დეამედი - თმის გადანერგვის ინოვაციური კლინიკა Entrepreneur Health წარმოგიდგენთ!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრი "დეამედი" უკვე მეოთხე წელია საქართველოში ფუნქციონირებს და პაციენტებს ინოვაციური მეთოდებით თმის უსაფრთხო ტრანსპლანტაციას სთავაზობს. კლინიკის დამფუძნებელი პროფესორი დეა პაპასკირია, რომელიც ესთეტიკური ქირურგიის, კერძოდ კი თმის გადანერგვის მიმართულებას უკვე 18 წელზე მეტია ემსახურება და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორიცაა. წლების განმავლობაში მის პროფესიულ პორტფელში რამდენიმე წარმატებულმა პროექტმა მოიყარა თავი, თუმცა თავად ყველაზე გამორჩეულად "დეამედს" მიიჩნევს − კლინიკას, რომელიც აქტიურად ვითარდება და ჩვენს ქვეყანაში მკურნალობის უახლეს მიდგომებს ნერგავს. აქ მთავარი პაციენტი და მისი კმაყოფილებაა. "დეამედის" წარმატებული პრაქტიკის, მეთოდებისა და გეგმების შესახებ, Entrepreneur Health-ს, კლინიკის დამფუძნებელი დეა პაპასკირი უამბობს:
"ესთეტიკური ქირურგიის სფეროში 18 წელზე მეტია ვსაქმიანობ. პირველად, 2003 წელს მოსკოვში ჩამოვაყალიბე თმის გადანერგვის სპეციალიზებული განყოფილება. 2010 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე "თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების ქირურგიული მკურნალობა", რომელიც სამეცნიერო ღირებულებით მსოფლიოში უნიკალურია. ამ ნაშრომმა დაამტკიცა, რომ თმის გადანერგვა ნაწიბურებში შესაძლებელია და ამავდროულად, ნაწიბურების სტრუქტურაც უმჯობესდება. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და 8 თვის განმავლობაში მოვამზადე სამედიცინო პერსონალი − ექიმებისა და ექთნების მთელი გუნდი. ასე შეიქმნა 2005 წელს კლინიკა "ჰეალაინი". ეს იყო ჩემი მეორე პროექტი თმის გადანერგვაში. ძალიან მიყვარს საკუთარი პროფესია და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დღე და ღამე ვფიქრობ კლინიკის განვითარებაზე და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ფინანსური მხარე მეორეხარისხოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი - კმაყოფილი პაციენტია, ვისგანაც ძალიან დიდ სითბოსა და სიხარულს ვიღებ".
როგორ შეიქმნა კლინიკა "დეამედი" და განვითარების რა ეტაპები გაიარეთ ამ დროის განმავლობაში? როგორ უძღვებით იმ კომპლექსურ საქმიანობას, რომელსაც თანამედროვე კლინიკის მართვა ჰქვია?
2018 წელს დავაარსე ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრი "დეამედი" − ახალი ინოვაციური კლინიკა. ეს გახლავთ ჩემი ყველაზე წარმატებული პროექტი. გამოგიტყდებით, რომ დაარსების დღიდან კლინიკამ წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება. ეს იყო ჩემი და ჩემი კოლეგების მრავალწლიანი გამოცდილებისა და დაუზოგავი შრომის შედეგი. კლინიკა მუდმივად ვითარდება, ემატება სერვისები, თუმცა ძირითად მიმართულებას თმის გადანერგვა, თმის ცვენის დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს. "დეამედი" არის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით და აღჭურვილია თმის გადანერგვის პროგრესული ტექნოლოგიებით − ყველაფრით, რაც თანამედროვე სტანდარტებისთვის არის საჭირო. ჩემი კიდევ ერთი გამარჯვება ჩემი გუნდია − პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ფასდაუდებელი შრომით ჩემთან ერთად ქმნიან "დეამედის" ხარისხს. რა თქმა უნდა, კლინიკის გუნდი იზრდება, ხორციელდება კადრების გადამზადება. ამ დარგის პოპულარიზაციასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა თმის გადანერგვის პროცედურაზე. როცა საუბარია ხარისხსა და მაღალ სტანდარტზე, პატარა გუნდი ვერ უზრუნველყოფს ასეთი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კადრების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება − ეს არის აუცილებელი პირობა, ჩვენი არცთუ შორეული გეგმების გასახორციელებლად. საუბარია უცხოურ ბაზარზე. ძალიან დიდი ინტერესი და მოთხოვნაა უცხოელი პაციენტების მხრიდან ჩვენს კლინიკაზე. მრავალი უცხოელი პაციენტი გვსტუმრობს. ასევე, ხშირად გვიწვევენ სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებში ოპერაციის ჩასატარებლად. მართალია პანდემიამ დროებით შეაფერხა ეს პროცესი, თუმცა ვიმედოვნებ, მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, ეს ყველაფერი კვლავ განახლდება.
თმის გადანერგვის რომელი უახლესი მეთოდებია თქვენთან ხელმისაწვდომი და რა ეტაპებს გადის პაციენტი? რამდენად უმტკივნეულოა პროცესი და აქვს თუ არა უკუჩვენებები, გვერდითი ეფექტები?
მედიცინაში მაღალი ხარისხის შესაქმნელად, საჭიროა ექიმი მუდმივად ვითარდებოდეს, მუშაობდეს საკუთარ თავზე, იყოს ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. ჩვენს კლინიკაში საინტერესო კვლევები მიმდინარეობს (ამჟამად ეს შეეხება თმის ფოლიკულის რეგენერაციის პროცესებს). ამავდროულად, გახლავართ "თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების" მოქმედი წევრი (აშშ). ყოველწლიურად ვსტუმრობ საერთაშორისო კონგრესებს და აქტუალურ სიახლეებს ვნერგავ "დეამედში". 2019 წელს ვიყავი საერთაშორისო კონგრესზე ბანგკოკში, საიდანაც ჩამოვიტანე და დავნერგე "ტრიველინის სისტემა", რომელიც მსოფლიოს ექსპერტებმა ერთხმად აღიარეს უნაკერო მეთოდით თმის გადანერგვის უკონკურენტო ტექნოლოგიად. მისი გამოყენებისას შეუმჩნეველია ყველანაირი ნაწიბური გადაპარსულ თავზეც კი. ასევე, გამორიცხავს ფოლიკულების დაზიანებას. ამ მეთოდით შესაძლებელია თმის გადანერგვა თავის გადაპარსვის გარეშეც. თმის გადანერგვა გახლავთ ქირურგიული, თუმცა მცირეინვაზიური პროცედურა. ის ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს და აბსოლუტურად უმტკივნეულოა. თმის გადანერგვას გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს. ოპერაციის უკუჩვენებას წარმოადგენს: დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, თავის თმიანი კანის დაავადებები გამწვავების ფაზაში (მაგ. ფსორიაზი), ჰემოფილია და სისხლის შედედების დარღვევით მიმდინარე დავადებები, საანესთეზიო საშუალებების აუტანლობა, ასევე − ბუდობრივი თმის ცვენა.
რომელი ფაქტორები განაპირობებს მკურნალობის ეფექტიანობას და რამდენად ხშირად ხდება საჭირო განმეორებითი ჩარევები?
თმის გადანერგვა მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდია, როცა საქმე გვაქვს: 1. ანდროგენული, ანუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენასთან; 2. ოპერაციის ან დამწვრობის შემდგომ ნაწიბურის დათმიანებასთან; 3. წარბის, წვერის, ულვაშის, შუბლის ხაზის კორექციასთან. თმის გადანერგვის ეფექტიანობას განაპირობებს ქირურგის მაღალი კვალიფიკაცია. ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, საჭიროა ექიმი ფლობდეს უახლეს ტექნოლოგიებს. თმის გადანერგვის წარმატებას განაპირობებს ქირურგის მიერ სწორად დასმული დიაგნოზი, ოპერაციის მაქსიმალურად რაციონალურად დაგეგმვა და გადანერგვის ტექნოლოგიის ინდივიდუალურად შერჩევა პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. სწორად შესრულებული ოპერაცია განმეორებით ჩარევას არ საჭიროებს. თუმცა ჩვენ ხშირად გვიწევს სხვისი შეცდომების გამოსწორება, არასწორად დაგეგმილი და ასევე, არასწორად შესრულებული ოპერაციების შემთხვევაში.
როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა გადანერგვის შემდეგ თავს, რათა ეფექტიანობა შენარჩუნდეს?
გადანერგილი თმა ჩვეულებრივ იზრდება, ნარჩუნდება მთელი ცხოვრება და არასოდეს ცვივა. სპეციალური მოვლა მას არ ესაჭიროება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პაციენტი გადანერგვიდან ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე იბანს თავს. როცა პაციენტი ახალგაზრდაა, უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს მისი დარჩენილი, ანუ არაგადანერგილი თმა. ეძლევა რეკომენდაციები, რათა თმის ცვენა არ პროგრესირდეს და ახალი უთმო უბნები არ წარმოიშვას. როდესაც პაციენტი გადაწყვეტს თმის გადანერგვას, უპირველესად უნდა გაიაროს კონსულტაცია კლინიკაში, რათა შეფასდეს მისი თმის მდგომარეობა და სწორად დაისვას დიაგნოზი. იმ შემთხვევაში თუ მიიღებს პლასტიკური ქირურგის თანხმობას თმის გადანერგვაზე, შეირჩევა ოპერაციის დღე. საჭიროა ოპერაციამდე ჩააბაროს წინასაოპერაციო სტანდარტული ანალიზები, ასევე ჩაუტარდეს სწრაფი ტესტი "კოვიდის" ანტიგენზე, მისსავე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ოპერაციამდე 3 დღით ადრე კი, იზღუდება ალკოჰოლის მიღება.
როგორია თქვენი და "დეამედის" გუნდის სამომავლო გეგმები? რას უნდა ველოდოთ "კლინიკისგან" უახლოეს მომავალში?
მიზნები და გეგმები ისევ და ისევ "დეამედის" განვითარებას უკავშირდება. თამამად ვიტყვი, რომ "დეამედი" პასუხობს ყველა იმ თანამედროვე გამოწვევას, რომელიც მსოფლიოში თმის გადანერგვის მიმართულებით არსებობს. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა კლინიკაში სისტემატიურად ხდება. ჩემი სურვილია "დეამედი" რეგიონში ყველაზე პროგრესული, ყველაზე წარმატებული და ყველაზე მოთხოვნადი თმის გადანერგვის ცენტრი გახდეს − როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პაციენტებისთვის. ბევრმა არ იცის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში − თურქეთში, მოქმედებს თმის გადანერგვის შავი ბაზარი, რაც მთელი მსოფლიოსთვის სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, მხოლოდ სტამბოლში 300-ზე მეტი თმის გადანერგვის კლინიკაა, რომელთა შორის მხოლოდ 15 კლინიკაში მუშაობს კვალიფიციური კადრი. დანარჩენ კლინიკებში ოპერაციას აკეთებს არაკვალიფიციური და უმეტესად არასამედიცინო პერსონალი. თმის გადანერგვა სალონური პროცედურის დონეზე ხდება. რა თქმა უნდა, თურქეთში არის საუკეთესო კლინიკებიც, სადაც საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ქირურგები მუშაობენ. სამწუხაროდ, პაციენტების ძალიან დიდი ნაკადი, დაბალი ფასების გამო მთელი მსოფლიოდან თურქეთში მიედინება, მათ იზიდავენ კომფორტით და საბოლოოდ, ცრუ მარკეტინგის მსხვერპლნი ხდებიან. ჩვენ ხშირად მოგვმართავენ დაზარალებული პაციენტები, ზოგჯერ კანის დაზიანებებითაც კი, რომლებიც შემდგომ ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებენ. ჩემთვის − პრაქტიკოსი ქირურგისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი იყოს სწორად ინფორმირებული, რათა არ დარჩეს იმედგაცრუებული.