Get All Access for $5/mo

მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

21-ე საუკუნეში, სიტყვა "ინოვაცია" სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, რაც რეალურად, ბიზნესსა და მეცნიერებას შორის არსებულ, ჩვენეულ დამოკიდებულებას ასახავს. თანამედროვე საზოგადოების განვითარება, დიდწილად, მეცნიერების თავდაუზოგავ მუშაობასა და რევოლუციურ კვლევებზე, ხოლო შემდგომ, ბიზნესის მიერ ამ ყველაფრის მატერიალურ კეთილდღეობად თარგმნაზე დგას.

ორგანიზაციებსა და მკვლევრებს შორის ურთიერთობა, მხოლოდ ახალი პროდუქტების გამოგონებით და მათი შემდგომი კომერციალიზაციით არ შემოიფარგლება. ეს კოლაბორაცია, ძირითადად, პროცესებისა და ოპერაციების კრიტიკულ ანალიზს, ლოგისტიკური და საწარმოო პრობლემების აღმოფხვრასა და მუშაობის გამარტივებას ემსახურება. იდეების თავისუფალი მიმოცვლა და სტრატეგიული პარტნიორობა, ერთი მხრივ ბიზნესის წარმატების, ხოლო მეორე მხრივ, მეცნიერებაში საჭირო ფინანსური კაპიტალის შემოდინების გარანტია.

თუმცა ამ ორ, ერთი შეხედვით მოთანამშრომლე სფეროს შორის, მსოფლიოში, ისევე, როგორც საქართველოში, კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა და ხიდჩატეხილობაა. წარმოიდგინეთ, ისედაც სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესს, მეცნიერებისა და ბიზნესის დაკავშირება და თანამშრომლობის გაღრმავება როგორ დააჩქარებდა! − სწორედ ესაა დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რის მოგვარებაზე უკვე არაერთი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, საქართველოში მეცნიერებასა და ბიზნესის დაკავშირებაზე ორიენტირებულ პროექტებს ახორციელებს. ამ კუთხით, გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომლის შესაძლებლობებს, ავსტრიის, გერმანიისა და ლატვიის კონსორციუმი კიდევ უფრო აძლიერებს. ფონდი გამოყენებითი კვლევის საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებითაა დაკავებული, რითაც მეცნიერებასა და ბიზნესის სფეროებს შორის აქტიური თანამშრომლობის გაღვივებას უზრუნველყოფს. საქართველოს განვითარებისათვის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხით, მსგავსი გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსები უაღრესად მნიშვნელოვანია. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი, კვლევასა და ინდუსტრიას შორის სტრატეგიული კომუნიკაციის გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეცნიერებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობას ბევრი ფაქტორი აფერხებს, და ამ მიმართულებით, არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. სულ ახლახან შემუშავებული "ინოვაციების ხუთკუთხა სპირალის" მოდელი ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების ისეთ ხუთ წამყვან სექტორს შორის თანამშრომლობა, როგორებიცაა: მთავრობა და საჯარო სექტორი; მეცნიერება; ინდუსტრიები და კომპანიები; სამოქალაქო საზოგადოება, მედია, კულტურა, და რაც ყველაზე მთავარია – გარემო.

ამ თემაზე სასაუბროდ, საქართველოში აღნიშნული პროექტის ლიდერსა და ევროკავშირის გუნდის ორ წარმომადგენელს, კერძოდ პროექტის ლიდერს ავსტრიიდან და ამჟამად საქართველოში მცხოვრებ, პროექტის რეზიდენტ მრჩეველს გავესაუბრეთ.

საქართველოში EU Twinning Project-ის ლიდერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ჯაბა სამუშიაა. ბატონი ჯაბა, აგრეთვე ჟურნალ "ისტორიანის" მთავარი რედაქტორი, 2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აგვისტოდან − გენერალური დირექტორია. იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ქალაქ ტორუნის (პოლონეთი) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალ Studia Orientalne-ს სამეცნიერო საბჭოს წევრი, ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოსა და საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი.

ბატონო ჯაბა, რა არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ძირითადი საქმიანობა?
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ხელს უწყობს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას ქვეყანაში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში. ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში, ადმინისტრირებას უწევს 20-ზე მეტ საკონკურსო ეროვნულ და საერთაშორისო ბილატერალურ პროგრამას. ფონდის მიზანია ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის უზრუნველყოფით, ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება, ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების სამეცნიერო პოტენციალის ზრდა და საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა.

როგორ ფიქრობთ, რა როლი შეუძლია ითამაშოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების გაძლიერებაში?
გამოყენებითი კვლევების მიმართულების გაძლიერება, ამ მიზნით გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსების განხორციელება, აკადემიურ და კერძო სექტორს, ბიზნესს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რუსთაველის ფონდის გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, გამოყენებითი კვლევების მიმართულებით ქვეყანაში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსება, კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე კვლევების გამოვლენა, მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევის გადაჭრას უწყობს ხელს. ასევე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით, ჩატარდა გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო პროგრამა CARYS, რომლის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით, ერთობლივი გამოყენებითი კვლევების განხორციელება და აკადემიურ და კერძო სექტორს, ბიზნესს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. სამეცნიერო კვლევების შემდგომი კომერციალიზაციის მიზნით, ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ბიზნესასოციაციასთან. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების მიმდინარე პროექტი − "ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის", რომლის ბენეფიციარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, ხელს უწყობს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და გააქტიურებას საქართველოში.

EU Twinning Project-ის ავსტრიელი ლიდერი ვოლფგანგ პოლტია. ბატონი ვოლფგანგი, Joanneum Research-ის ეკონომიკისა და ინოვაციების ინსტიტუტის პოლიტიკურ საკითხთა დირექტორი, ეკონომისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და კონსულტანტია. აგრეთვე, აღსანიშნავია მისი მდიდარი გამოცდილება ეროვნული და რეგიონული ინოვაციების და პოლიტიკის სისტემების ანალიზის პროცესში.

რა არის მეცნიერებასა და ბიზნესს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სასარგებლო შედეგები?
მეცნიერებასა და ბიზნესს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა, მრავალი ორმხრივი სარგებლის განმაპირობებელია. უპირველეს ყოვლისა, ესაა კვლევის შედეგების პრაქტიკული გამოყენება, რაც მათი ეფექტურობის უდიდესი შემოწმებაა. ამრიგად, მეცნიერებას შეუძლია ამ თანამშრომლობიდან სარგებელი მიიღოს, რადგან ბიზნესი შესაძლოა გახდეს საცდელი სფერო კვლევის შედეგების საიმედოობისა და გამოყენებადობის თვალსაზრისით. ხშირად, პრაქტიკული კითხვები, კვლევაში ახალი მიდგომების ჩამოყალიბებას განაპირობებს (იფიქრეთ ლუი პასტერის ნაშრომზე). მეორე მხრივ, ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, უახლესი კვლევის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოიპოვოს, აზროვნების მასშტაბები გაიფართოვოს და საქმიანობაში ინოვაცია დანერგოს.

თქვენი აზრით, როგორ შეიძლება, უნივერსიტეტებსა და კომპანიებს ერთად მუშაობისკენ ვუბიძგოთ?
ეს არის გამოწვევა, რომლის წარმატებით მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ცვლილებებს ინოვაციის განტოლებაში ჩართული ყველა მონაწილის მიმართ გავატარებთ. კომპანიებმა თავიანთ ორგანიზაციებში კვლევისა და განვითარების განყოფილებები უნდა ჩამოაყალიბონ და სტაბილური ინვესტირებით უზრუნველყონ, ხოლო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო კვლევითმა ინსტიტუტებმა უფრო დეტალურად უნდა შეისწავლონ, თუ რა შესაძლებელი გამოყენება ექნება მათ სამეცნიერო საქმიანობას, საწარმოსთან უშუალო თანამშრომლობით, სამეცნიერო კუთხით დაარსებული სტარტაპების წახალისებით, ან საკუთარი კვლევის შედეგების კომერციალიზაციით. დაბოლოს, მთავრობას შეუძლია დახმარება გაუწიოს თანამშრომლობას, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე მეცნიერებასა და ბიზნესს შორის გაცვლისა და კომუნიკაციის პლატფორმების უზრუნველყოფით.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოქმედი ევროკავშირის დაძმობილების პროექტის რეზიდენტი მრჩეველი, დოქტორი ინეს გავარანეა. მან უნივერსიტეტი ბიოლოგიის მიმართულებით დაამთავრა, შემდეგ შეისწავლა განათლების, ბიზნესადმინისტრირებისა და ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სპეციალობები. ბოლო ათი წლის განმავლობაში, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მრავალ ინტერდისციპლინურ პროექტში, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში.

რატომ ხდება, რომ ზოგჯერ მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა ვერ ამართლებს იმედს, ან წარუმატებელია?
მეცნიერება და ბიზნესი ორი განსხვავებული კულტურაა, ამიტომ თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მას მართავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიღრმისეულად იცნობენ ორივე სფეროს. საერთო სარგებელი, პროფესიული კავშირებისა და ნდობისა დამყარება, ამ ორ სექტორს შორის არსებული კულტურული სხვაობის დამაკავშირებელი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. კულტურა ნიშნავს ურთიერთქმედებას. საქართველო წინ მიიწევს დამოუკიდებელი კულტურის ჩამოყალიბებისკენ, სადაც განსაზღვრულია, თუ რა არის საჭირო ყველა დონეზე უკეთესი ცხოვრებისათვის.

რა შეიძლება იყოს მთავარი გზავნილი კომპანიებისთვის?
მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა, უწყვეტი სწავლის პროცესია, სადაც მეცნიერებას ახალი იდეების შეთავაზება შეუძლია. ამასთან, არ არსებობს ერთი საერთო მიდგომა ყველა ქვეყნისთვის − ქართველებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს კარგსა და ცუდზე საუბრის, რადგან ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც ორივე მხარე მოგებული რჩება, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით, "ინოვაციების ხუთკუთხა სპირალის" მოდელის ფარგლებში მონაწილე საზოგადოების ყველა სექტორს შორის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე