თუ 25 წლის ასაკში დაიწყებთ, მილიონერი 61 წლის იქნებით, თუ უფრო გვიან, მეტი ეკონომია და ინვესტირება დაგჭირდებათ; როცა სხვა ფონდებში დაბალი პროცენტია, დაბალი საპროცენტო მოგების კომპენსაციისთვის 1000 დოლარით მეტი უნდა ჩადოთ. მოკლედ, მთავარია, ზოგად და სავსებით ლოგიკურ პრინციპებში გაერკვეთ და დასახულ გზას არ გადაუხვიოთ.

მოთმინება იქონიეთ

არ აქვს მნიშვნელობა, რა გზას აირჩევთ, გამდიდრებას დრო სჭირდება. ფულის დაგროვება საფონდო ბაზარზე წლობით ინვესტირებას მოითხოვს, რადგან ბიზნესის დაწყება და მისი გაძღოლა ერთ ღამეში არ ხდება. ფინანსური ზრდა შემდეგ წლებში მოდის. პირველი მილიონის გამომუშავებას, მეორესთან შედარებით, გაცილებით მეტი დრო სჭირდება, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სამშენებლო ბიზნესს ეხება საქმე თუ წლების განმავლობაში ფულის დაზოგვას. თავდადებით იშრომეთ და მშვიდად ელოდეთ, გეგმას არ გადაუხვიოთ და, რაც მთავარია, არ შედრკეთ! შეემზადეთ პირველ ხანებში ნელი ზრდისათვის, საკუთარი ბიზნესის მართვას სირთულეები და წინააღმდეგობები ახლავს, თუმცა სიმდიდრისკენ სვლაში ამან ხელი არ უნდა შეგიშალოთ. მილიონისკენ მიმავალ გზაზე თქვენი ყველაზე დიდი მტრები არიან შიში და მოუთმენლობა.

უძრავ ქონებაში ინვესტირება

უძრავ ქონებაში ინვესტირება დიდი ხანია გამდიდრების საშუალებად იქცა. გაცილებით ადვილია გარეუბანში ინვესტირება, სადაც ცხოვრება ნაკლები ჯდება. უძრავი ქონებით რომ გამდიდრდეთ, საკმარისია, ეკონომია ისე გაწიოთ, რომ უძრავი ქონების იჯარის პირველადი შესატანის დაფარვა შეძლოთ. ანგარიშებს გადაიხდით და როცა ნაღდი შემოსავლები გადასახადებს გადააჭარბებს, ფული თქვენს საბანკო ანგარიშზე დარჩება. იპოთეკას დროთა განმავლობაში დაფარავთ და ბოლოს, ერთ ღამეში, უძრავი ქონების მფლობელი გახდებით. შესაძლოა, ერთი უძრავი ქონებით დაიწყოთ და ეს იმდენჯერ გაიმეოროთ, ვიდრე მილიონამდე არ ახვალთ.

შეიცვალეთ ცხოვრების სტილი

ნუ დაიჯერებთ მითს, რომ მილიონერები ბევრს ხარჯავენ და ფუფუნებაში ცხოვრობენ. გასაოცარია, მაგრამ იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ძვირადღირებულ სახლებში ცხოვრობს და ასეთივე მანქანებით დასრიალებს, არც ისე მდიდარია. კიდევ უფრი გასაოცარი ის არის, რომ ბევრი ფულის მფლობელები სულაც არ ცხოვრობენ განსაკუთრებულ უბნებში. ყველაზე დიდ ქონებას ის ხალხი აგროვებს, ვინც ეკონომიას ეწევა და, წარმოიდგინეთ, მომჭირნე ცოლი ჰყავს. შემოსავალსა და გასავალს შორის ზღვარი ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გამდიდრებას სწავლობს. ამას ვერ მოახერხებთ, თუ რასაც შოულობთ, ყველაფერს ხარჯავთ, ან კიდევ უარესი − შემოსავალსაც აჭარბებთ.

მარცხზე არ იფიქროთ

თუ პირველი მილიონის შოვნას აპირებთ:

  • არ იფიქროთ, რომ ვინმეს თქვენი რაიმე მართებს;
  • უშრომელად არაფერი მოდის;
  • სამომხმარებლო სესხი არ აიღოთ. თუ იმდენი ფული არ გაქვთ, რომ რაღაც იყიდოთ, ის არ გჭირდებათ;
  • ყურადღება არ მოადუნოთ. თუ თქვენი მიზანი გამდიდრებაა, ყველა დაბრკოლება გადალახეთ;
  • განათლება მნიშვნელოვანია. ისწავლეთ, რომ თქვენს ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ;
  • დამატებით სამუშაოზე უარი არ თქვათ;
  • თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც ყელამდე ვალებშია ჩაფლული;
  • არ დაივიწყოთ სხვა ადამიანები − რასაც გასცემთ, უკან დაგიბრუნდებათ.

თუ გინდათ, ისწავლოთ, როგორ იშოვოთ პირველი მილიონი, უკეთესია, ზრუნვა ახალგაზრდობიდან დაიწყოთ და მოთმინებით აღიჭურვოთ. ასევე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი სიამოვნებით აკეთოთ, რადგან, იდეალურ შემთხვევაში, ამ მიზნის შესრულების არსი სწორედ ეს არის.

რაიმე გამოიგონეთ

თუ მართლა ძალიან ბევრი კარგი იდეა გაქვთ, საუკეთესო შეარჩიეთ და ფულად აქციეთ. არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტი იქნება ეს თუ მომსახურების სფერო, მთავარია, ადამიანებმა მასში ფული არ დაინანონ.

მაგალითად, Spanx-ის დამფუძნებელი სარა ბლეიკელი ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი გახდა - მან თეთრ შარვალზე ჩასაცმელი ქვედა საცვლები გამოიგონა. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 1.04 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Beanie Babies'-ის შემქმნელმა ტაი უორნერმა ქონება ცხოველების ფიტულების იმპერიით დააგროვა. მან გონივრულად შექმნა ძვირადღირებული პროდუქციის ხაზი, რომელსაც შეზღუდული რაოდენობით ყიდდა. ამან საქონელი ძალიან პოპულარული გახადა. Dakin Toy Company-ის ქონების ღირებულება, Forbes-ის მიხედვით, 2.7 მილიარდი დოლარია.

იქნებ თქვენც რაიმე ისეთი გამოიგონოთ, რაც ბევრს გადაუჭრის პრობლემას, ან ხალხს გაართობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანები მზად არიან, ფული გადაიხადონ იმაში, რაც ცხოვრებას გაუუმჯობესებთ.

გაზარდეთ თქვენი მემკვიდრეობა

თუ ბედმა საჩუქრად მემკვიდრეობა გარგუნათ, გონივრულად გაანაწილეთ ის, ამით მხოლოდ მოიგებთ. მართალია, ფულის დახარჯვის ცდუნება არსებობს, მაგრამ მაინც ინვესტირება სჯობს. პროფესიონალი ბიზნესმრჩევლის დახმარებით, ზუსტად შეძლებთ, შექმნათ საკუთარი ასაკისთვის შესაფერისი აქტივების განაწილების სტრატეგია. ეს დამოკიდებული იქნება გარისკვაზეც და ფულის ინვეტირების ვადებზეც. ცხადია, ამგვარი მიდგომა არ არის უნივერსალური და პროფესიული ინსტრუქციები აუცილებელია.

თანხა მნიშვნელოვნად მოიმატებს, თუ მას უახლოესი 10 წელი არ შეეხებით. გარდა ამისა, ფულის ინვესტირება მოგცემთ მისი გაზრდის საშუალებას და პროცენტებითაც ისარგებლებთ. მარტივია, არა? ახლა მთავარია, მემკვიდრეობა მიიღოთ და საქმეს შეუდგეთ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ