Get All Access for $5/mo

ქარი – საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის გუნდი: დანიელ დოინიცინი, გიორგი ტუღუში, ჯუღა სიხარულიძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით გაიმართა და წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის" და "გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში". გარდა ამისა, სიახლე ჯილდოებსაც შეეხო და ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, თითოეულ გამარჯვებულს მისთვის სასურველი და კომპანიისათვის საჭირო ჯილდოს არჩევა შეეძლება: ახალი ვებგვერდის, ბრენდინგის, ან საკომუნიკაციო მხარდაჭერის სახით. წელს, ასევე, ქვეყნის ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა "აჭარა ჯგუფი", ხოლო ჟიურის გადაწყვეტილებით, საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა სპა-რეზორტი "ლოპოტა". კონკურსმა გააერთიანა ის ქართული კომპანიები, რომლებმაც, პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, თავიანთი ბიზნესის განვითარების ინოვაციური გზები მონახეს.

გაგაცნობთ 2021 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულს საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის.

მოპედების გაზიარების ინოვაციური სერვისი და ეკომეგობრული პროექტი "ქარი" 2021 წელს პანდემიის პერიოდში, "აჭარა ჯგუფის" მხარდაჭერით, ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შემუშავდა. მოპედების გამოყენება შესაძლებელია "ქარის" მობილური აპლიკაციით, რომელიც უშუალოდ სამგზავრო დანიშნულების გარდა, მომხმარებელთან კომუნიკაციის ციფრულ არხადაც მოიაზრება.

"ქარი" დაახლოებით 11 თვეა არსებობს და შეიქმნა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მობილობა და ტრანსპორტის სერვისი პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდული იყო საზოგადოებისთვის. "ქარი" კონცეფციაშივე პანდემიური პროდუქტია და მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლების საჭიროებაზე", − აცხადებს "ქარის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი.

დამფუძნებლების განმარტებით, "ქარი" არა მხოლოდ მოპედების საზიარო სერვისი, არამედ ქალაქთან ურთიერთობის ერთგვარი ფორმაა. "მოპედები მოძრაობენ უხმოდ და ქუჩებს უთმობენ ამეტყველების ასპარეზს, რათა ყოველი გადაადგილება შენი და ქალაქის საუბრად იქცეს", − ეს არის "ქარის" ერთ-ერთი უმთავრესი განაცხადი. მოპედის გამოსაყენებლად მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ნებისმიერი მართვის მოწმობაა საჭირო. საბარგულში კი, მომხმარებელს, ახალი თავგადასავლების საძიებლად ორი ჩაფხუტი დახვდება.

"ქარი" ურბანული ტრანსპორტის ინდუსტრიაში ტექნოლოგიური კულტურის დამნერგავი გახდა და ამ კონცეფციით, მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საზრუნავისგან. ამასთან, ტრანსპორტი მუდამ ხელმისაწვდომია და საცობებში მოძრაობის თავისუფლებას გვანიჭებს. გარანტირებული საპარკინგო ზონები და ეკომეგობრულობა კი არის ის მთავარი სარგებელი, რომლის ფუფუნება გადატვირთული მოძრაობის ეპოქაში ნაკლებად გვეძლევა.

"ქარის" პროფესიონალთა გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უსაფრთხოებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, ადამიანებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობა არ აქვთ ან ესაჭიროებათ უნარ-ჩვევების განვითარება, კომპანია სთავაზობს უფასო ტრენინგებსა და ტესტ-დრაივს ინსტრუქტორების დახმარებით.

"ქარი" არის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე. სულ ახლახან, ბრენდმა არსებულ აპლიკაციას ახალი ფუნქციონალი დაამატა − კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ კორპორაციულ დონეზე ითანამშრომლონ, დაზოგონ დრო, ენერგია, ფინანსები, გამოირჩეოდნენ სოციალური პასუხისმგებლობით და ასევე, აქციონ საკუთარი ბიზნესი ეკომეგობრულად, შემუშავდა ბიზნესანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც თანამშრომლები შეძლებენ სწრაფად და მარტივად გადაადგილებას. გარდა ამისა, "ქარის" გუნდი აქტიურად მუშაობს აპლიკაციის განვითარებაზე და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სატრანსპორტო საშუალება იყოს ხელმისაწვდომი აპლიკაციაში. ამასთან, კომპანია მუშაობს როგორც მიკრომანქანების, ისე ველოსიპედების მიმართულებითაც.

"ქარის" ბრენდს საკმაოდ მასშტაბური გეგმები აქვს და ეს ხედვა უცვლელია დაფუძნების დღიდან. კომპანიის წარმომადგენლებს სურთ, გაფართოვდნენ საერთაშორისო ბაზარზე და დანიშნულების პირველ ადგილად კიევს (უკრაინა) მოიაზრებენ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას უკრაინაში უკვე მოპოვებული აქვს ლიცენზია მუნიციპალურ დონეზე. "თუ ჩვენი გეგმები და გათვლები გამართლდა, სულ მალე "ქარი" კიევის ქუჩებშიც გამოჩნდება", აცხადებს დანიელ დოინიცინი.

ბიზნესდაჯილდოების ნომინაციაში "საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის" გამარჯვება უფრო მეტი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ერთი მხრივ, გაუმარტივონ ცხოვრება საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, შექმნან უნიკალური სატრანსპორტო კულტურა როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით:

"ამ ნომინაციაში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, ის ფაქტი გვახარებს, რომ ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომა დაფასდა. Covid-19-ის პერიოდში, როდესაც მობილობაზე უამრავი შეზღუდვა დაწესდა და გადაადგილებაც გართულებული იყო, შევძელით ხალხისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატიული გზა და შევქმენით ეკომეგობრული ტრანსპორტი. ბრენდის შექმნისთანავე განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა მომხმარებლების მიმართ და ვფიქრობ, სწორედ იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ ნათლად დავინახეთ მომხმარებლის საჭიროება და მაქსიმალურად მოვერგეთ მათ", − განმარტავს "ქარის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე