Get All Access for $5/mo

"მორთული" – ბრენდი, რომელმაც წარსული გაათანამედროვა წინდებში გაცოცხლებული ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მორთული

თეა რამიშვილი "მორთულის" დამფუძნებელი და ამავდროულად, კომპანიის დიზაინერიცაა. ბრენდის შექმნის იდეა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირი სტუმრობის დროს გაუჩნდა. აღმოაჩინა, როგორ უნიკალურ და მრავალფეროვან ორნამენტებს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში, რომლებიც ყველა კუთხის უძველეს ქსოვილებში, მხატვრობაში, ოქრომჭედლობასა და კერამიკაში გვხვდება. თეა ორნამენტებს ხშირად უღებდა სურათებს ან აკეთებდა ჩანახატებს; საკუთარ თავს ყოველთვის ეკითხებოდა, რატომ ასოცირდება ჩვენი ქვეყანა ძირითადად მხოლოდ ხინკალთან და ღვინოსთან, როდესაც ამდენი უნიკალური ღირებულებაც გვაქვს.

"12 წელი ბანკში ვმუშაობდი და ყოველთვის ვოცნებობდი საკუთარ ბიზნესზე, რომელიც აუცილებლად ხელოვნებასთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან ბავშვობიდან ვხატავდი და ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა. ორი წლის წინ დავიწყე გრაფიკული დიზაინის, ხატვისა და ფოტოგრაფიის შესწავლა. მაშინვე დავიწყე ფიქრი ჩემს ბრენდზე. იმ დროისათვის ორნამენტიკით უკვე ღრმად დავინტერესდი, ვყიდულობდი წიგნებს და ვეძებდი ინფორმაციას ბიბლიოთეკებსა და არქივებში. ბრენდის სახელიც აქედან გაჩნდა – სიტყვა "მორთულობა" ორნამენტებთან დაკავშირებულ ყველა წყაროში მხვდებოდა. გასულ წელს ავისრულე დიდი ოცნება, 40 წლის ასაკში მისაღები გამოცდები ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დავანებე თავი ბანკში წარმატებულ სამსახურს და მთლიანად ხელოვნებისა და ბიზნესის სფეროში გადმოვერთე. გადავწყვიტე, ქართული ორნამენტის მოტივები მისი მხატვრული სილამაზითა და სიმდიდრით გადმომეტანა თანამედროვე დიზაინში. ასე შემოვიტანე იგი ჩვენს ყოველდღიურობაში", – აღნიშნავს თეა.

ბრენდი მყიდველს საქართველოში წარმოებულ წინდებს სთავაზობს, რომლებიც მორთულია უნიკალური ქართული ორნამენტებით. სწორედ ასე გათანამედროვდა სხვადასხვა კუთხეში მოძიებული ისტორიული წყაროებიდან შეკრებილი საგანძური.

"მორთული" ჯერ კიდევ სტარტაპია. სულ რაღაც 3 თვეა, რაც გაყიდვები დაიწყო, თუმცა უკვე სიამაყით აცხადებს, რომ ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. მოტივაციას უამრავი დადებითი გამოხმაურებაც ზრდის. როგორც ბრენდის დამფუძნებელი თეა რამიშვილი ამბობს, ქართული ორნამენტებისა და მათი ისტორიის გაცნობა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. "მორთულის" მიზანიც სწორედ ეს არის – კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორია და მისი მდიდარი წარსული.

სტარტაპის მთავარი გამოწვევაა, შექმნას წინდები საქართველოს აბსოლუტურად ყველა კუთხის ორნამენტებით და ხაზი გაუსვას ქვეყნის ტრადიციებს. ბრენდს მიაჩნია, რომ ასეთი წინდები ნებისმიერ სამოსს მოუხდება – როგორც სპორტულს, ისე კლასიკურს. იგი სხვადასხვა გემოვნებისა და სტილის ადამიანებს ხიბლავს.

Entrepreneur-თან საუბრისას თეა გვიყვება, რომ დიდ მხარდაჭერას გრძნობს სხვადასხვა ონლაინპლატფორმისა და მომხმარებლისგან, ასევე ძალიან ახარებს ფაქტი, რომ თბილისში მაღალი ხარისხის წინდების წარმოებაა შესაძლებელი.

"წელს ბევრი გეგმა გვაქვს. წინდების გარდა, გვინდა სხვა პროდუქტის შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვის. პირველ ეტაპს ალბათ დავიწყებთ მაისურებით, რომლებიც ძველი ქართული ორნამენტებით იქნება მორთული. ასე შევძლებთ თანამედროვე დიზაინში ძველისა და ახლის შერწყმას. ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინგაყიდვები გვაქვს, თუმცა ვაპირებთ ჩვენი მაღაზიის ან სტენდის გახსნას თბილისში. გვაქვს შემოთავაზებები, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ჩვენი ბრენდის მთავარი მიზანია ქართული უნიკალური და ულამაზესი ორნამენტიკის მოტივები გავაცნოთ და შევაყვაროთ უფრო მეტ ადამიანს. "მორთულის" ყველა პროდუქტის დიზაინი ყოველთვის მხოლოდ ქართული ორნამენტების მიხედვით იქნება შექმნილი", – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი, თეა რამიშვილი.

შეიძინეთ "მორთულის" წინდები Entrepreneur Shop-ზე!

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!