ახალი ქართული ბრენდი - BRIDGE HOSTEL მეტი, ვიდრე ჰოსტელი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რიყის პარკში, თბილისის სავიზიტო ბარათის – მშვიდობის ხიდის ქვეშ, დედაქალაქის ტურისტულ ცენტრში რამდენიმე კვირის წინ ახალი ჰოსტელი – Bridge Hostel გაიხსნა. ოთხმა ბიზნესპარტნიორმა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა შეექმნა ადგილი, რომელიც იქნებოდა "მეტი, ვიდრე ჰოსტელი", თბილისში ჩამოსულ თითოეულ ტურისტს კი უნიკალური, განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემდა. Bridge Hostel სიდიდით მეორეა საქართველოში არსებულ ბაზარზე.
Bridge Hostel-ის კარი 1 სექტემბერს გაიღო. ეგრეთ წოდებული Soft Opening-ის მიზანი სტუმრებისთვის შეთავაზებული სერვისისა და პროდუქტების ტესტირება და დახვეწა იყო.
"ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სტუმრების უკუკავშირი და მისი გათვალისწინება. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ დაბალი დატვირთვით. სრულ დატვირთვაზე ოქტომბრის ბოლოს გადავალთ", – ამბობს Bridge Hostel-ის გენერალური მენეჯერი, ნინა ასათიანი.
ნინა ასათიანს სასტუმროების მენეჯმენტის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. თავის დროზე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით ისეთ ბრენდებთან მუშაობდა, როგორებიცაა Radisson Blu, Tbilisi Marriott, Biltmore…
ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ სურდა საკუთარი ჰოსტელი გაეხსნა. საქმიანობას სამ პარტნიორთან ერთად შეუდგა. ქართულ მხარეს ნინა და რატი ქერქაძე წარმოადგენენ. ჰყავთ საერთაშორისო პარტნიორებიც, რომელთაც სასტუმროს მენეჯმენტში უდიდესი გამოცდილება აქვთ.
უნიკალური კონცეფცია
ჰოსტელის კონცეფცია სასტუმროსგან რადიკალურად განსხვავებულია.
"იმ მიზნით, რომ ჰოსტელის მართვის თავისებურებები უკეთ შეგვესწავლა, გასულ წელს მცირე ზომის ჰოსტელი გავხსენით", – იხსენებს ნინა, – "ევროპაში მოგზაურობის დროსაც მინიმუმ ერთ ღამეს ჰოსტელში ვატარებდით, ვსწავლობდით. მივხვდით, რომ ეს არ არის კორპორაციული სასტუმრო. ეს არის ადგილი, სადაც დასასვენებლად, გასართობად, ახალი ადამიანების გასაცნობად და კომუნიკაციისთვის მიდიხარ".
კონკურენტული უპირატესობები
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული, თითოეულ სტუმარს განსხვავებული ტიპის სერვისს სთავაზობს – იქნება ეს 5-ვარსკვლავიანი, ან შედარებით დაბალი კატეგორიზაციის სასტუმრო თუ ჰოსტელი – ადგილი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დედაქალაქში ჰოსტელები სოკოებივით მრავლდება. კონკურენცია დიდია, თუმცა Bridge Hostel-ის დამფუძნებლების გაცნობიერებული არჩევანია, რომ შედარებით ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე გავიდნენ – ადამიანებზე, რომლებიც ჰოსტელს არა ბიუჯეტურობის, არამედ იმ ღირებულებების გამო ირჩევენ, რომელსაც, ზოგადად, ეს კონცეფცია ატარებს ნებისმიერ ქვეყანაში – კომუნიკაცია, ახალი ნაცნობობა, მხიარულება.
Bridge Hostel სიდიდით მეორეა თბილისში. მისი კონცეფცია თვეების განმავლობაში მუშავდებოდა. სწორედ თავაუღებელი შრომის შედეგად შეიქმნა რამდენიმე უნიკალური მიმართულება, რომლებითაც Bridge Hostel არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან გამოირჩევა, არამედ მსოფლიო ბაზრის ინოვატორად გვევლინება.
"ჩვენი ძლიერი მხარე ჩვენი თანამშრომლები არიან. მათ ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ საქართველოში კონკრეტულად ჰოსტელის მართვის მიმართულებით გამოცდილება ძალიან ცოტას აქვს. ამიტომ მუდმივად ვსწავლობთ, ნიჭიერი სტაფი გვყავს და ყოველდღიურად ვიხვეწებით".
ინოვაციური სერვისი
ერთ-ერთი ინოვაცია, რომლის საავტორო უფლების მფლობელიც სულ მალე ნინა ასათიანი გახდება, კონსიერჟ-სერვისის ჰოსტელისეული ვერსია, კერძოდ კი დორმ-სერვისია. "ნებისმიერი ტიპის მომსახურება, რომელსაც სტუმარი სასტუმროში, საკუთარ ნომერში კონსიერჟისგან მიიღებდა, შეუძლია ჰოსტელში მიიღოს – უბრალოდ, საერთო ოთახში, დორმში", – ამბობს ნინა. დორმ-სერვისის გამოყენება შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით. როგორც კონსიერჟთან, ისე რისეფშენთან კომუნიკაცია თითოეულ სტუმარს აპის დახმარებით შეუძლია. თუმცა, აპი არა მხოლოდ უკვე ჩამოსულ და დაბინავებულ სტუმრებს გამოადგებათ. საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, შეტყობინებებს ფასდაკლებების, ღონისძიებებისა და ახალი სერვისების შესახებ აპის თითოეული მფლობელი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში შეძლებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ Bridge Hostel-ის რესტორანი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. შესაბამისად, სტუმრებს შეკვეთის განხორციელება დორმიდან გაუსვლელად, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
გასართობი სივრცეები
Bridge Hostel 3200 კვადრატულ მეტრ სივრცეში, 3 სართულზეა განთავსებული. ცენტრალური რესტორანი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ჰოსტელის ტერასაზე 15 სექტემბერს გაიხსნა რესტორანი, რომლის მენიუში 10 ტიპის ხაჭაპური და ლაღიძის წყლები შედის. მშვიდობის ხიდიდან ჩამომავალი ნებისმიერი სტუმარი კი, იქნება ის ჰოსტელის მკვიდრი თუ არა, სწორედ ტრადიციული ქართული კერძებით მდიდარი სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებს.
Bridge Hostel-ში ფუნქციონირებს გეიმინგ–ზონა, საბილიარდო, მაგიდის ჩოგბურთის სივრცე. მუშაობს ბიზნესცენტრი, რომელიც კომპიუტერებით და პრინტერებითაა დაკომპლექტებული და ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მათი გამოყენება.
Bridge Hostel-ის ნაწილია ასევე Travel Bar – სივრცე ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც კომუნიკაცია ჭიქა კოქტეილის თანხლებით ურჩევნია.
ქართული ბაზარი
ქართული ბაზრის გამართვის კონცეფციაც ნინასეულია. ჰოსტელის პირველ სართულზე, საერთო სივრცეში შოურუმია მოწყობილი. ნებისმიერი სტუმარი, რომელსაც სურს ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად შეიტყოს ქვეყნის სამზარეულოს, ღვინისა და ყველის კულტურის შესახებ, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით განთავსებულ სტენდებს მოივლის და სურვილსაც მარტივად აიხდენს.
"ეს არის სივრცე, რომელშიც ტურისტს ერთბაშად ბევრი რამ შეუძლია ნახოს – ქართულ ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობენ. შეუძლიათ მოისმინონ ტრადიციული მუსიკა, რომელიც დოლ-გარმონზე სრულდება, დაათვალიერონ თონე, დააგემოვნონ ახალგამომცხვარი პური, ყველისა და ღვინის ასორტი... ამ სივრცის მოსაწყობად, 18 პარტნიორი კომპანია შევარჩიეთ – ერთ-ერთი მათგანი თაფლს ყიდის, მეორე – ყველს, მესამე – ღვინოს. თითოეულ სფეროს თითო ბრენდი წარმოადგენს", – ამბობს ნინა ასათიანი.
Travel Like A Local
Bridge Hostel ტურისტულ სააგენტოსაც აერთიანებს. სააგენტოს მთავარი მიზანი თითოეული მსურველისთვის ისეთი გამოცდილების მინიჭებაა, რომელსაც ტიპურ ტურისტულ ლოკაციებზე ვიზიტისას ვერ მიიღებენ. "იმოგზაურე, როგორც ადგილობრივმა" – სააგენტოს სლოგანი რეალურად ასახავს კონცეფციას, რომელსაც სააგენტო ატარებს.
"გვსურს, საქართველოს ნებისმიერი კუთხე ისე მოვატაროთ, როგორც ჩვენთან ჩამოსულ მეგობრებს დავათვალიერებინებდით. გვსურს, ვაჩვენოთ არა მხოლოდ ტურისტული ღირსშესანიშნაობები, არამედ ისეთი ადგილები, სადაც ტურისტები ვერასოდეს მოხვდებოდნენ", – ამბობს ნინა.
საერთაშორისო და ლოკალური ბაზრის ათვისების მეთოდები
Bridge Hostel სრული დატვირთვით ოქტომბრის ბოლოს ამუშავდება. ჰოსტელის მთავარი მიზანი ევროპულ ბაზარზე გასვლა და იმ პოტენციალის გამოყენებაა, რომელსაც ტურისტული ნაკადების სტაბილური ზრდა განაპირობებს.
Bridge Hostel-ს ერთდროულად 140 სტუმრის დაბინავება შეუძლია, სამომავლო გეგმებში კი ჰოსტელების ქსელის შექმნა შედის, რომლის მეორე წარმომადგენელიც, დიდი ალბათობით, კახეთში გაიხსნება.
ტურისტების მოზიდვის კუთხით, ნინა ასათიანი პარტნიორებთან ერთად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მუდმივი კომუნიკაცია აქვს ჰოსტელებთან საერთაშორისო მასშტაბით, რომლებთანაც ტრადიციული ქეშბექური სისტემით თანამშრომლობს. მათ მიერ გამოგზავნილი ტურისტული ნაკადების მიღების შემდეგ, პარტნიორები ქეშბექს იღებენ, რაც თანამშრომლობის მოტივაციას, რასაკვირველია, ამაღლებს.
ასევე, მსოფლიოში არსებულ ახალ ტენდენციას არ ჩამორჩება და მზადაა, სტუდენტური ჯგუფებისთვის, რომლებიც ქვეყანას გაცვლითი პროგრამების მეშვეობით სტუმრობენ, სივრცე გამოყოს. რამდენიმე კვირაში Bridge Hostel-ს 42 სტუდენტი ეწვევა და რამდენიმე დღით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოსტელში დაბინავდება.
მულტიფუნქციური ჰოსტელის სივრცე ღიაა როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური სტუმრებისთვის. დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ Bridge Hostel-ის მთავარი მიმზიდველობა, ადგილობრივი ბაზრის შემთხვევაში, როგორც გამორჩეული სამზარეულო, ისე ღია, თავისუფალი საკომუნიკაციო სივრცე იქნება. ჰოსტელი პოზიციონირდება როგორც Party Hostel, რომლის ცენტრალურ ბარში 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს შეძლებთ მეგობრებთან ერთად მიხვიდეთ და გაერთოთ, მოუსმინოთ Bridge Hostel-ის რეზიდენტ არტისტებს. "კიდევ ერთი რამ, რითაც ვამაყობ, ჩვენი რეზიდენტი დიჯეებისთვის გამოწერილი ვინილების უნიკალური კოლექციაა", – ამბობს ნინა ასათიანი.
Bridge Hostel-ის აღმოჩენა უკვე შესაძლებელია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა www.booking.com,
www.hostelworld.com, www.expedia.com. საერთაშორისო ფრომოუშენზე მუშაობა ეტაპობრივად მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში, მას შემდეგ, რაც ტურისტული ნაკადებისგან მიღებული უკუკავშირის დახმარებით სერვისი საბოლოოდ დაიხვეწება, Bridge Hostel-ის შესახებ მთელ მსოფლიოში შეიტყობენ.