ილონ მასკი სიმდიდრით კვლავ პირველი ადამიანია მსოფლიოში Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ილონ მასკის პირადმა კაპიტალმა 223 მილიარდი დოლარი შეადგინა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულ ახლახან, ინვესტორებთან მიღწეული შეთანხმების წყალობით, SpaceX-ის საბაზრო ღირებულებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რამაც მასკის დამატებით 10,6 მილიარდი დოლარი მოუტანა.
ჯეფ ბეზოსი, Amazon.com-ის დამფუძნებელი, ამ დროისათვის მეორე ადგილს იკავებს ცნობილ რეიტინგში 191,6-მილიარდიანი ქონებით.
ილონ მასკის ქონების დაახლოებით ¾ Tesla-ს წარმატებაზეა დამოკიდებული და მისით საზრდოობს. შეგახსენებთ, რომ მასკი Tesla-ს 2003 წელს ჩაუდგა სათავეში, ხოლო მანამდე, ცნობილი ელ.კომერციის პლატფორმა PayPal მიჰყიდა eBay-ს, რითაც პირველი მილიარდის გამომუშავება მოახერხა.
Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა საკუთარი ქონება მიმდინარე წელს უკვე 742 მილიარდით გაამრავლა. თუმცა, ულტრამილიარდერთა სწრაფად მზარდი ქონების ფონზე, მასკი ყველასგან გამორჩეულ და მიუწვდომელ ორბიტაზე მოძრაობას განაგრძობს.
2021 წელს ჯეფ ბეზოსის ქონება პრაქტიკულად არ შეცვლილა, ვინაიდან Amazon-ის აქციებს კორონავირუსული გამოწვევები საკმაოდ მტკივნეულად შეეხო. რაც შეეხება ბილ გეიტსს, მისი აქტივები მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით მეუღლესთან განქორწინების შემდეგ. კიდევ ერთი მდიდარი ადამიანის, მარკ ცუკერბერგის ქონება კი 6,8 მილიარდი დოლარით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას Facebook-ი და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა პლატფორმა რამდენიმე საათით მთელ მსოფლიოში გაითიშა.