11 საუკეთესო ვებგვერდი დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად როგორ ვიმუშაოთ თავისუფალი გრაფიკით და მივიღოთ დამატებითი შემოსავალი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
არ აქვს მნიშვნელობა, გადასახადების გადახდის კიდევ ერთ გზას ეძებთ, პროფესიული განვითარების ახალ საშუალებებს თუ უბრალოდ, თავისუფლების შეგრძნება მოგწონთ, რასაც შტატგარეშე თანამშრომლობა გთავაზობთ, რადგან უკვე მილიონობით ადამიანი დარწმუნდა, რომ ამ ტიპის სამსახურს უზომოდ დიდი უპირატესობები აქვს. რაც უფრო პოპულარული ხდება ციფრული ცხოვრების სტილი, მით მეტად იზრდება რესურსების რაოდენობა შტატგარეშე თანამშრომელთათვის.
სამსახურის დამოუკიდებლად დასაწყებად საკმაოდ ბევრი სახელმძღვანელო არსებობს, მაგრამ შტატგარეშე თანამშრომლის მაღალანაზღაურებადი პოზიციის მოძებნა, მხოლოდ პოპულარულ პლატფორმებზე რეგისტრირებით არ შემოიფარგლება. უდავოდ მოგიწევთ შთამბეჭდავი პორტფოლიოს შექმნა და მასში წარსულის ყველა პროექტის შეტანა და შესაძლოა, საკუთარი თავის ტესტების საშუალებით გამოვლენაც, თქვენი უნარების დემონსტრირებაც. ქვემოთ 11 მართლაც შესანიშნავი ვებგვერდია შტატგარეშე პოზიციების მაძიებელთათვის, რომლებზეც სასურველი სამსახურის მონახვა საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ.
Upwork
ამ გვერდს 1.5 მილიონზე მეტი კლიენტი ჰყავს და სხვადასხვა ტიპის შტატგარეშე სამსახურის მაძიებელთათვის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. მათ შორისაა მოკლე და გრძელვადიანი პროექტები, საათობრივი და ინდივიდუალური სამუშაო, პროექტები როგორც ექსპერტთათვის, ისე დამწყებთათვის. არ აქვს მნიშვნელობა კარიერის რა საფეხურზე იმყოფებით, Upwork-ს სავარაუდოდ რომელიღაც შეთავაზება ნებისმიერ შემთხვევაში ექნება თქვენთვის.
Toptal
აქ სტატიაში წარმოდგენილი სხვა გვერდებისგან სრულიად განსხვავებული პირობებია, რადგან Toptal გამოცდილი და ნიჭიერი ადამიანებისთვისაა შექმნილი. როდესაც შერჩევის პროცესს გაივლით, მართლაც გამორჩეული კლიენტების (JPMorgan, Zendesk, Airbnb, etc.) მნიშვნელოვანი პროექტების გაცნობის შესაძლებლობაც მოგეცემათ და მშვენიერი კომპენსაციის მიღებისაც (აქ დაბალი ანაზღაურება არავის აქვს). ამასთან ერთად, Toptal-ის საზოგადოებასთან ერთად, კერძო შეხვედრებსა და ტექნოლოგიურ ღონისძიებებშიც შეძლებთ მონაწილეობის მიღებას.
Freelancer
სხვა მრავალი პლატფორმისგან განსხვავებით, Freelancer მილიონობით პროექტის შემოთავაზებასთან ერთად, თქვენი უნარების წარმოჩენისა და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობასაც გაძლევთ მათთვის, ვინც თქვენსავით შტატგარეშე პოზიციას ეძებს. თუ კონკურენტუნარიანი და საკუთარ გამოცდილებაში დარწმუნებული ხართ, ეს გვერდი თქვენი უნარების დემონსტრირებისა და მეტი კლიენტის მოზიდვის შესანიშნავი საშუალებაა.
Craigslist
მართალია, Craigslist ადამიანთა უმრავლესობისთვის მხოლოდ სხვადასხვა ნივთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაა, მაგრამ სინამდვილეში, შტატგარეშე სამუშაო ადგილების მოსაძიებელი შესანიშნავი წყაროა. თუ ოფისში ამჯობინებთ მუშაობას, თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მოძებნოთ ვაკანსიები, ხოლო თუ დისტანციურად აპირებთ მუშაობას − დიდ ქალაქებში.
Guru
ეს გვერდი თქვენი სამუშაო გამოცდილების წარმოჩენის შესაძლებლობასაც გაძლევთ და გარდა ამისა, ერთი შესანიშნავი ფუნქციაც აქვს − სამუშაო ადგილების შერჩევაში გეხმარებათ. იგი თქვენი გამოცდილებისა და განათლების შესაბამის სამუშაოს ყოველდღიურად გთავაზობთ, რომ არცერთი კარგი შესაძლებლობა არ გაუშვათ ხელიდან. Guru-ს სამუშაო ოთახი თქვენი მთელი სამუშაოს მარტივად მართვის შესაძლებლობას გაძლევთ.
99designs
ეს პლატფორმა შტატგარეშე პოზიციების მსურველი დიზაინერებისთვისაა გამიზნული, დიზაინის კონკურსებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობასაც გაძლევთ და კლიენტების შეფასებების გაცნობისაც, რადგან ისინი საუკეთესო ნიმუშებს შეარჩევენ. 99designs ნიჭიერი დიზაინერებისთვის ნიჭის გამოვლენის იდეალური შესაძლებლობაა.
Peopleperhour
ეს მართლაც დიდებული პლატფორმა, ვებპროექტებზეა ორენტირებული და შტატგარეშე თანამშრომლობის მსურველთათვის საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის. peopleperhour-ის გადახედვა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს − დიზაინერი ხართ, პროგრამისტი, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის სპეციალისტი თუ სხვა.
Freelance Writing Gigs
არ აქვს მნიშვნელობა, მწერალი ხართ, რედაქტორი, ბლოგერი, გამომცემელი, თუ ამ ჩამონათვალიდან რამდენიმეს ერთმანეთთან შეთავსება შეგიძლიათ − Freelance Writing Gigs შესანიშნავი ვარიანტია შტატგარეშე პოზიციის მაძიებელთათვის, რომლებსაც წერა გამოსდით კარგად.
Fiverr
ეს შემოქმედებითაც მოაზროვნეთა პლატფორმაა, მათ შორის მწერლების, კინემატოგრაფისტების, პროდიუსერების, ფოტოგრაფების და სხვა. თქვენი უნარების სია შეადგინეთ, ნათლად და მკაფიოდ ჩამოწერეთ, რა მომსახურებას სთავაზობთ მსურველებს და შემდეგ, თქვენთვის სასურველი და შესაფერისი კომპანიაც შეარჩიეთ. ამ ყველაფრის გაკეთება უმარტივესია და შესაძლოა თქვენთვის უზომოდ მომგებიანიც აღმოჩნდეს, რადგან კომპანიის კარგი რეპუტაციის შექმნაზე იზრუნებთ.
College Recruiter
როგორც დასახელებიდანაც ჩანს, College Recruiter კოლეჯების სტუდენტების ან კურსდამთავრებულთათვის ნებისმიერი ტიპის შტატგარეშე პოზიციის მოსაძებნი საშუალებაა. გარდა იმისა, რომ ნახევარ განაკვეთზე შეძლებთ მუშაობას, შესაძლოა, ეს შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდეს თქვენი კარიერის დასაწყებად.
Kolabtree
ეს მეცნიერთა და აკადემიკოსთა პლატფორმაა, რათა მსურველებს კვლევაში, წერასა და კიდევ მრავალ სხვა საკითხში გაუწიონ დახმარება. სამეცნიერო ხარისხის მქონე კანდიდატები, როგორ წესი, სტატიებს წერენ, სამეცნიერო ნაშრომებს უკეთებენ რედაქტირებას, კონსულტაციებს ატარებენ და მონაცემებს აანალიზებენ. ფასების შესახებ დამკვეთები და შემსრულებლები თავად თანხმდებიან, როდესაც Kolabtree-ზე უკავშირდებიან ერთმანეთს.