Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ბორდო, საფრანგეთი "აჰჰ, ბორდო? არა, ბორდო მაგარია"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ერთ ძალიან საინტერესო საკითხს დავაკვირდი, რომელიც ეხება საფრანგეთისა და კონკრეტულად ბორდოს რეგიონის ზეგავლენას ჩვენს სამყაროზე (აქ ღვინის სამყარო სპეციალურად არ დავწერე, რადგან ვაპირებ, მსჯელობით ვახსენო). ამ რეგიონში გამომგზავრებამდე, ბევრმა მკითხა, თუ რას ვაპირებდი მომავალში, მეც რეალურად ვუპასუხებდი, რომ საფრანგეთში მივდიოდი, რათა აღმომეჩინა ახალი ღვინის სახეობები, შემესწავლა საფრანგეთის ცნობილი თუ უცნობი მეღვინეობა-მევენახეობის პერიფერიები, მესწავლა და მემოგზაურა. აქვე დავამატებ, რომ ამ რეგიონსა და ღვინის მწარმოებელ სხვა სოფლებსა თუ დეპარტამენტებს სულაც ვერ ვუწოდებთ პერიფერიებს, რადგან უკვე მრავალი საუკუნეა, ფრანგული ხარისხიანი ღვინო ბორდოს ცნობილი კომუნების (სენტ ესტეფი, სენტ ჟულიენი, პოიაკი და ა.შ.) გარეშე არ არსებობს.

დავაკვირდი იმასაც, რომ საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოში, ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, ვინც არ იცის, ბორდო რა არის. ცოტა მოზრდილი ასაკიდან უკვე ხანშიშესულ ასაკამდე მიტანებული ყველა ადამიანი, ღვინოს უკავშირებს ბორდოს რეგიონს (შეიძლება ზოგმა არც კი იცოდეს, რომ ბორდო საფრანგეთის ნაწილია, ან სულაც ვერ გვაჩვენოს, რუკის დასავლეთით არის თუ აღმოსავლეთით). ახლა ალბათ იფიქრებთ, რა არის ამაში გასაკვირიო, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე იმდენივე ადამიანი აკავშირებს ასოციაციურად ბორდოსა და ხარისხიან ღვინოს ერთმანეთს, რამდენიც "გოლდენ სტეიტ ვორიორსსა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ხარისხიან კალათბურთთან. გასაკვირია, მაგრამ ამ რეგიონის ხსენებისას, უმრავლესობა ამბობს მსგავს კომენტარს: "აჰჰ, ბორდო? არა, ბორდო მაგარია". ამას იტყვის ისე, რომ ცხოვრებაში შესაძლოა ნანახიც კი არ ჰქონდეს ბორდოს ღვინის გამოცლილი ბოთლიც, მაგრამ სადღაც ყური მოკრა, და არ დავიწყებია, იმეორებს, თან ისე, რომ სჯერა, ბორდო არ ღალატობს და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას აგრძელებს. წარმოგიდგენიათ, რომ მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონმა, როგორც ბრენდმა, ისეთი ადგილი დაიმკვიდრა სამყაროში, რომ ადამიანებს, განურჩევლად: ასაკისა, სქესისა, მრწამსისა თუ პროფესიისა, მასზე ერთი-ორ სიტყვის თქმა მაინც შეუძლიათ? და ეს ყველაფერი მაშინ, როცა "ჯორჯიას" ხსენებისას, ხალხი ამერიკისკენ მიფრინავს. მოდით, და ამის შემხედველმა, უმოქმედოდ ვისაუბროთ კახეთისა და საფერავის უნიკალურობაზე.

ძალიან ბევრი ქვეყანა იღებება ბორდოსფრად სექტემბერში, რთველის პერიოდში. წარმოგიდგენიათ, რომ ამ რეგიონს თავისი ფერიც კი აქვს და ეს ტონი საერთოდ ცალკე ფერად აღიქმება. ღვინის სამყაროში ასევე ცნობილია ბორდო ბლენდი, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოიხსენიებენ, რათა ხაზი გაუსვან კაბერნე სოვინიონის, მერლოსა და კაბერნე ფრანის ყურძნის ჯიშების მონაწილეობას მათ ღვინოში. მევენახეობაში ასევე იყენებენ ტერმინს "ბორდოს ხსნარი", რომელიც მასიური მევენახეობის იარაღია, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისთვის. საიდან მოდის ამ რეგიონის ასეთი სიძლიერე? რა თქმა უნდა, ამაზე გრძელი და ძალიან საინტერესო საუბარი შეიძლება, მაგრამ ახლა თავი რომ არ მოგაბეზროთ, გეტყვით: ისტორიულად ისე აეწყო ყველაფერი, რომ დღეს ბორდო იმ ადგილას დგას, სადაც ნამდვილად იმსახურებს დგომას. პოლიტიკა, ეკონომიკა, სამეზობლო (ბრიტანეთი კი არის საფრანგეთის ისტორიული მოშაირე/მტერი, თუმცა მაინც ძალიან ბევრი გააკეთა ფრანგული ღვინის განვითარებისა და ცნობადობის ამაღლებისთვის) კლიმატი, ნიადაგი, შრომის მოყვარეობა და ა.შ. ეს ყველაფერი ქმნის ბორდოს.

შეკითხვა დამებადა − არის თუ არა შესაძლებელი, რომ მათ ეს ურყევი გავლენა დაანგრიონ და რამენაირად უკან დაიხიონ? − არა მგონია, ასე მოიქცნენ ან მომავალ თაობას მისცენ ამის უფლება. პირიქით − უფრო და უფრო ვითარდებიან. რა უნდა ქნას ამ დროს საქართველომ? როგორ შეიძლება ვისწავლოთ ბორდოსა და საფრანგეთის გამოცდილებაზე? როგორ არის შესაძლებელი ჩვენც ჩამოვიყალიბოთ მდგრადი და ძლიერი პოზიცია მსოფლიო ღვინის სამყაროში? მაგალითად, ისე, რომ როცა საქართველოს ახსენებ უცხოელთან, მაშინვე თქვან, რომ სმენია "ჯორჯია"− ადგილი, სადაც საოცარ ღვინოს აწარმოებენ. უპირველესად, ამისთვის ხარისხიანი პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ, გონებით ვიშრომოთ და ფიზიკური ძალაც მივახმაროთ. ამის შემდეგ, შესაძლოა ეს პოზიცია დავიმკვიდროთ, საუკეთესო შემთხვევაში − რამდენიმე ათეულ წელიწადში. რა ხდება დღეს საქართველოში? − ქაოსია, იწარმოება ღვინო, მაგრამ რა იწარმოება, არავინ იცის, ვინ რას რისთვის აკეთებს, არ ვიცით. წარმოება იზრდება, მაგრამ კვლევები თითქმის არ ტარდება. იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებულნი ჩვენს პროდუქტსა და ტრადიციების ხარისხში, აუცილებელია დაუღალავი შრომა და კვლევა. კვლევა იმისა, თუ რას ვაწარმოებთ, როგორ შეიძლება ეს წარმოება გავხადოთ უფრო უკეთესი. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე იმეორებს იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენი წინაპრები მიმართავდნენ − ისინი იკვლევდნენ, აკვირდებოდნენ და იმახსოვრებდნენ ზეპირად, მაგრამ დღეს მხოლოდ ეს აღარ კმარა, უფრო მეტია საჭირო − მით უმეტეს, როდესაც კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიები განვითარების პიკშია და ყოველწლიურად შესაძლებელია, ახალი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა.

მესმის, რომ ახლა ქვევრის ღვინის ტენდენციაა, მაგრამ არ მინდა რამდენიმე წელიწადში ისე მოხდეს, რომ ისევ იმ ეტაპზე ვიყოთ, სადაც ახლა ვართ, ანუ ვაწარმოებდეთ, ვაწარმოებდეთ, ვაწარმოებდეთ, მაგრამ არ გვესმოდეს, რა ხდება ამ წარმოებულის სიღრმეში. მეცნიერებისა და ლაბორატორიების დახმარება, მათი ინტელექტუალური რესურსის სწორი გამოყენება მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ, დღეს ეს ჩვენ გვაკლია, თუმცა ასევე მადლიერებას უნდა გამოვხატავდეთ რამდენიმე ადამიანის მიმართ, რომლებიც დაუღალავად შრომობენ საქართველოს ერთადერთ კვლევით ცენტრში.

რასაც ბორდოში დავაკვირდი, ეს გახლავთ − განათლების დონე იმდენად მაღალია, რომ შატოს დარაჯმაც კი იცის, რომელი პროცესების გავლაა აუცილებელი იმისთვის, რათა ხარისხიანი ღვინო მივიღოთ და პრემიუმპროდუქტში ტერუარი წარმოვაჩინოთ. საინტერესოა ისიც, რომ როგორც საქართველოს ახსოვს გასული საუკუნის 90-იან წლებში სადარბაზო-უნივერსიტეტები/სასწავლებლები, ბორდოშიც იგივე ხდება, უბრალოდ ყველგან კვლევითი ცენტრები ან ღვინის ტექნოლოგიისა თუ ბიზნესის შემსწავლელი სკოლები ფუნქციონირებს (პრემიუმხარისხის პრესტიჟული სასწავლებლები) იმისთვის, რომ მეტად შეისწავლონ ნიადაგი, მცენარესა და ღვინოში მიმდინარე სხვადასხვა ქიმიურ-ფიზიკური პროცესები, მათი განვითარების ფაზები და რა თქმა უნდა, პროდუქტის პოტენციალი (პროდუქტში იგულისხმება არა მხოლოდ ჩამოსხმული და გამზადებული ღვინის ბოთლი, არამედ რეგიონი, კულინარია, კულტურა, ისტორია, ბუნება და ა.შ.) სხვადასხვა, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სარეალიზაციო ბაზრებზე.

დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საქართველო საპატიო ადგილს დაიკავებს ღვინის მსოფლიო რუკაზე, არა მხოლოდ ღვინის წარმოების 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით, არამედ ხარისხიანი კვლევებით, გამოფენებით, სამეცნიერო კონფერენციებითა და განათლების დონით.

რევაზ ცეცხლაძე

ენოლოგი, ღვინის მცოდნე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ბაკალავრი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის "ვინტური" სტუდენტი (ბორდოს, პორტოსა და ტარაგონას უნივერსიტეტები) - ღვინოს ვხედავ, როგორც მტკიცე ჯაჭვს და ვცდილობ დეტალურად შევისწავლო მასთან დაკავშირებული, თითოეული რგოლის მნიშვნელობა. 

ღვინოს აღვიქვავ, როგორც ხელოვნებას

ჰობი: ფოტოგრაფია, ვიზუალური ხელოვნება, კულინარია, მოგზაურობა. 

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს