Get All Access for $5/mo

''ფორეჯი'' – საწარმო, რომლის მისია საქართველოში მეთევზეობის დარგის განვითარებაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

კავკასიონის ქედის თოვლიანი მწვერვალების წყალობით, საქართველოს მიწები მდინარეებით უხვად ნაყოფიერდება. აჭარის რეგიონში ერთ-ერთ წყალუხვ რაიონს ქედის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. მრავალ სარგებელთან ერთად, ეს საუკეთესო პირობებს ქმნის ლიფსიტის წარმოებისთვის. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში თანამედროვე ინვენტარით თევზის სამოდელო-საინკუბაციო საამქროს შექმნა. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" პროექტი უზრუნველყოფს მაღალსელექციური ქვირითისაგან წარმოებული ჯანსაღი ლიფსიტის გამოყვანას და თევზმწარმოებელი ფერმერებისათვის უწყვეტ მიწოდებას მთელი სამეურნეო წლის განმავლობაში.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი, სოფო დიასამიძე გვიყვება, თევზის მოშენება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა გუნდმა მოახერხა პასუხისმგებლობის გააზრება და შედეგად წარმატებასაც მიაღწია: "ზოგადად, თევზმოშენება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, ამიტომ თავიდანვე გავიაზრეთ და მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკ-ფაქტორები, შევცვალეთ მუშაობის სტილი თევზის მოშენებაში, დავამსხვრიეთ სტერეოტიპი და პირველად საქართველოში დავასაქმეთ საწარმოში ექვსი ადგილობრივი ქალბატონი. რა თქმა უნდა, ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან დასაქმებულებმა იგრძნეს პასუხისმგებლობა და უფრო მეტი ენთუზიაზმით მოეკიდნენ სამუშაოს. მათთვის ეს სიახლე იქცა საინტერესო საქმედ, რაც დაგვეხმარა საწარმოო პროცესი სწორად და ეფექტიანად გვემართა და დღეს ვფიქრობ, გუნდურობით დიდ შედეგს მივაღწიეთ".

სოფოსთვის თევზმოშენება მხოლოდ ბიზნესი არ არის, არამედ დიდ ემოციებთან და მოგონებებთან დაკავშირებული პროცესია. სოფოს მამა თვითნასწავლი მეთევზე იყო და ფლობდა რამდენიმე საკალმახე მეურნეობას. ეს საქმიანობა მისთვის იყო ერთგვარი ჰობი, მამის გარდაცვალების შემდეგ კი, სოფომ მიზანი დაისახა, ეს გზა გაეგრძელებინა, რადგან მთელი ბავშვობა ესმოდა, რომ ჩვენს ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობა ჰქონდა თევზმოშენების თვალსაზრისით და აუცილებელი იყო ამ დარგის განვითარება: "სამწუხაროდ, მამა 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ამ მიმართულებით ბევრი ოცნება და დაუსრულებელი საქმე დარჩა, ამიტომ გამიჩნდა პასუხისმგებლობა, საქმე წინ წამეწია. ისე შევიყვარე ეს სფერო, რომ ახლა ჩემთვის მეთევზეობის დარგში შეუძლებელი არაფერია. მჯერა, რომ ყველაფერი უბრალოდ დროის ფაქტორია და მწამს, ერთ დღეს ეს რთული გზა სასიამოვნო, საჭირო და მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს საქართველოში მეთევზეობის განვითარების თვალსაზრისით. მინდოდა მქონოდა სათევზე მეურნეობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საქართველოს თევზმოშენებაში. დიდი ოცნება და მიზანი იყო, რასაც მეგობრების მხარში დგომის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი".

აღსანიშნავია, რომ სოფოს საწარმოს განვითარებაში ხელი შეუწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა "ქედა ლიდერი", რომელიც ხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD II) ფარგლებში და მას CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი ახორციელებს. ქედის მუნიციპალიტეტის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, რომელიც პროექტის "ქედა ლიდერის" ფარგლებში დაარსდა. მათი მიზანია სოფლის მოსახლეობასთან თანამშრომლობით სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ არსებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით.

"ფორეჯის" ძირითადი მიზანი მეთევზეობის დარგის განვითარება და იმ შეჩერებული თევზსაშენების ამოქმედებაა, რომელიც აჭარის რეგიონშია. როგორც ამბობენ, მეთევზეობის სფეროში უამრავი პრობლემაა, რომლებიც ერთმანეთთან ჯაჭვურად არის გადაბმული, ამიტომ დღის წესრიგში მათი თანმიმდევრული მოგვარებაც დგას. ამ საკითხთან დაკავშირებით, გუნდს მრავალი კვლევა აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, მათ აქვთ უცხოელი ექსპერტების ანგარიშებიც: "საქართველოში ჩვენ მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა გამოკვეთეს პრობლემები – ეს იყო ჯანსაღი გენეტიკის ჩასასმელი მასალის ლიფსიტის წარმოება, რაც ჩვენ მიერ გაკეთებულ საინკუბაციო საამქროში უკვე არსებობს. ასევე, პრობლემად რჩება თევზის საკვები, რომელიც იმპორტირებული შემოდის სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან ადგილზე ვერ ხდება მისი წარმოება. შესაბამისად, ფასი მაღალია, რაც თევზის ღირებულების 70%-ს განსაზღვრავს. პრობლემა და სირთულე არის ასევე თევზის დაავადებები. ჩვენი ასოციაცია აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და იმედი გვაქვს, უახლოეს დროში ეს პრობლემაც მოგვარდება".

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, უმთავრესი "ფორეჯისთვის" ფერმერის ცნობიერების შეცვლაა. ეს პრობლემა, როგორც დარგის განვითარებას, ასევე ფერმერების ბიუჯეტს უქმნის პრობლემებს, ამიტომ სოფოსა და მისი გუნდის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის – ფერმერს შეუცვალონ ხედვა თევზმოშენებაში, რასაც პრაქტიკული მაგალითების გაზიარებით ცდილობენ.

რადგან საწარმო ფერმერებს სთავაზობს კალმახის ლიფსიტას გარანტირებული გენეტიკით (ახალი, სუფთა გენეტიკის მქონე ლიფსიტას) წლის ნებისმიერ დროს, ეს მყიდველებს ეხმარება გახდნენ ბაზარზე სასაქონლო თევზის სტაბილური მწარმოებელნი. გარდა ამისა, გუნდი ფერმერებს უწევს კონსულტაციებს თევზის გამოზრდის პერიოდში და ხელს უწყობს რეალიზაციის გზების პოვნაში. მთავარი ნიშა, რითაც ისინი გამოირჩევიან, არის ხარისხიანი პროდუქციის წარმოება. ჰიდრორესურსები, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა, სუფთა და ხარისხიანი წყალია, რაც კალმახის გამოზრდაში მნიშვნელოვანია.

საწარმო ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. ამ ეტაპზე "ფორეჯი" აწარმოებს ხარისხიან ლიფსიტას, სამომავლოდ კი გეგმავს საკუთარი სადედე ჯოგის წარმოებას, ასევე მუშაობს თევზის მობილური ლაბორატორიის შექმნაზე. კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე უნდა გააკეთონ, რათა მეთევზეობის დარგს მათი შრომა დაეტყოს, თუმცა "ქედა ლიდერის" წყალობით, მთავარი – საწარმოს აქტიური ფუნქციონირება უკვე დაწყებულია, რაც სამომავლო განვითარების წინაპირობაა.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე