ოთარ ტერტერაშვილი - 21 წლის ზერტელი ბიჭის გზა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის პროგრამისტობამდე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო პავლე მგელაძის პოსტი, სადაც იგი 21 წლის პროგრამისტ ოთარ ტერტერაშვილზე საუბრობს:
"ოთარ ტერტერაშვილი 21 წლის ბიჭია. გორის რაიონში, სოფელ ზერტში დაიბადა. სკოლაში ჩანთით წიგნებთან ერთად შეშა დაჰქონდა. უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია და დიპლომიც არ აქვს. ახლა ის მსოფლიოს ელიტარულ სამეულში შემავალ საკონსულტაციო კომპანია BCG-ს ჩიკაგოს ოფისში მუშაობს პროგრამისტად. სასწაულებს აკეთებს".
რთულია ამ საოცარმა, მამოტივირებელმა ისტორიამ ვინმე გულგრილი დატოვოს. Entrepreneur ოთარს ესაუბრა და გვსურს უკეთ გაგაცნოთ ეს ნიჭიერი და საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდა, რომელმაც გზა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საკონსულტაციო კომპანიამდე დამოუკიდებლად გაიკვალა.
ოთარ ტერტერაშვილი 1999 წელს გორის რაიონის სოფელ ზერტში დაიბადა. მისი ბავშვობა, ალბათ არაფრით განსხვავდებოდა თანატოლების ან კლასელების ცხოვრებისაგან. ზამთარში, ზერტის სკოლის საკლასო ოთახები შეშის ღუმელით თბებოდა. სკოლა შეშის შეძენას ნოემბრამდე ვერ ახერხებდა, ამიტომ, როგორც წესი, სველი და დასანთებად გამოუსადეგარი იყო და მოსწავლეებს შინიდან უწევდათ ნაფოტებისა და ფიჩხის ტარება. "ჩემი კლასელი იყო, ალიკა, და დღემდე ვიხსენებთ ხოლმე, რომ მისი წყალობით დავამთავრეთ სკოლა. ღუმელს მის გარდა ვერავინ ანთებდა. მოდიოდა დილით ადრე, დაანთებდა ღუმელს და გამთბარ საკლასო ოთახს გვახვედრებდა. ახლა სკოლა გაარემონტეს და ცენტრალური გათბობაც გააკეთეს, თუმცა მთავარი პრობლემა არსად წასულა − განათლების სისტემა. ჩემი აზრით, მთავარია რამდენ წარმატებულ ადამიანს გაზრდის სკოლა, რამდენ ბავშვს აპოვნინებს საყვარელ პროფესიასა თუ საქმეს. ცხადია, წარმატება ბუნდოვანი ცნებაა, მაგრამ ვფიქრობ წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც გულით აკეთებ რაიმეს. ნებისმიერ ბიზნესს ეტყობა, როდისაა პროდუქტი სიყვარულით დამზადებული და როდის − ფულის შოვნის გამო. "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი პირველ შეკვეთებს საკუთარი მანქანით დაატარებდა, იმიტომ, რომ უყვარდა, რასაც აკეთებდა და უყვარდა მომხმარებელი, რომელსაც ემსახურებოდა. ასეა დღესაც", − გვიყვება ოთარი.
ოთარის პირველი შეხება კომპიუტერთან 10 წლის ასაკში შედგა, როდესაც მას "ოქროს დაბადების დღეზე" მშობლებმა პერსონალური კომპიუტერი აჩუქეს. "ერთადერთი ადამიანი ვიყავი მთელ სოფელში, ვისაც კომპიუტერი ჰქონდა. როცა დაბადების დღის აღსანიშნავად ნათესავები მოვიდნენ, გაუკვირდათ − ოქრო გეჩუქებინათ, კომპიუტერი რად უნდოდაო, არადა შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან განსაზღვრა ჩემი სამომავლო ინტერესი IT-მიმართულების მიმართ. თავიდან ეს ჩემთვის გასართობი იყო: ვშლიდი, ვაწყობდი, თამაშებისთვის "პატჩებს" ვაკეთებდი, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეს თამაშზე მეტი იყო ჩემთვის".
მშობლებს სურდათ, რომ ოთარი ექიმი გამხდარიყო. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებს კარგად სწავლობდა და ოჯახი მას სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებისკენ მოუწოდებდა, თუმცა ბოლო მომენტში, ოთარმა დამოუკიდებლად შეცვალა გადაწყვეტილება, პირველ ნომრად IT-ფაკულტეტი ჩაწერა და გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა. ცხადია, ოჯახს თავდაპირველად არ მოეწონა ეს ნაბიჯი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მხარი დაუჭირეს მის არჩევანს. "მამაჩემი ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. აგრონომია და ყოველ დილით ნაკვეთში გადის. როგორც მე მზრდიდა, ისე გაზარდა ხეები ჩვენს ეზოში. დედაჩემი კი, ძალიან რისკიანია და შეუძლია ნებისმიერ რამეზე სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ბევრი რამ ვისწავლე მათგან და მადლობელი ვარ. სოფელში როდესაც ცხოვრობ, შენი სამყარო იმ კონკრეტული ადგილით შემოიფარგლება. გგონია, რომ ამის იქით არაფერი ხდება. წარმატებულ ადამიანებად ძირითადად საჯარო მოსამსახურეები მიიჩნევიან და რთულად წარმოუდგენია ვინმეს, რომ წონადი ნაცნობების გარეშე შესაძლებელია რაიმეს მიღწევა. ჩემს ბავშვობაში სოფელში ინტერნეტი არ იყო, გვიან შემოვიდა, თუმცა როგორც კი წვდომა გამიჩნდა, მაშინვე მივხვდი, რომ სამყარო ბევრად ვრცელია და არსებობენ ისეთი წარმატებული ადამიანები, როგორებიც არიან ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი, რაც, შეიძლება ითქვას, მოტივაციის წყაროდ იქცა", − გვიამბობს ოთარი.
ოთარი გვიყვება, რომ ბავშვობიდან პროტესტანტი იყო ბუნებით და ხასიათის ეს თვისება პროგრამირებაშიც ძალიან ეხმარება. ამ სფეროში საჭიროა ყველა მიმართულებით ფიქრი, ჩარჩოებიდან და შაბლონებიდან გასვლა და რაღაც საკუთრის აღმოჩენა. მან პროგრამირების სწავლა დამოუკიდებლად დაიწყო და მალევე უკვე თავადაც ატარებდა ლექციებს ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში, პროგრამირების მიმართულებით. სწორედ აქ, მისმა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც ადრე საკონსულტაციო კომპანია BCG-ში მუშაობდა, დააკავშირა ოთარი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, ვინაიდან ისინი აქტიურად ეძებდნენ დეველოპერებს.
"ინგლისური კარგად არ ვიცოდი და ოდნავ ვღელავდი. გასაუბრება ონლაინფორმატში გაიმართა და როდესაც შევედი კონფერენციაზე, ყველაზე რთული ის იყო, რომ სლენგებით საუბრობდნენ და არაფერი მესმოდა. თუმცა მალევე მოვიკრიბე მთელი ჩემი ინგლისური და გასაუბრებაც წარმატებით გავიარე. შემდეგ იყო უკვე მეორე ეტაპი, ტექნიკური გასაუბრების სახით, რომელსაც აგრეთვე წარმატებით გავართვი თავი. მალევე დამიკავშირდნენ BCG-ის ჩიკაგოს ოფისიდან და მახარეს, რომ ამიყვანეს სამსახურში. ამჟამად საქართველოდან ვმუშაობ, უკვე თითქმის ორი წელია, თუმცა ზაფხულში ცოტა ხნით ვაპირებ აშშ-ში წასვლას, იქაური კულტურისა და კომპანიის გუნდის ახლოს გასაცნობად", − გვიყვება ოთარი.
Entrepreneur დაინტერესდა, რას ურჩევდა ოთარი ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს:
"უფროსი თაობის წარმომადგენლებს ბევრი საკითხის შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენები აქვთ, მათ შორის − პროგრამირებასთან დაკავშირებით. ცდილობენ თავიანთ შვილებს შეუზღუდონ წვდომა კომპიუტერთან, მაშინ, როდესაც საკმაოდ დიდ დროს უთმობენ ტელეფონებში სხვადასხვა სოციალურ ქსელში "სქროლვას". მე ვფიქრობ, მშობლებმა უნდა მისცენ შვილებს საშუალება ითამაშონ, ატარონ ექსპერიმენტები და მიაგნონ იმას, რისი კეთებაც უყვართ და სიამოვნებთ. რაც შეეხება ახალგაზრდებს და განსაკუთრებით რაიონებში მცხოვრებ ბავშვებს, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ არ გჭირდებათ არანაირი ნათესავი ან ახლობელი იმისთვის, რომ მუშაობა დაგაწყებინოთ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მარტო და უნდა იმუშაოთ თქვენს თავზე, რათა სამყაროს განვითარებაში თქვენი წვლილის შეტანა მოახერხოთ. როცა მიაღწევთ იმ წერტილს, რომ რაიმე საქმის კეთება სხვისი ძალდატანების გარეშე შეგეძლებათ და ეს სიამოვნებას მოგანიჭებს, შეძლებთ თქვათ, რომ წარმატებას მიაღწიეთ. ეს შრომის პროცესია, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს, თუმცა შედეგი აუცილებლად გაამართლებს იმ ძალისხმევას, რასაც გასწევთ. გიყვარდეთ საქმე, რომელსაც ემსახურებით და ემსახურეთ იმ საქმეს, რომელიც გიყვართ".
ოთარმა ასევე გვიამბო, რომ სამომავლოდ პავლე მგელაძესთან ერთად სურს რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის პროგრამირებასთან დაკავშირებული სემინარებისა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრების მოწყობა. მისი თქმით, ამას რამდენიმე წლის წინ დამოუკიდებლადაც ახორციელებდა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, მოხდეს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, მათთვის კომპეტენციის გაზიარება და შემდგომში სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების ხელშეწყობა.