"ცრემლი" ყველა სახლში, ცრემლი ყველა თვალიდან გაიცანით, ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ცრემლი", რომელმაც ინდუსტრიაში მეტი სიახლის, კრეატივისა და ფერების შემოტანა დაისახა მიზნად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოდის ინდუსტრია, საზოგადოებრივი განწყობებისა და დამკვიდრებული ჩვეულებების ასახვის გარდა, ახალი ტენდენციების დანერგვასა და განვითარებას წარმატებით ახერხებს. თუმცა დღეს, როდესაც მომხმარებელი უამრავი დასახელების ტანსაცმლის ბრენდისა და მოდელების ფართო ასორტიმენტს აწყდება, რთულია ახალმა მწარმოებელმა საკუთარი ნიშა იპოვოს და სამიზნე აუდიტორიის ყურადღება მიიქციოს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ რაღაც ნახევარი წელია, რაც ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი, სახელად "ცრემლი" გამოჩნდა, რომელმაც დროის ამ მცირე მონაკვეთში, უკვე მოახერხა მომხმარებლის სიყვარულისა და კეთილგანწყობის მოპოვება.
"საქმე კარანტინში დავიწყეთ. მართლაც ისე მოხდა, როგორც სხვები ხუმრობენ ხოლმე − "რაიმე ბიზნესი ხომ არ დაგვეწყოო"? შევიკრიბეთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სმუზი და სენდვიჩი შევუკვეთეთ და რაც შემდეგ მოხდა, ყველას გაგაოცებთ", − გვიყვება "ცრემლის" თანადამფუძნებელი, ლევან სირბილაძე, – "გვინდოდა განსხვავებული კომუნიკაციისა და სტილის შემოტანა ბაზარზე, რაც წარმატებით გავაკეთეთ. ჩვენს კონკურენტებზე მუდამ ამ ფრაზას ვამბობდით ხოლმე: "კარგები არიან, მაგრამ ერთნაირები". ქართული მოდის ინდუსტრია ფაქტობრივად ორ ნაწილად არის გაყოფილი − ისინი, ვინც ქართულ თემატიკას მისდევენ (ტანსაცმელზე საქართველოს რუკებს ხატავენ, ლაპარაკობენ დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, აფხაზეთზე და ა.შ.) და ისინი, ვინც "დინების წინააღმდეგ" მიდიან − ასე ვთქვათ, "მეამბოხე" ბრენდები (ფირის ფოტოგრაფია, სკეიტბორდის კულტურა, ალტერნატიული გარეგნობა). ორივე კარგია, ორივე მოგვწონს, მაგრამ გვგონია, რომ ჩარჩოებში არიან. ცრემლს კი, ჩარჩოები არ უყვარს"!
ალბათ დაგვეთანხმებით, "ცრემლი" ტანსაცმლის ბრენდისათვის უჩვეულო სახელია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, იგი თავად ბრენდის შინაარსსა და ხასიათს გამოხატავს. "ვინაიდან ცრემლი, ყველაზე რადიკალური ემოციების მანიფესტაციაა, ამიტომ გადავწყვიტეთ ვყოფილიყავით სიხარულის, ტკივილისა და ყველა სხვა განცდის ნაწილი", − განმარტავს ნიკა ცოტნიაშვილი, "ცრემლის" თანადამფუძნებელი. მისი თქმით, რადგან საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მოდის ინდუსტრიაში ნიჰილიზმმა, მუქმა ფერებმა და სევდამ დაისადგურა, ბრენდმა დაარსების დღიდან სიახლის, კრეატივისა და ფერადი პალიტრის შემოტანა დაისახა მიზნად.
"ცრემლის" პროდუქცია საქართველოშია დამზადებული. ბრენდი არ ერიდება ფერების გამოყენებას, სიტყვებით თამაშს, ძველი სიმღერებისა და ანიმაციების გაცოცხლებას საკუთარ პრინტებზე. "ცრემლის" სამოსის თითოეული ეგზემპლარის დიზაინი უნიკალურია და მომხმარებელს, ილუსტრაციების დათვალიერება მათი საიტის საშუალებით შეუძლია. ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს, საკუთარ აუდიტორიას კარგი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს. როგორც "ცრემლში" აცხადებენ: "ცრემლი ხანდახან მღერის და მომავალშიც აუცილებლად იმღერებს. როგორც ჩვენ ვიტყოდით − ენა, მამული, ცრემლი".
ამ ქართული სტარტაპის სულისჩამდგმელები ლევან სირბილაძე და ნიკა ცოტნიაშვილი არიან. როგორც თავად ამბობენ, მათ უწყვეტი მეგობრობის ჯაჭვი და ბევრი საერთო ინტერესი აერთიანებთ. Entrepreneur დაინტერესდა, თუ საიდან იღებს "ცრემლი" დიზაინის ინსპირაციას, რაზეც ნიკა გვპასუხობს: "ინსპირაცია თვითონ აგნებს გზას ჩვენამდე. შთაგონება შესაძლოა ყველაფერში მოძებნო. ალბათ, რაც უფრო მეტს ნახავ, წაიკითხავ და მოისმენ, მით უფრო ხშირად ამოგიტივტივდება გონებაში შესაბამისი მინიშნებები, რაც მერე უბრალოდ უნდა დააკავშირო და "ვუალა" − მზადაა". ლევანი და ნიკა სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან და ორივე კრეატიულ სააგენტოში მუშაობდა. "ცრემლის" კოლექციებისათვის, დიზაინის იდეებს აგროვებენ და შესაფერის მომენტში არჩევენ. როგორც თავად ხუმრობენ, "იმდენი დაწუნებული იდეა გვაქვს, ვფიქრობთ, ამით ცალკე 5-მდე ტანსაცმლის ბრენდი შეიქმნებოდა"-ო.
ამ ეტაპზე, ბრენდი 1000 გაყიდული ერთეულის ნიშნულს უახლოვდება. "ცრემლის" პირველი კოლექცია გასული წლის დეკემბერში სრულად გაიყიდა, ხოლო დღეს, ბრენდი უკვე მესამე კოლექციის SoldOut-ს (ამოყიდვა) ელოდება. გარდა ამისა, "ცრემლი" "საქართველოს ბანკთან" დამეგობრდა და 2021 წლის ზაფხულში, ბევრი საინტერესო აქციითა და შეთავაზებით, ასობით სტუდენტის გახარებას აპირებს.
როგორც "ცრემლში" აღნიშნავენ, დიზაინის იდეების ნაკადი არ წყდება და კოლექციის გამოშვებისთანავე იციან, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. "თუკი თავიდანვე ხარისხის მაღალ თამასას დააწესებ და მას ვერ შეინარჩუნებ, მომხმარებელი წავა და სხვის პროდუქციას შეიძენს, რაშიც სრულიად მართალიც იქნება", − ამბობს ნიკა ცოტნიაშვილი.
შეკითხვაზე, თუ რას ურჩევდა ბრენდი დამწყებ ანტრეპრენერებს, ლევანი გვპასუხობს: "საქმის დაწყება მინიმალური ხარჯით სცადეთ. არ გამოვა? − არც არაფერს კარგავთ და თავიდან შეგიძლიათ სცადოთ. როგორც ჩვენი საყვარელი პარტნიორის თეგლაინები გვეუბნება, "გზა სულ არის"!
რაც შეეხება ბრენდის სამომავლო გეგმებსა და მიზნებს, "ცრემლი" საკმაოდ ამბიციურ განაცხადს აკეთებს: "ცრემლი ყველა სახლში, ცრემლი ყველა თვალიდან".
"გვინდა, "ცრემლი" ყველამ გაიცნოს და ჩაიცვას. სამომავლოდ, უამრავი ახალი კატეგორიის ტანისამოსისა და აქსესუარის დამატებას ვფიქრობთ. გვსურს, ბრენდმა "ისუნთქოს" და იარსებოს ყველგან, სადაც შეიძლება, ამიტომ მომავლის გეგმები უფრო დიდია, ვიდრე ტანსაცმლის ბრენდი, თუმცა ამას დრო გვიჩვენებს. ბრენდი ცოცხალი ორგანიზმია და მას ხასიათი აქვს − ხან რას იზამს და ხან რას", − აცხადებს ლევან სირბილაძე.