Cyber Monday Sale! 50% Off All Access

10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია და დასაქმების ბაზრის ტენდენციები "სილიკონ ველიში"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უკვე ათწლეულებია, რაც "სილიკონ ველი" მაღალი ტექნოლოგიების სინონიმად მიიჩნევა. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და სოციალური მედიასაშუალებების განვითარების უპრეცედენტო მასშტაბმა, "სილიკონ ველის", ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე, ახალი მოთხოვნები გააჩინა. საზოგადოება დარწმუნდა დისტანციური მუშაობის მოქნილობასა და ეფექტურობაში, და როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმების მსურველის ინტერესებიც რადიკალურად შეიცვალა.

"სილიკონ ველი" 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, მნიშვნელოვან სტრუქტურულ ტრანსფორმაციას განიცდის და ტექნოლოგიური ლანდშაფტის ცვლილება ვაკანსიების მრავალფეროვნებაზეც აისახა. სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა პროგრამირების მიმართულებით სპეციალისტების მოძიებას და საუკეთესო ტალანტების გადმობირებას. თვალსაჩინოებისათვის, 2019-2020 წლებში, ერთ-ერთი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია Indeed-ის ანალიზს გთავაზობთ.

აშშ-ში, ტექნოლოგიური სფეროს ვაკანსიების უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად "სილიკონ ველიზე" მოდიოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კომპანიების მხრიდან ახალ თანამშრომლებზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება. გასულ წელს, ვაკანსიების რაოდენობა­ 1,68%-ით შემცირდა, მაშინ, როცა ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმების მსურველთა რიცხვი, თითქმის 20%-ით გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ ასეთი ზრდა დიდწილად პანდემიით გამოწვეულმა მასობრივმა უმუშევრობამ განაპირობა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ წინა წლებში ეს მაჩვენებელი 4-5%-ის ფარგლებში მერყეობდა.

2020 წელს, "სილიკონ ველიში" სამი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია − ინჟინერ-პროგრამისტი, უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი და Full-stack დეველოპერი იყო. მეოთხე ადგილს პროდუქტის მენეჯერის, მეხუთეს კი − პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის პროფესიები იკავებენ. 2019 წლის შემდეგ, Full-stack დეველოპერებზე მოთხოვნა 14%-ით გაიზარდა, ხოლო Front-end დეველოპერებზე, დროის იმავე მონაკვეთში, 13%-ით შემცირდა.

2019 წლიდან, ოპერაციული განვითარების ინჟინრის ვაკანსიები 13%-ით, ხოლო სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინერზე მოთხოვნა 19%-ით შემცირდა. ამავდროულად, "სილიკონ ველიში" მონაცემთა მეცნიერების ვაკანსიებმა 30%-ით იმატა. გასულ წელს, Machine learning ინჟინრებზე მოთხოვნა 48,42%-ით გაიზარდა, თუმცა ასეთი შთამბეჭდავი ზრდის მიუხედავად, ტოპ-10-ში მოსახვედრად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მაშ ასე, გთავაზობთ 10 ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიას "სილიკონ ველიში":

  1. ინჟინერ-პროგრამისტი
  2. უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი
  3. Full-stack დეველოპერი
  4. პროდუქტის მენეჯერი
  5. პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი
  6. პროდუქტის უფროსი მენეჯერი
  7. მონაცემთა მეცნიერი
  8. Front-end დეველოპერი
  9. პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი ინჟინერი
  10. მონაცემთა დამუშავების ინჟინერი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" სტუმრობენ.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-დან.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი