''ემოცია'' – ბრენდი, რომელიც სიხარულს აზიარებს #გადაეციემოცია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ემოცია" ნატურალური ქვების, ხისა და ტყავისგან შექმნილ ულამაზეს აქსესუარებს სთავაზობს ქალებს, მამაკაცებს და ბავშვებს. დადებითი განწყობა, რომელიც სამკაულის შექმნის პროცესს ახლავს, მაგიურად გადაეცემა მომხმარებელს. ბიზნესის შექმნის ისტორიაზე, სირთულეებსა თუ სამომავლო გეგმებზე Entrepreneur-ს ბრენდის დამფუძნებელი, თამარ აბულაძე ესაუბრა.
თამარ, მოგვიყევით, როგორ შეიქმნა "ემოცია"?
საკმაოდ წარმატებული, 15-წლიანი კარიერა მქონდა ერთ დიდ კომპანიაში, რომელიც ჩემი საყვარელი სამსახური იყო და სხვაგან ან სხვა საქმეში თავი ვერც კი წარმომედგინა. მოხდა ისე, რომ ეს კომპანია დღეს აღარ არსებობს და ვფიქრობ, ამ გარემოებამ განაპირობა დიდი ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში. გადავწყვიტე, სრულიად შემეცვალა პროფილი და კორპორაციული მომსახურებიდან HR-სფეროში გადამენაცვლა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე მივდიოდი. 2019 წლის 19 აპრილი იყო, ძალიან წვიმდა. შეხვედრამდე საათზე მეტი დრო მქონდა, როცა შემთხვევით პატარა მაღაზიაში შევიარე, სადაც ძალიან ბევრი და ლამაზი ქვა იყო. პირველი, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მომღიმარი გოგონას კარგი მომსახურება აღმოჩნდა, და აი, ამ დღიდან დაიწყო ჩემი "ემოცია"... რამდენიმე ღამე გავათენე სამკაულების დამზადებაში და ყოველ ჯერზე უკეთესი და უკეთესი გამოდიოდა. ჯერ ჩემთვის ვამზადებდი, შემდეგ იმდენი დამიგროვდა, რომ მეგობრებს ვაჩუქე და ბოლოს მივხვდი – სამკაულებით სავსე სკივრს მხოლოდ მე ვეღარ მოვერეოდი.
ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, თავადაც მეუცნაურებოდა და წარმოუდგენლადაც მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, თუმცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, დამეწყო ზუსტად ეს ახალი, სრულიად განსხვავებული ამბავი, რაშიც ჩემს საუკეთესო ემოციებს ჩავდებდი და სხვასაც გადავცემდი. მინდოდა, მხოლოდ მაღაზია კი არა, ბრენდი ყოფილიყო, რომელიც სითბოსა და სიხარულს გამოიწვევდა ადამიანებში, რომელსაც გაიცნობდნენ და შეიყვარებდნენ. მახსოვს, როგორი მონდომებით ვხატავდი ფურცლებზე ლოგოს, რომელსაც მკაფიოდ უნდა გადმოეცა ჩვენი ემოციები და რამდენს ვფიქრობდი დევიზზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა ყოფილიყო. ასე შეიქმნა ჩვენი მზიანი ლოგო და სიტყვები: #გადაეციემოცია.
"ემოცია" ნატურალური ქვების, ხისა და ტყავისგან სხვადასხვა აქსესუარს ქმნის, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. გარდა ამისა, გვაქვს ჩვენთვის ძალიან საამაყო და გამორჩეული ბავშვთა ხაზი, რომელსაც 9 წლის ემოციური მენეჯერი ჰყავს. ყოველთვის ვცდილობთ, დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს, რათა ყველა ადამიანის ემოციას შევეხოთ. ძალიან გვიყვარს აქსესუარების სიმბოლოებით დატვირთვა, მაგალითად, ყავის მოყვარულთათვის, ჩოგბურთელებისთვის, სამხედრო თემატიკით, ჩვენი საყვარელი ვაზის თემებით და კიდევ ძალიან ბევრი სხვა.
რითია განსაკუთრებული თქვენი ბრენდი?
ყველაზე მთავარი კი, რასაც "ემოცია" თავის მომხმარებელს სთავაზობს, არის გულწრფელობა და ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძენენ ჩვენს სამკაულს თუ არა. ყველაზე დიდი ემოცია და სიხარული ჩვენთვის იმ ხალხთან კომუნიკაციაა, ვინც მოვიდა ჩვენამდე და მოვეწონეთ. ერთი თხოვნა გვაქვს ხოლმე მათთან: გაგვიზიარონ ემოციები, რომელიც საჩუქრის მიღებისას ექნებათ და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველა დაუზარელად გვისრულებს. აი, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული.
ბიზნესის დაწყება რისკთანაა დაკავშირებული. რა სახის სირთულეებს წააწყდით თქვენ?
ამ საქმის დაწყებისას, პირველი სირთულე, რომელსაც წავაწყდით, იყო მოსალოდნელზე დიდი ინტერესი და უამრავი შეკვეთა, რომელსაც ვეღარ ავუდიოდით და ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი დროულად მიწოდებაა, აღმოვჩნდით დილემის წინაშე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო გზავნილების ოპერატიულად დარიგება. იმ პერიოდში, კურიერულ ფირმასთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მივხვდით, რომ ჩვენ თვითონ უნდა გვემოქმედა. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე ის იყო, როდესაც გადავწყვიტე, თავად მიმეტანა ჩემი დამზადებული აქსესუარები იმ ადამიანებთან, ვინც ახალ და უცნობ ბრენდს ენდო. ძალიან მინდოდა, გზავნილის გადაცემის პროცესში პირველი ემოცია მე დამენახა... მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღე. დაღლასაც ვერ ვგრძნობდი. სწორედ ამ გამოცდილებამ შემმატა ძალა და დამარწმუნა, რომ არ უნდა შემეწყვიტა ეს საქმე.
რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებლებს "ემოცია"?
5 თვეზე მეტია, რაც ვარსებობთ, როგორც ონლაინმაღაზია და ვფიქრობთ, ამ მოკლე დროში საკმაოდ ცნობადი გავხდით. ბედნიერები ვართ იმით, რომ გულწრფელად შეგვიყვარეს და ჩვენგან უფრო მეტს ელიან. საოცარი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ ადამიანების გახარება და მოლოდინის გამართლება შეგიძლია, როცა ყველა კმაყოფილია შენი სერვისით და სანაცვლოდ არც ისინი იშურებენ დადებით ემოციებს. მიმდინარე წელი უკვე საკმაოდ დაიტვირთა ახალი გეგმებით და პროექტებით. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ გავცდეთ მხოლოდ ონლაინმაღაზიის ფარგლებს და არასოდეს ვუღალატოთ ჩვენს 3 მთავარ ღირებულებას, რომელიცაა ხარისხი, მრავალფეროვნება და საუკეთესო სერვისი.
#გადაეციემოცია
#შენიემოცია