Get All Access for $5/mo

ბიბინეიშვილების ღვინო აჭარული მოტივებით ბიო ღვინის წარმოება სოფელ ერგეში, ბიბინეიშვილების ვენახსა და მარანში მიმდინარეობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

აჭარის რეგიონი ისტორიულად არაერთი უნიკალური ვაზისა და ღვინის ჯიშით გამორჩეული მხარეა. აჭარაში ღვინის წარმოებით დაინტერესება სულ უფრო იზრდება. მრავლდება საოჯახო მარნების რაოდენობაც. სწორედ აჭარაში შეხვდებით ბიბინეიშვილების ოჯახის ვენახებს, მარანსა და ღვინოს. წარმოებას მამა-შვილი, ივერი და ლუკა ბიბინეიშვილები უძღვებიან.

პროფესიით ექიმსა და იურისტს 2006 წლამდე მევენახეობა-მეღვინეობასთან შეხება არ ჰქონდათ, თუმცა მათ ოჯახში ტრადიციულად ღვინო ყოველთვის მზადდებოდა. ღვინოს კახეთში შეძენილი ყურძნისგან წურავდნენ, რადგან იმ დროს დასავლეთში ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი და განვითარებული ის სავენახე მეურნეობა, რაც მეღვინე-მევენახეების დამსახურებით დღეს უკვე არსებობს.

"მახსოვს მამაჩემს თბილისში მე-4 სართულზე ჰქონდა მარანი. ჩემი ინტერესიც აქედან მოდის. პარალელურად ყოველთვის მაინტერესებდა ის ტრადიციული მეურნეობა, რაც ჩვენს მხარეში - აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონ სოფელ ერგეში არსებობდა, სანამ თურქები და კომუნისტები თავიანთ სისტემას შექმნიდნენ. ვიცოდი, რომ ჩვენს ეზოში ისტორიულად ვენახი და ატამი იყო გაშენებული. ამას ადასტურებს ღია ცისქვეშ მოწყობილი მარნების სიმრავლე და იქ აღმოჩენილი ქვევრებიც. ასეთი მეურნეობის ქონა და შენახვა მეტყველებს იმაზე, რომ აქ ოდესღაც კარგი და ხარისხიანი ვენახი უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, 2006 წელს ჩვენს სოფელში სადაც ადესას გარდა სხვა ყურძენი არ იყო, ციტრუსოვანი ბაღი ამოვძვირკვე და საცდელად ჩხავერის ჯიში გავაშენე. პროცესში ისტორიულ-არქეოლოგიური წყაროებით ვხელმძღვანელობდი. ეს ის პერიოდია, როდესაც აჭარაში მთლიანად 3 ტონამდე ჩხავერიც კი არ იკრიფებოდა". - იხსენებს ივერი ბიბინეიშვილი.

დღეს კი უკვე ბიო ღვინის წარმოება სოფელ ერგეში, ბიბინეიშვილების ვენახსა და მარანში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ოჯახს ვენახები 10 წლიანი იჯარით ქედასა და შუახევში აქვს აღებული. იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვენახებში მუშაობა მხოლოდ მათი რეკომენდაციებისა და კონტროლის ქვეშ ხდება. მევენახეებს ისინი ყველა საჭირო მასალას თავად აწდვიან, რათა ბიო-მევენახეობისა და ბუნებრივი ღვინის დაყენების სტანდარტები არ დაირღვეს.

მანამ, სანამ ღვინოს დაბოთლავდნენ, ბრენდირების სტანდარტებსა თუ ბაზრის მოთხოვნებში გაერკვეოდნენ, პირველი გამოცდა ბათუმში, ეპარქიის მიერ ჩატარებულ ღვინის ფეტივალში მონაწილეობა იყო. ფესტივალის კონკურსში არაერთი პრიზი აიღეს. განსაკუთრებით საპატიო, ნომინაცია " საუკეთესო ზვრები" აღმოჩნდა.

"ეს იყო პირველი უკუკავშირი მომხმარებლებისგან. 2012 წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ "ახალი ღვინის ფესტივალში". 2012 წლიდან დღემდე გვაქვს პატივი ვიყოთ აღნიშნული ფესტივალის მონაწილეები, რადგან სანამ ღვინო ფესტივალზე მოხვდება, მან წარმატებით უნდა გადალახოს დეგუსტაცია და უპასუხოს საკმაოდ მაღალ სტანდარტებს". - ივერი ბიბინეიშვილი.

"ახლა მეცინება ჩვენს "წვალებაზე". არ ვიცოდით სად შეგვეძინა ბოთლი, ეტიკეტი, ჩაჩი, საცობი. შესაბამისად, თავიდან ყველაფერი ძვირი გვიჯდებოდა და თანაც უხარისხო იყო. წლების შემდეგ მივხვდით, რომ მაღალი ფასი არ ნიშნავს ყოველთვის მაღალ ხარისხს. მიუხედავად ამისა, დღეს ვიყენებთ ყველაზე მაღალი ხარისხის კორპის საცობს, სპეციალურ ქაღალდზე დაბეჭდილ უმაღლესი პოლიგრაფიული სტანდარტების დაცვით დამზადებულ ეტიკეტს და რა თქმა უნდა ვამზადებთ ნამდვილ, უმაღლესი ხარისხის ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული და ევროპული წესით დაყენებულ ვარდისფერ და ქარვისფერ ღვინოს."- გვიყვება ლუკა ბიბინეიშვილი.

" ბიბინეიშვილების ღვინის" ეტიკეტმა არაერთი სახეცვლილება განიცადა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად სახელი მიაჩნიათ. "მამაჩემმა მოიფიქრა და ბრენდირებაში ჩვენი მარნის საფირმო ნიშანი აღმოჩნდა "აია იი..!". მარტივი, ყველასთვის გასაგები მესიჯი, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ".- ამბობს ლუკა.

სახელმა გაამართლა. ბაზარიც გულდასმით შეისწავლეს და 2014 წელს პირველად ექსპორტზე იაპონიაში გავიდნენ. ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მესამე წელს, ახალი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე რებრენდინგი განახორციელეს. 2017 წლიდან კი უკვე წარმატებით ახორციელებენ ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავდაპირველად მათი დისტრიბუტორი კომპანია "Blue Danube Wine Company" იყო, დღეს კი "ბიბინეიშვილების ღვინის" ექსპორტს "Black lamb Wine" ახორციელბს.

"ჩხავერი ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია გურია-აჭარაში. მისი ღვინო გამორჩეულია ნაზი, ჰარმონიული, ზომიერად ალკოჰოლიანი, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით. გამოირჩევა მაღალი გემოვნური მახასიათებლებით. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ჩვენი ღვინო ჩხავერი "აია იი..! (ვარდისფერი) ხასიათდება ვარდის, ველური კენკრისა და ტროპიკული ხილის ტონებით. გვიანი შემოდგომის ყურძნით დაყენების ტექნოლოგია უჟანგვი ფოლადის ჭურჭელში 30 დღიანი მაცერაციას ითვალისწინებს. ღვინო ჩხავერი "იია აი..!" (ქარვისფერი) ხასიათდება ნაზი, ჰარმონიული, ტონებით. დაყენების ტექნოლოგია უდედოდ (ჭაჭაგამოცლილი), უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში მიმდინარეობს."- გვიხნის ლუკა ბიბინეიშვილი.

სამომავლოდ ოჯახი ერგეში დიდ ფართობზე ვენახის გაშენებას გეგმავს. ასევე, ბიბინეიშვილებს სურთ, რომ ხელი სხვებსაც შეუწყონ, რათა მათაც აწარმოონ ღვინო და მართონ ბიომეურნეობა. ოჯახს სჯერა, რომ ეს ძირეულად შეცვლის მათი სოფლის ეკონომიკას.

"დღეს საქართველოში მეღვინეობის საკითხი საკმაოდ კარგად ვითარდება. რა თქმა უნდა, სამომავლოდ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის ლაბორატორია ასევე ასოციაცია "ბუნებრივი ღვინო" დღესაც ბრწინვალე სამსახურს გვიწევს დამწყებ თუ გამოცდილ მეღვიინებს. მათი ორგანიზებულობა, რჩევები დაკონტროლი ფასდაუდებელი დახმარებაა ქართული ღვინისთვის. რომ არა ეს ეტაპები დღეს, არც ასოციაცია "ბუნებრივი ღვინის" წევრები ვიქნებოდით, ვერც ექსპორტის სტანდარტებს ვუპასუხებდით და არც ამერიკაში: მაიამიში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში ღვინის გამოფენა " Raw"- ზე იქნებოდა ჩვენი ღვინო წარდგენილი". - ამბობს ლუკა ბიბინეიშვილი, რომლის სამომავლო გეგმები მამასთან ერთად, წარმოების ზრდასა და აჭარული ღვინის მსოფლიოსთვის გაცნობას უკავშირდება.

საქართველოში კი "ბიბინეიშვილების ღვინის" დაგემოვნება ღვინის ბარ "ანდეგრაუნდში", კაფე "კეცსა" და კაფე "კოლექტივში" არის შესაძლებელი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე