ქართული, სერტიფიცირებული სადეზინფექციო კარადა, რომელმაც ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა პროდუქტის პირველი ვერსია გაგუას კლინიკაში უკვე 1 კვირაზე მეტია სატესტო რეჟიმში წარმატებით ფუნქციონირებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
COVID-19-ის წინააღმდეგ რეაგირების პირობებში სადეზინფექციო კარადის შექმნის ინიციატივა წამოვიდა მაღალტექნოლოგიური ქართული საწარმოსგან, KAYA-ს გუნდისაგან, რომელმაც Edison Tech Solutions-თან გაერთიანებით დაიწყო მუშაობა ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელში გავლის შემდეგაც ადამიანის სხეულზე არსებული ვირუსები განადგურდებოდნენ.
საქართველოში მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა საკმაო ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ორი გუნდის გაერთიანებით მიზნის მიღწევა გამარტივდა - საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს KAYA-ს ქარხანა, სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კონსტრუქციის, მოწყობილობის და ობიექტის შექმნა, ხოლო Edison Tech-ის გუნდს კი შეუძლია ამ მოწყობილობას ტვინი შეუქმნას და ყველაფრის მართვა მოახდინოს.
ამ ორი საქართველოში არსებული მწირი რესურსით დაიბეჭდა კარკასი, მოხდა სპეციალური ავზების მოდელირება/შექმნა, დაბოლოს, პლატის დიზაინის შემუშავება, დაპროგრამება და საბოლოო პროდუქტის მიღება. სწორედ ამ ყველაფრის გაერთიანებით, შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც არის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო-ს მიერ სერტიფიცირებული, როგორც ყველა იმ სტანდარტის დამაკმაყოფილებელი ტექნოლოგია, რაც ამერიკაში არსებობს.
როგორც Edison Tech-ის დამფუძნებელი, გივი ბერიძე აღნიშნავს, ორივე კომპანიის მიზანი ერთია, რომ გაუმარტივდეს ადამიანებს ცხოვრება და ტექნოლოგიურად ავტომატიზირებული გახდეს პროცესები, რომლების განსახორციელებლად დღეს ექიმები თუ სხვა პირები დიდ დროს ხარჯავენ: "სასუნთქი აპარატისა თუ სადეზინფექციო კაბინის დახმარებით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ინფიცირებისა და ვირუსების გავრცელების რისკი. უფრო ზოგადად კი, ჩვენი მიზანია საქართველოში ის ტექნოლოგიები და პროდუქტები შევქმნათ, რომლის ქვეყანაში იმპორტირება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული".
სადეზინფექციო კარადის ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი მარტივად გასაგებია, მაგრამ რეალურად კომპლექსურია. კაბინაში შესვლისას ადამიანი კვეთს სპეციალურ სენსორებს, რომელიც რთავს კომპრესორს და სპრინკლერებიდან ხდება ძალიან მცირე ნაწილაკებად სპეციალური სპრეის გამოფქრვევა, რომელიც არ აზიანებს კანსა და თვალს. ამ ნაწილაკებით იფარება ადამიანის მთელი სხეული, რაც აზიანებს ვირუსს და კლავს მას. გარდა ამისა, ქმნის დამცავ გარსს გარკვეული პერიოდის მანძილზე.
გუნდმა პროდუქტის პირველი ვერსია გაგუას კლინიკაში დაამონტაჟა, სადაც უკვე 1 კვირაზე მეტია იტესტება პროდუქტი და წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანიების საბოლოო მიზანი დეზინფექციისა და სიცხის გაზომვის სრულად ავტომატიზირებას წარმოადგენს, ეს კაბინა კი სრულად გააკეთებს ყველა საჭირო პროცესს, რადგან მას აქვს სიცხის გაზომვის ფუნქცია, რიგების მართვის ფუნქცია, დეზინფექციის ფუნქცია და ა.შ.
სულ მალე პროდუქტის გამოჩენას უნდა ელოდოთ ნებისმიერ ქარხანაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, სუპერმარკეტებში და ა.შ. როგორც გუნდი აღნიშნავს, COVID-19 არსად არ აპირებს უახლოეს მომავალში წასვლას და, რომც წავიდეს, ფაქტია, რომ ცხოვრების ეს წესი, მუდამ ხელებისა და ტანსაცმლის დეზინფიცირება, რასაც ამ ვირუსმა შეგვაჩვია, ძალიან კარგია და ბევრი სხვა ვირუსისგანაც დაგვიცავს. შესაბამისად, სადეზინფექციო კაბინა აქტუალურობას არასდროს დაკარგავს.