"ფუსფუსი" - განსხვავებული თაობების გამაერთიანებელი ბარი, რომელიც 21 წლის გივი ჭოხონელიძემ დამრიგებელთან ერთად შექმნა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"დაახლოებით ორი წლის წინ ჩემს კლასელებსა და დამრიგებელთან ერთად თბილისის ერთ-ერთ ღამის ბარში გასართობად ვიყავით. ჩემმა დამრიგებელმა, გვანცამ, გადმომხედა და მითხრა, ამ სივრცეს უფრო დიდი იდეით დავტვირთავდიო, რაზეც ვუპასუხე, რა პრობლემაა, დაე, გავაკეთოთ-მეთქი. ამაზე ორივემ ბევრი ვიცინეთ. ორი წლის შემდეგ, ერთ ჩვეულებრივ საღამოს, ჩვენ, როგორც არა მხოლოდ მოსწავლე-მასწავლებელმა, არამედ უკვე მეგობრებმა, გავიხსენეთ იდეა, რომელიც მხოლოდ რიგითი ბარის გახსნა არ იყო. ეს უნდა ყოფილიყო ნათელი მაგალითი ორი თაობის გაერთიანებისა - თუ როგორ შეიძლება ახალმა თაობამ წინა თაობის გამოცდილება გაიზიაროს და წინა თაობამ ახალ თაობასთან ურთიერთობით, ყოველგვარი შიშისა და საზოგადოებრივი სტერეოტიპების მიუხედავად, ნებისმიერი რისკი და გამოწვევა უშიშრად მიიღოს", - Entrepreneur-თან საუბარში 21 წლის გივი ჭოხონელიძე გვიყვება, რომ კონკრეტულ პერიოდში მას საკუთარი მცირე ბიზნესი ჰქონდა გვანცას მეუღლესთან, ბესიკ ცაავასთან ერთად. დამრიგებელი კი მოქმედი მასწავლებელი იყო თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ერთი შეხედვით, სამივე კმაყოფილი იყო საკუთარი საქმიანობით და რაიმე რადიკალურ ცვლილებას არ გეგმავდნენ. არც საკმარისი დანაზოგი გააჩნდათ იმისთვის, რომ ამ ბიზნესის წამოწყება გონივრული ნაბიჯი ყოფილიყო. თუმცა, ამ გამოწვევის მიუხედავად, მთავარი იყო დიდი იდეა - შეექმნათ ღამის ბარი, სადაც განსხვავებული თაობის წარმომადგენლები განტვირთვის გარდა ერთმანეთთან ურთიერთობასა და სწორ კომუნიკაციასა და განსხვავებული აზრების მიღებას შეძლებდნენ. გივი აღნიშნავს, რომ დანაზოგის გარეშე დალაგებული ცხოვრების მთლიანად შეცვლა მხოლოდ ამ იდეის ღრმა რწმენითა და ერთმანეთის ნდობით იყო შესაძლებელი.
"ვიაზრებდით, რომ ამ ბიზნესის წამოწყება რადიკალურად შეგვიცვლიდა ცხოვრების წესს, დაგვაკარგვინებდა სტაბილური შემოსავლის წყაროებს, საზოგადოებაში გამოიწვევდა აზრს, რომ ასეთ დიდ რისკზე წასვლა, უბრალოდ, ჩვენი ახირება იყო. იდეის გაჩენიდან ერთ დღეში მოვიძიეთ თანხები, ოთხ დღეში გავხსენით ბარი და გახსნის წამიდან ყველა ფუნქცია-მოვალეობას საკუთარ თავზე ვიღებდით და დაუღალავი შრომითა და გათენებული ღამეებით მივიწევდით წინ, ჩვენი დიდი მიზნისკენ.უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, "ფუსფუსი" ყოველდღიურად არსებობს, იზრდება და აერთიანებს ყველა ტიპის ადამიანს , მიუხედავად მისი რასისა, სოციალური სტატუსისა და თაობისა. დიდი კონკურენციის მიუხედავად , შევძელით ჩვენი იდეით გაგვეერთიანებინა განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთ დიდ ოჯახს ქმნიან", - განმარტავს გივი ჭოხონელიძე.
"ფუსფუსის" თანადამფუძნებელი იხსენებს, რომ ბარის შექმნის პროცესში უამრავმა გაუთვალისწინებელმა პრობლემამ იჩინა თავი, თუმცა სწორედ ეს გამოწვევები იქცა მათთვის ახალ შესაძლებლობად. დაბრკოლებებმა ასწავლა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, სტრესულ გარემოში საკუთარი ემოციების მართვა და ყველა სირთულეში შესაძლებლობის დანახვა. აქედან გამომდინარე, გივი ჭოხონელიძე ყველა დამწყებ ანტრეპრენერს ურჩევს, არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი, საკუთარი თავისა და იდეის რწმენა. არ გაჩერდნენ და არ შეუშინდნენ მარცხს, ვინაიდან ყოველი მარცხი ახალი და დიდი გამოცდილებაა, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
"ანტერპრენერი არის მეამბოხე ადამიანი, რომელიც საკუთარ სულისკვეთებას შემოქმედებით მიმართულებას აძლევს და არ ეგუება წინასწარ განსაზღვრულ რუტინულ ცხოვრებას, მიდის რისკზე და ქმნის რაიმე ახალს.
იმისთვის, რომ მიხვდე რა გინდა, უნდა დაიწყო არასტანდარტული აზროვნება და საკუთარ თავს არ დაუწესო საზღვრები; იმისათვის, რომ მიაღწიო მიზანს , დაუღალავად უნდა იბრძოლო მანამ, სანამ არ გამოგივა. ყოველი დღე არის შესაძლებლობებით სავსე, ამიტომ ყველა სიტუაციასა და მოცემულობაში უნდა გამოიყენო თითოეული შანსი", - აღნიშნავს 21 წლის ანტრეპრენერი.
რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმას, "ფუსფუსის" თანადამფუძნებლებს მთავარ ინსპირაციასა და მამოძრავებელ ძალას აძლევს თითოეული სტუმარი, რომელთა ემოციაც ახსენებთ მთავარ იდეას, რამაც "ფუსფუსის" შექმნას საფუძველი ჩაუყარა. იდეის ავტორების სურვილია, "ფუსფუსი" იყოს ერთდროულად მასშტაბური, ყველასათვის ნაცნობი და ამავდროულად, წამყვანი ღამის ბარი ბაზარზე, რომელიც საკუთარ იდეას ბოლომდე შეინარჩუნებს და ყოველთვის შეძლებს სტერეოტიპების დამსხვრევას.