კორონავირუსის პანდემია ციფრული ეკონომიკის წინააღმდეგ: სირთულეები და შესაძლებლობები იმ დროს, როდესაც კორონავირუსის პანდემია გარკვეულ სფეროებში ბიზნესრისკს ქმნის, სხვა სფეროებში შესაძლებლობებს გთავაზობთ. მთავარია, არსებული შესაძლებლობების შესწავლისას, პოტენციური საფრთხეების გაცნობიერება არ დაივიწყოთ.
By ჯად ჰინდი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანიები თავიანთ კარს ხურავენ, მთავრობები მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, და ამ დროს, კორონავირუსმა მთელ მსოფლიოზე მოახდინა დიდი გავლენა. კომპანია MRM-ში, სადაც ვმუშაობ, შინიდან მუშაობის რეჟიმზე გადავედით. ჯერ კიდევ ვმუშაობთ ჩვენს პროექტებზე და საკუთარი კლიენტებისთვის მიცემულ დანაპირებსაც ვასრულებთ. მაგრამ შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით დიდი პრობლემები აქვთ კომპანიებს, რომლებიც მარკეტინგსა და რეკლამაზე არიან დამოკიდებულნი.
რამდენიმე ხმამაღალი მარკეტინგული ღონისძიება კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაუქმდა ან გადაიდო, მათ შორის, World Congress Barcelona, Facebook's Global Marketing Summit-ი, F8 conferences, SXSW-ი, Salesforce Dubai Basecamp-ი და სხვები. სამწუხაროდ, ბევრი კომპანია ამ ფულის დაბრუნებას ვერასოდეს შეძლებს, მაგრამ შესაძლოა, მარკეტოლოგებს პანდემიის დროსაც კი ჰქონდეთ კარგი პერსპექტივები.
ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა
ანალიტიკოსების აზრით, Google-ს პირველ კვარტალში 15 პროცენტით შეუმცირდება შემოსავლები, რომელსაც ტურისტული მოგზაურობების რეკლამებით იღებდა, ხოლო მეორე კვარტალში, წლიური გაანგარიშებით, 20 პროცენტით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო. მიუხედავად ამისა, კარგი ახალი ამბებიც გვაქვს. ამის პასუხად, ყველას არ მიაჩნია სწორად ბიუჯეტის შეკვეცა.
ტიმ ჯენსენმა, Clix Marketing-ის სარეკლამო კამპანიების მენეჯერმა, თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა Search Engine Land-ზე: "სავაჭრო გამოფენების სქემა იცვლება და ზოგიერთები სხვა გზებს ეძებენ თავისი გაყიდვების არხების შესავსებად. მე ახლახან ველაპარაკე კლიენტს, რომელიც ხედავს, თუ რამდენი სავაჭრო გამოფენა გადაიდო და ამიტომ, მეტის დაბანდება სურს ციფრულ ტექნოლოგიებში, რათა დაკარგული ლიდების კომპენსაცია შეძლოს, რომლებსაც ისინი ჩვეულებრივ ღონისძიებებზე აგროვებენ.
კიდევ ერთი მარკეტინგული ცვლილება ვირტუალურ ღონისძიებებზე გადასვლაა. თვით Microsoft-მაც კი გადაწყვიტა თავისი წლის ყველაზე მასშტაბური მოვლენა − Build-ის დეველოპერების კონფერენცია, ვირტუალურ ღონისძიებად ექცია. ეს ტენდენცია შესაძლებლობაა ვირტუალური ღონისძიებების ისეთი სტარტაპებისთვის, როგორიც Hopin-ია, რომელსაც ისეთი კომბინაცია აქვს, როგორიცაა Twitch-ის სტილის პირდაპირი ტრანსლაციები, Zoom-ის სტილის ვიდეოკონფერენციები ჯგუფებისთვის და ერთი-ერთზე საუბრებიც.
თვით საბანკო ინდუსტრიაც კი ციფრული ხდება. ამის ერთი მაგალითი, სამხრეთაფრიკული Nedbank-ია, რომელიც უმოკლეს ვადებში გეგმავს თავისი ციფრული სტრატეგიის დანერგვას მთელ აფრიკაში, რადგან კლიენტები უშუალო საბანკო მომსახურებისგან თავს იკავებენ, რათა კორონავირუსით ინფიცირების რისკი შეამცირონ. ბანკის გრძელვადიანი გეგმაა, გაყიდვების 75 პროცენტი ციფრული არხებით განხორციელდეს, ხოლო ყველა მომხმარებლის 70 პროცენტი ციფრულად აქტიური იყოს.
"მაგრამ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა კიდევ უფრო აქტიურად მოხდება", − ამბობს სტიუარტ მაკკეი, Reprise Dubai-ის გენერალური დირექტორი, − ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისია, რომელიც საბედნიეროდ, ნამდვილ ციფრულ ეპოქაში მოხდა. ასეთ ბნელსა და გაურკვეველ დროს, როგორიც დღესაა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა სწრაფად შეძლონ ადაპტირება და ზრდის ახალი შესაძლებლობები გამოძებნონ. საცალო მოვაჭრეებს დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებლის ქცევის ცვლილება ციფრულ ეპოქაში".
პროდუქტების ხაზების, ბიზნესმოდელების, მომხმარებლის მოზიდვისა და გასაღების არხების ოპტიმიზაცია და გამარტივება − ეს ყველაფერი ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის დანერგვით არის შესაძლებელი. მონაცემთა და ტექნოლოგიების გაცილებით ეფექტური გამოყენება მომხმარებელთა გაცილებით ინდივიდუალიზებული მომსახურებისთვის − აი, ეს არის სწორედ ადგილი, ამ ბრძოლის მოსაგებად ან წასაგებად.
ელექტრონული კომერციის შესაძლებლობა
ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში მსხვილმა საცალო მოვაჭრეებმა, როგორებიც არიან Starbucks, Nike, და Apple, დროებით დახურეს თავიანთი მაღაზიები, იმ დროს, როდესაც გაცილებით წვრილმა საცალო მოვაჭრეებმა ძლიერი დარტყმა მიიღეს იმის გამო, რომ საფეხმავლო მოძრაობა შემცირდა. მთელ მსოფლიოში მაღაზიებში აქტივობის შემცირება ელექტრონული კომერციის აქტივობის ზრდას იწვევს. მაგალითად, ჩინეთში მომხმარებლები ონლაინ სასურსათო მაღაზიებს მიმართავენ. ფრანგული საცალო მოვაჭრის, Carrefour-ის მიხედვით, ბოსტნეულის მიწოდება წლიური გაანგარიშებით 600 პროცენტით გაიზარდა მთვარის ახალი წლის პერიოდში. ჩინური JD.com-ის, უმსხვილესი ინტერნეტ საცალო მოვაჭრის ყოველდღიური მოხმარების ნივთების გაყიდვის მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა. სულ უფრო მეტი მომხმარებელი არიდებს თავს გადავსებულ საზოგადოებრივ ადგილებს და ამიტომ უფრო და უფრო ხშირად მიმართავს ინტერნეტმაღაზიებს პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად.
ბუნებრივია, ამან შესაძლოა დაძაბული ვითარება შექმნას კომპანიებში, რომლებსაც გაზრდილი მოთხოვნების ან საწყობში არქონის გამო, ხშირად უწევს პროდუქტის გადავადებული მიწოდება მომხმარებლისთვის. მაგალითად, თუ Amazon-ზე ყიდით პროდუქტებს, უზომოდ მნიშვნელოვანია, ამ პროდუქტების მარაგი არ ამოიწუროს, რომ Amazon-ის ორგანული ძიებისა და რეკლამის ალგორითმებმა არ დაგსაჯონ. თუ პროდუქტი 30-ზე მეტი დღის განმავლობაში არ არის საწყობში, დაბრუნებისას, ისე იქნება განხილული, თითქოს საერთოდ არ ჰქონდეს გაყიდვების ისტორია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცემა საკვანძო სიტყვების მიხედვით, და ძიების შედეგებში გაცილებით ქვემოთ აისახება. ბიზნესის მფლობელთათვის მთავარია საწყობში ჰქონდეთ პროდუქტები და თუ რაიმე შეფერხება იჩენს თავს, მომხმარებელთანაც გამჭვირვალენი იყვნენ.
ელექტრონული სპორტი დეფიციტის შესავსებად
იმ დროს, როდესაც ექსპერტები ვირუსთან საბრძოლველად სოციალური დისტანცირებისკენ მოგვიწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი სფერო, რომელზეც ეს გავლენას მოახდენს, სპორტული ღონისძიებებია. ეს დიდი დარტყმაა მარკეტოლოგებისა და სარეკლამო სააგენტოებისთვის, დაკარგული ბილეთების გაყიდვისა და შემოსავლების მხრივ რეკლამიდან. ერთი დღის განმავლობაში, შეერთებული შტატების ყველა მთავარმა სპორტულმა ლიგამ თავისი ოპერაციები შემდეგი რამდენიმე კვირით შეაჩერა მზარდი პანდემიის საპასუხოდ. ელექტრონული სპორტი ყველაზე მეტად კორეის ჩემპიონთა ლეგენდების ლიგის (LCK) გაუქმებამ დააზარალა, რადგან სამხრეთ კორეაში კორონავირუსის სულ უფრო მეტი შემთხვევები დადასტურდა.
ამ ამბის მეორე მხარეა ის, რომ კიბერსპორტსაც შეუძლია ჩარევა და ამ დეფიციტის შევსება. მაგალითად, 2020 წლის "ფორმულა 1"-ის სეზონის გახსნა კორონავირუსის აფეთქების გამო გადაიდო, ამავე მიზეზით გადაიდო ავსტრალიის გრანპრი გასული კვირის ბოლოს, და ამის შემდეგ, სულ მოკლე ხანში − რბოლა ბაჰრეინსა და ვიეტნამში. მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი "ფორმულა 1"-ის მრბოლელ ლანდო ნორისისთვის, კიბერსპორტში მიეღო მონაწილეობა. ნორისს, ფეხბურთელ ტიბო კურტუას და ფორმულა E-ს მრბოლელ სტოფელ ვანდორნს კიბერტსპორტის პროფესიონალებთან და YouTube-ის ვარსკვლავებთან ჰქონდათ შეჯიბრი ავსტრალიის ვირტუალურ გრანპრიზე.
ჯო ზოგბი, ელექტრონული სპორტის ექსპერტი, რომელიც Divine Vendetta-ს დამფუძნებელია, ამბობს: "ელექტრონული სპორტი ციფრული სახით დაიბადა, 2020 წელს სულ უფრო მეტი სხვადასხვა არაციფრული ღონისძიებებისკენ გაიკაფა გზა, და ეს ნამდვილად უკანგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ონლაინთამაშების მოხმარება და კიბერღონისძიებების მაყურებელი, როგორც ამჟამინდელ PUBG Mobile PMCO ღონისძიებაზე შევამჩნიეთ, მკვეთრად სწორედ ახლა გაიზრდება".
ამჟამად, კიბერსპორტული ღონისძიებები ცოცხალი გართობის ერთადერთი წყაროა. ახალი ბრბო ყველანაირად შეეცდება მოვლენებში მონაწილეობის მიღებას, და ასე თუ ისე, ბრენდები გაცილებით მეტს შეამჩნევენ და ადრე იქნება თუ გვიან, მიხვდებიან, რომ ამ ეკოსისტემის ნაწილები უნდა გახდნენ". ფეხბურთისა და რაგბისგან განსხვავებით, კიბერსპორტის მრავალ მილიარდდოლარიანი ღირებულების მქონე სამყარო სოციალურ შეკრებებს არ მოითხოვს. ცოცხალი სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია და ამის გამო, შესაძლოა ეს კიბერსპორტისთვის ახალი აუდიტორიის მოზიდვის შანსი იყოს.
ნაკლები კონკურენცია = ბაზრის მეტი წილი
თქვენ ეკონომიკური ვარდნის დროს აღმოაჩენთ, რომ ნაკლები კონკურენტი გეყოლებათ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ გარიგების დადებას შეძლებთ, მაგალითად, რეკლამის გადახდა-დაწკაპუნებაზე. თუ ბაზარი კვლავ გააგრძელებს დაღმასვლას, ბევრი კომპანია ნებისმიერ ფასად დაიწყებს ბრძოლას საკუთარი ვალების დასაფარად, და ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა გაკოტრდნენ, ან ვინმემ გამოისყიდოს, ან კიდევ, მთავრობისგან მიიღონ დახმარება. თუ ნაღდი ფული გაქვთ ხელზე, შესაძლოა, ეს იყოს საუკეთესო დრო სხვა კომპანიების შესაძენად, განსაკუთრებით კი, მედიაკომპანიებისა.
რამდენადაც მეტ ტრაფიკს აკონტროლებთ, მით მეტი ძალაუფლება გექნებათ მომავალში. ნილ პატელს შეხედეთ, Neil Patel Digital-ის თანადამფუძნებელს. როდესაც მან ვებგვერდი KISSmetrics $500 000-ად იყიდა, მათ მილიონზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდათ თვეში. მან ეს გვერდი NeilPatel.com-თან გააერთიანა და თავისი ლიდი 19 პროცენტით გაზარდა, საკუთარი ინვესტიციები კი წელიწადზე ნაკლებ დროში ამოიგო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ახლა გაქვთ ბაზრის წილის მოპოვების შესაძლებლობა.
იმ დროს, როდესაც კორონავირუსის პანდემია გარკვეულ სფეროებში ბიზნესრისკს ქმნის, სხვა სფეროებში შესაძლებლობებს გთავაზობთ. როგორც მარკეტოლოგის, ისე ანტრეპრენერისთვის, მთავარია, არსებული შესაძლებლობების შესწავლისას, პოტენციური საფრთხეების გაცნობიერება არ დაივიწყოთ.