Get All Access for $5/mo

Emorb - ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდამჭერი უმსხვილესი ქართული NFT-პროექტი კალიფორნიიდან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სულ ახლახან, Entrepreneur-ისთვის ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიაში, "სილიკონ ველიში" მცხოვრები ქართველი ანტრეპრენერი, ირაკლი მიქიაშვილი (სოციალურ ქსელებში ცნობილი, როგორც Mikey Villy), უმსხვილეს ქართულ NFT-პროექტზე Emorb მუშაობს, რომელიც თავის ძირითად საქმიანობაში წარმატების მიღწევასთან ერთად, საქართველოში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. საუბარია დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობის დახმარებაზე, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა (ერთ-ერთი ბენეფიციარი იქნება პროექტი Supergmiri.ge) და მკერდის სიმსივნესთან მებრძოლი ქართველი ქალებისათვის (გიგა ჭიკაძის ფონდი KnockOutCancer).

ამ პროექტის შესახებ მეტი დეტალის დასადგენად, Entrepreneur ირაკლი მიქიაშვილს (Mikey Villy) ესაუბრა.

"ჩვენი პროექტი არის Emotion Orbs − Emorbs. Emorb არის სფეროსებრი სხეული, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა ემოციას. კოლექციაში იქნება 7777 უნიკალური NFT, რომელიც სხვადასხვა ემოციითა და ვიზუალით წარდგება საზოგადოების წინაშე. გადავწყვიტეთ, ეს პროექტი მთლიანად საქართველოს მივუძღვნათ და ვაქციოთ ქართულ პროექტად. ავიყვანეთ რამდენიმე ქართველი Community-მენეჯერი და ვაპირებთ ქართული საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდაჭერას", − აცხადებს ირაკლი მიქიაშვილი, − "გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში შევქმენით არხი (იხილეთ ბმული), სადაც პასუხს გავცემთ ნებისმიერ შეკითხვას NFT-სამყაროსთან დაკავშირებით, ქართულად ან/და ინგლისურად და დავეხმარებით ქართულ პროექტებს წარმატების მიღწევაში. ასევე, ამ სფეროს მარტივად აღსაქმელად დაიდება ვიდეოგაკვეთილებიც. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია. დაახლოებით ორი თვეა, რაც პროექტზე ვმუშაობთ და მის გაყიდვაში ჩაშვებას მომდევნო 30-45 დღეში ვგეგმავთ. ხარისხიანი NFT-პროექტის შექმნა ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ზუსტ თანხებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ დიდი, ხარისხიანი და ტექნოლოგიურად გამართული NFT-პროექტები დიდ თანხებთან არის ასოცირებული. NFT-სამყაროში ყველა ინფორმაცია ღიაა საზოგადოებისთვის და როდესაც პროექტი ჩაეშვება, ყველას შეეძლება ნახოს ზუსტი თანხა და ყველას აქვს უფლება მოითხოვოს ანგარიში, თუ პირნათლად შევასრულეთ ჩვენი პირობა".

ირაკლი მიქიაშვილი (Mikey Villy) 10 წელია რაც კალიფორნიაში, "სილიკონ ველიში" ცხოვრობს. იგი გაყიდვების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია და სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა რამდენიმე მსხვილი კორპორაციის გაყიდვების დეპარტამენტებს. ირაკლი დაახლოებით ათი წელია, რაც აქციებისა და კრიპტოვალუტების ვაჭრობითაა დაკავებული, ხოლო უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, იგი Angel-ინვესტირებით დაინტერესდა და სხვადასხვა ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. "2020 წლიდან ჩავერთე NFT-სამყაროში და დავიწყეთ პროექტებზე მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიყავით NFT-ის ერთ-ერთი პირველი მიმღებები (Early Adopters). ამ ეტაპზე, გაყიდული გვაქვს 20,000-მდე NFT, სამი დიდი პროექტი სრულად ამოიყიდა და ვარ რამდენიმე დიდი პროექტის თანამონაწილე", − ირაკლი მიქიაშვილი.

გარდა ამისა, ირაკლი გახლავთ კომპანიების − Level Up Silicon Valley და Cheesy California დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტის გუნდს, ეს გახლავთ ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რომელიც აერთიანებს: უნიჭიერეს ქართველ მხატვარსა და გრაფიკულ დიზაინერ ზუკა კობახიძეს; წარმატებულ DJ-სა და "კრეატორს", Web 3.0 მარკეტინგის სპეციალისტს, NFT-სივრცეში ძლიერი პორტფოლიოს მქონე Goshfather-ს და კინემატოგრაფ-რეჟისორს, კრიპტოინვესტორს ლოს ანჯელესიდან − ალექსი პაპალექსოპულოსს.

"უახლოეს გეგმაში არის ძალიან ბევრი პროექტი. ამჟამად ვმუშაობთ შვიდ სხვა პროექტზეც, რომლისთვისაც აქტიურად ვეძებთ დეველოპერებს, დიზაინერებს, ა.შ. რადგან გვინდა საქართველოში ეს სფერო მაქსიმალურად განვავითაროთ და დაინტერესებულ ადამიანებს პროექტების სწორად მართვა ვასწავლოთ", − ამბობს ირაკლი მიქიაშვილი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე