''უკან, მომავალში'' - გიორგი ქართველიშვილი, როგორც ''ქართველთ მეწარმე''
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე სამეწარმეო ეკოსისტემა მუდმივად ვითარდება და ყოველდღიურად ყალიბდება ახალი, ინოვაციური მიდგომები. ამ შენების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც წარსული საქმიანობით შექმნეს უნიკალური ანტრეპრენერული გამოცდილება. Entrepreneur პერიოდულად ეცდება კიდევ ერთხელ წამოსწიოს ის ფასდაუდებელი საქმიანობა, რომელსაც ძველი ქართველი მეწარმეები "უკან, მომავალში" ახორციელებდნენ ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის.
რუბრიკის ფარგლებში ამჯერად გიორგი ქართველიშვილს − ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მეწარმესა და ქველმოქმედს გაგაცნობთ.
გიორგი ქართველიშვილი პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას ატარებდა, რაც რუსეთის იმპერიაში, კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად მიიჩნეოდა. ქართველიშვილს საქართველოში არაერთი სამრეწველო ობიექტი ჰქონდა, თუმცა მის მთავარ შემოსავლის წყაროს ატენის ხეობაში შექმნილი ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია − "ქართველიშვილი-ზეზემანი", წარმოადგენდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს იყო პირველი ქარხანა საქართველოში, რომელიც ორთქლის ძრავებზე მუშაობდა. ქარხანა იმ პერიოდისთვის მეტად წარმატებულად ფუნქციონირებდა და მისი წლიური შემოსავალი 30-40 ათასი მანეთი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქართველიშვილის ქარხანაში დამუშავებული ხე-ტყე ხმარდებოდა კავკასიის რკინიგზის მშენებლობას. ზემოთ ხსენებული კავკასიის გზის გავლით კი, ქართველიშვილს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქვეყანაში პურის მარცვალი შემოჰქონდა, რაც იმ დროისთვის დეფიციტური პროდუქტი გახლდათ. სურსათის გადმოსატანად საჭირო იყო კეთილმოწყობილი ურმები და ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ გადაზიდვის პროცესში. ამ საქმისთვის მან თბილისის ახლო-მახლო სოფლებში მოძებნა ქართველი გლეხები და სამუშაო შესთავაზა, რაც იმ პერიოდისთვის საკმაოდ რთული მოსაძიებელი გახლდათ. "გლეხებმა ყოველივე მოისმინეს, ინატრეს საქმის აღება, მაგრამ რადგანაც ღატაკნი იყვნენ და საქონელი არ ებადათ, ამიტომ დავალებას ვერ ასრულებდნენ". ამის საპასუხოდ, მეწარმემ შეიძინა საქონელი, ურმები და უთხრა: "აი, ეს საქონელი, ესეც ურმები, წადით, ღმერთმა გიშველოთ, იმუშავეთ, გაემგზავრეთ კავკავს, გადმოსატანი გადმოიტანეთ და მერე ვიანგარიშოთ, რაც ამ საქონელს და ურმებში მიცემულს ფულს გარდა კიდევ გერგებათ რამე, იმასაც მერე მიიღებთ" (ზ. ჭიჭინაძე, "ქართველთ მრეწველნი").
"არცერთი საზოგადო საქმე არ დაწყებულა ჩვენში, რომ გიორგი დავითის-ძეს [ქართველიშვილს] დახმარება არ აღმოეჩინოს. იმის ცხონებული და მადლიანი მარჯვენა ყველას შემწეობას და შველას უჩენდა", − წერდა გაზეთი "ივერია". მართლაც, სამეწარმეო საქმიანობის გარდა, ქართველიშვილი ქველმოქმედებასა და აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი. 1883-1885 წლებში გიორგი გამოსცემდა ცნობილ ქართულ გაზეთ "დროებას". გარდა ამისა, ქართველიშვილის დიდ მეცენატობად უნდა იქნას მიჩნეული საქართველოს ისტორიული ალბომის დაფინანსება, რომელიც შეასრულა ცნობილმა ფოტოგრაფმა ერმაკოვმა. ქართველიშვილის მიერ ერმაკოვის ხელით გამოცემულ ალბომს უდიდესი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიისთვის. ასევე, მის სახელს უკავშირდება 1845 წელს ვახუშტი ბატონიშვილის "ქართლის ცხოვრების" გამოცემა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი საქმე, რომელიც ქართველმა მეწარმემ განახორციელა, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" გამოცემა იყო. მან წიგნის გასაფორმებლად მოიწვია უნგრელი მიხაი ზიჩი. ამასთან, წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, სხვადასხვა ქართული ტაძრიდან აღებული ორნამენტები და გასაფორმებელი ნახატები. ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული "ვეფხისტყაოსანი" 1888 წელს გამოიცა და ისტორიაში შევიდა, როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა". ქართველიშვილმა წიგნის სრული ტირაჟი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა.
"წავიდა იმის დრო, როცა ქართველის კაცის აღებ-მიცემა ორის ძველის დავთრით სწარმოებდა... ამის სამკურნალოდ არამც თუ მარტოდ წიგნებია ქართულს ენაზედ საჭირო, არამედ თვით კომერციული სკოლაც, რომ აქ მოზარდ თავობამ იაროს და აღებ-მიცემის ვითარება შეიტყონ", − ამბობს გიორგი ქართველიშვილი. სწორედ აქ ჩანს სიახლეებისადმი მისი სწრაფვა და პროგრესული აზროვნება. იმ პერიოდში, როდესაც პროდუქტის დეფიციტი არსებობდა და მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარი გახლდათ, გიორგი ინოვაციურ მიდგომებზე ფიქრობდა და ცდილობდა, ვაჭრობის დავთრებით წარმოება სხვა, ახალ სიხშირეზე გადაეყვანა. დიდ მომავალს ხედავდა ახალ თაობაშიც, რომელთა კომერციულ საკითხებში გათვითცნობიერება ქვეყნის განვითარებად ესახებოდა.
... და მაინც, რატომ იყო გიორგი ქართველიშვილი ანტრეპრენერი? ზაქარია ჭიჭინაძე წიგნში "ქართველთ მრეწველნი", წერს: "გიორგი სხვა სამრეწველო და საიჯარადრო საქმეებშიაც დიდათ მოხერხებული, საკუთარი ორიგინალურის ნიჭის პატრონი, ყველა საქმეზედ გამრჯე, გამარჯვებული, ყველგან კარგის ენერგიის გამომჩენი. სადაც კი ამ პირმა თავის ცხოვრებაში ხელი მოავლო და კეთება დაიწყო, ყველგან გაიმარჯვა, ყველგან ლელო გაიტანა, თავისი გზა გაარკვია და მის მეოხებით ცხოვრების ასპარეზზედაც საკმარის წერტილზედ ავიდა", − სიახლეებისკენ სწრაფვამ და ორიგინალური იდეების ქონამ გიორგი აქცია იმ ადამიანად, რომლის გაკვალული გზაც უამრავმა სხვა ანტრეპრენერმა გააგრძელა. სწორედ ეს უწყვეტი გზა ქმნის ფასდაუდებელ საქმიანობასა და ქვეყნის სასიკეთო ინოვაციურ გადაწყვეტებს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, მოვალენი ვართ, "ასეთ კაცთა მოქმედებას, ნაბიჯსა და შრომასაც ჯეროვანი ყურადღება მივაპყრათ", ვინაიდან "გიორგი ქართველიშვილი და მისთანები ჩვენი მრეწველობის და აღებ-მიცემის ასპარეზს ფეხდა ფეხ მისდევენ, კვალში უდგებიან და ხან მეთაურათაც ხდებიან" (ზ.ჭიჭინაძე, "ქართველთ მრეწველნი").