Get All Access for $5/mo

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

როდესაც პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა გაჩერდა, ბიზნესებმა მუშაობა შეწყვიტეს და დასაქმებულებს სამსახურების დატოვება მოუწიათ, ადამიანების ნაწილმა გადაწყვიტა არ შეგუებოდა ბედს და თავი სრულიად განსხვავებულ სფეროში ეცადა.

ქაბი ლამე, იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ პურის ფულის შოვნაზე ფიქრობდა, ახლა კი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ბლოგერია. ამ ბიჭს ალბათ ყველა იცნობს, ვინც მეტ-ნაკლებად ხშირად სარგებლობს ამა თუ იმ სოციალური ქსელით. ლამეს 120 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს TikTok-ზე, თუმცა ექსპერტთა აზრით, მას საკმაო პოტენციალი გააჩნია საიმისოდ, რომ ამ პლატფორმის ლიდერის, ჩარლი დამელიოს გადასწრება შეძლოს.

ქაბი ლამე TikTok-ის "ჩუმი" ფენომენია. იგი საკუთარ ვიდეოებში ფაქტობრივად არ ლაპარაკობს. ამის მაგივრად, ლამე დამცინავი გამომეტყველებით უყურებს ე.წ. "ლაივჰაკებს" და საკუთარ აუდიტორიას იმავე ამოცანების ამოხსნის გაცილებით მარტივ ვარიანტებს სთავაზობს. და მაინც, როგორ იქცა ქაბი სოც. ქსელების ახალ ვარსკვლავად?

ქაბი ლამე წარმოშობით სენეგალიდანაა. როდესაც მას ერთი წელი შეუსრულდა, ოჯახი რთული მატერიალური მდგომარეობის გამო იტალიაში გადასახლდა. ქაბიმ ბავშვობა ტურინში გაატარა და სკოლაც იქ დაამთავრა. სწავლის გასაგრძელებლად ლამეს ოჯახს ფინანსური სახსრები არ გააჩნდა, ამიტომ საშუალო განათლების ატესტატით ხელში მან მუშაობა ტურინთან ახლოს არსებულ ქარხანაში დაიწყო.

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, საწარმო, რომელშიც მომავალი ბლოგერი მუშაობდა, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიკეტა. ბევრი სხვა მუშის მსგავსად, ლამემაც დაკარგა სამსახური. იგი დიდხანს ფიქრობდა რისი კეთება შეეძლო და გადაწყვიტა საკუთარი თავი ბლოგერად მოესინჯა.

TikTok-ზე განთავსებულმა პირველმა მინი-ვიდეოებმა ახალბედა ბლოგერს წარმატება ვერ მოუტანეს, თუმცა ლამე არ გაჩერებულა და ექსპერიმენტები განაგრძო. 2021 წლის დასაწყისში მან გადაიღო რამდენიმე კლიპი, სადაც იგი საზოგადოებას უზიარებდა საკუთარ დამოკიდებულებას ვირუსული სარეკომენდაციო ვიდეოების მიმართ. ქაბის ყველა ვიდეოს ერთნაირი ფინალი აქვს - იგი იღებს იმედგაცრუებულ გამომეტყველებას და სარკასტული ღიმილით შლის ხელის მტევნებს, რითიც ვიდეო-გაკვეთილების ავტორების მიმართ ირონიულ დამოკიდებულებას გამოხატავს.

ასეთი ჩანაწერების კეთება საკმაოდ მარტივი, ხოლო ტექსტის არარსებობის გამო, ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკე ადამიანისთვის მარტივად აღსაქმელი და გასაგები აღმოჩნდა. მისმა ვიდეო-რგოლებმა პოპულარობის პიკს გასული წლის აპრილში მიაღწიეს. გამომწერებმა დაიწყეს ლამეს ვიდეოების ვირუსულად გაზიარება, სხვადასხვა სოც.ქსელებში გამოქვეყნება და აქტიური განხილვა არაერთ პლატფორმაზე. გასული წლის აპრილში ლამეს არხს 10 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ხოლო მაისის დასაწყისში, მათი რიცხვი უკვე 30 მილიონს აჭარბებდა. ბლოგერს კარგად იცნობენ ევროპაში, თუმცა მისი აუდიტორია ძირითადად აშშ-სა და ბრაზილიის მოქალაქეებს შეადგენს. ქაბის სამშობლოში (სენეგალი) უდიდეს პატივს სცემენ და ამაყობენ თავიანთი თანამემამულის წარმატებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერი უკვე 20 წელია იტალიაში ცხოვრობს და თავს ნამდვილ იტალიელს უწოდებს, მას ჯერჯერობით სენეგალის მოქალაქეობა აქვს, რაც მის კარიერულ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. რომ არა ეს ბიუროკრატიული ფაქტორი, დღეს ქაბი უკვე პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ბლოგერი იქნებოდა.

ამჟამად, ქაბი ლამეს ქონება $5 მილიონზე მეტადაა შეფასებული. იგი ელოდება იტალიის მოქალაქეობის მიღებას, რაც გზას გაუხსნის ევროპის სხვა ქვეყნებსა და აშშ-ში კარიერის გასაგრძელებლად. 21 წლის "ჩუმი" მილიონერის ოცნებაა, რომ საკუთარი მშობლებისათვის უზრუნველი და უდარდელი სიბერე უზრუნველყოს, რასაც ასეთი მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით, აუცილებლად მოახერხებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!