ჲ ანუ იოტა ქართული ბრენდის დამფუძნებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

ნებისმიერი წარმატებული ბრენდის მიღმა კარგად მიგნებული და განხორციელებული კონცეფცია დგას. შესაბამისად, შეკითხვებზე – "ვინ ვართ?" და "რას ვაკეთებთ?" პასუხი მარტივია, რამდენიმე სიტყვაში ეტევა და ყველასთვის გასაგები და ადვილად აღსაქმელია. ბრენდის ყოველი კომპონენტი: ვიზუალი, პროდუქტი, სერვისი, ადამიანები თუ გვერდი სოციალურ მედიაში, ერთ მიზანს ემსახურება – მომხმარებელს ან პოტენციურ მომხმარებელს რაც შეიძლება სწრაფად და გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია, გაუჩინოს ინტერესი, გახდეს კარგად ნაცნობი და საყვარელი.

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ახალ ქართულ ბრენდს − IOTA HOTEL TBILISI, რომელიც ბაზარზე წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა და ძალიან სწრაფად განვითარდა.

IOTA HOTEL TBILISI ძირფესვიანად ქართული ბრენდია. ამაზე მისი სახელიც კარგად მეტყველებს − ჲ ანუ იოტა, ძველქართული ანბანის რიგით მეთხუთმეტე ასოა. გამოითქმის, როგორც მოკლე "ი". ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ სამოცს.

სასტუმროს დამფუძნებლის, დავით კუპრაშვილის მთავარი პრიორიტეტი უნიკალური პროექტის განხორციელება იყო. ისეთის, როგორსაც მსოფლიოს ვერცერთ წერტილში ვერ მიაგნებდით და თანამედროვე ტენდენციებთან ერთად, ქართული კულტურის თვითმყოფადობასაც შეინარჩუნებდა. ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელა და დღეს სრულიად ქართულ პროდუქტს გვთავაზობს, რომელიც თითოეული სტუმრისთვის უნიკალური გამოცდილების მიღების საშუალებაა.

რატომაა IOTA HOTEL TBILISI უნიკალური?

იმისათვის, რომ ზემოთ დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ, სჯობს დეტალურად მოვყვეთ IOTA HOTEL TBILISI-ს შექმნის წინარე ისტორია: დავით კუპრაშვილი საქართველოში დაბრუნდა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნით – შეექმნა სასტუმრო, რომელიც უცხოელ ტურისტებსაც მოხიბლავდა და ადგილობრივებსაც შესთავაზებდა არაორდინარულ, კომფორტულ გარემოს. ფართი 2016 წელს თბილისის ძველ უბანში, ლერმონტოვის ქუჩაზე შეიძინა და მეორე დღესვე მშენებლობას შეუდგა.

"იდეა ასეთი იყო – შეგვექმნა მინიმალისტური, თბილი და უბრალო გარემო. სამშენებლო მასალები: რკინა, ბეტონი, და თუნდაც ყვავილი, ერთმანეთთან ჰარმონიულად შეგვეხამებინა. თავად სახელი "იოტაც" სიმარტივისა და უბრალოების სიმბოლოა, თუმცა ამ სიმარტივეში დიდი სიღრმეა".

"იოტას" ინტერიერი ხის, ბეტონისა და გამწვანების დაბალანსებული, გემოვნებიანი ნაზავია. სასტუმროს მშენებლობისას გამოყენებული მასალების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოშია შეძენილი. ერთ-ერთი წამყვანი მასალა წაბლის ხეა, რომელიც დავით კუპრაშვილმა საკუთარი ხელით დაამუშავა – ზეთში მოხარშა. მეთოდოლოგია დამფუძნებელმა თავად მოიძია ინტერნეტში, შეისწავლა და იმდენად მოეწონა, რომ უზარმაზარი სახარში ქვაბიც კი შეიძინა მის გასახორციელებლად: "რამდენიმე კვირის განმავლობაში წაბლის ხეს 2 ტონა ზეთში, 200 გრადუს ტემპერატურაზე ვხარშავდით. სანახაობამ ბევრი ადამიანი დააინტერესა და აღაფრთოვანა. არადა, რთული არაფერია − ცოტა მონდომება და სწავლა უნდა. ინტერნეტში ხომ აურაცხელი ინფორმაციაა. მეც წავიკითხე, დრო არ დავიშურე. შემდეგ კი უკვე სხვებს ვასწავლიდი, როგორ გაეკეთებინათ".

ავეჯიც ქართული მასალისგან დამზადდა, რამაც დამწყებ ბიზნესს ფინანსების დაზოგვის საშუალება მისცა. ტექნიკა – ყავის აპარატი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები იყო ერთადერთი, რისი ჩამოტანაც საზღვარგარეთიდან მოუწია.

რა არის "იოტა"?

ბრენდზე მუშაობა სასტუმროს საფუძვლის ჩაყრის წუთიდანვე დაიწყო. დავით კუპრაშვილი წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობდა განესაზღვრა, რა გამოარჩევდა "იოტას" ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან.

უპირველესად, ვიზუალი – IOTA HOTEL TBILISI-ის მთავარი პირველადი ეფექტი. დიზაინ ოტელი – ასე მოიხსენიებენ სასტუმროებს, რომლებიც არასტანდარტული ინტერიერითა და ექსტერიერით გამოირჩევიან. არასტანდარტული კი, შეამჩნევდით, "იოტაში" ბევრი რამაა. მაგალითად, 300 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ვერტიკალური ბაღები ან შენობის ერთ კედელზე, უზარმაზარ ქოთნებში ჩარგული მცენარეების მიერ შექმნილი ორანჟერეა. ასევე გამორიცხულია, თქვენი ყურადღება არ მიიპყროს სასტუმროს ერთ-ერთმა მთავარმა მშვენებამ, 16-ტონიანმა ღუმელმა, რომელიც რესტორან "ღუმელში" გუგუნებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიზაინის გარდა, ბრენდის ცნობადობასა და წარმატებულობას სასტუმროს "ქართული ფესვებიც" განაპირობებს. ნებისმიერი სტუმრისთვის აქ დაბინავება თუ უბრალოდ რესტორანში ვახშამი სრულიად ახალი, უნიკალური გამოცდილებაა, რომელსაც მსოფლიოს ვერცერთ სხვა წერტილში ვერ მიიღებს.

გურმანების სამოთხე

IOTA HOTEL TBILISI-ში სამი რესტორანი ფუნქციონირებს − IOTA Garden, "ღუმელი" და "ღვინის ობსერვატორია". თითოეულს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კონცეფცია გამოარჩევს.

IOTA Garden პირველ სართულზე მდებარეობს. ინტერვიუზე ერთი საათით შემორბენილი ჟურნალისტის, ან ყავის დიდი მოყვარულის აზრი თუ გაინტერესებთ, იდეალური გარემოა ჭიქა ყავაზე საქმიანი ან მეგობრული შეხვედრებისთვის. რესტორანს საკუთარი ჩაის მენიუც აქვს და ძირითადად, ევროპული, ქართული და იაპონური სამზარეულოს გურმანებზეა გათვლილი.

"ღუმელი" IOTA HOTEL TBILISI-ს ტერასაზე მდებარეობს და ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ რესტორნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ზემოთ უკვე ნახსენები ღუმელი გახლავთ. "მისი დიზაინი მე მეკუთვნის, თავად დავხაზე, შემდეგ სპეციალისტი ჩამოვიყვანე და მასთან ერთად ავაწყვე. ეს არის 5-განყოფილებიანი კონსტრუქცია, რომლის თითოეული ნაწილი ისეა გადაბმული, რომ კვამლმა სწორად იმოძრაოს. სამი თვის განმავლობაში ვაშენებდით. 16 ტონაა. ამ მასშტაბის ღუმელს ვერსად იპოვით მსოფლიოში. "გინესსაც" კი დავუკავშირდით და შესაძლოა რეკორდების წიგნშიც მოვხვდეთ.

დავით კუპრაშვილი ყოფილი სპორტსმენია. შესაბამისად, ჯანსაღი კვების მნიშვნელობა მშვენივრად ესმის. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მენიუ ჯანმრთელი, ნაკლებ ცხიმიანი კერძებისგან შეედგინა. ასე მოდიფიცირდა ტრადიციული ქართული სამზარეულო. მაგალითად, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მაღალკალორიული ხაჭაპურის ნაცვლად, რესტორანში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ნაკლებცხიმიანი იმერული ყველის გულსართიანი ხაჭაპურის ჩხირებით, რომელიც "თხელ ცომში მზადდება, შემდეგ კი ნაკვერჩხალზე იწვება". "ღუმელში" ასევე დააგემოვნებთ საცივს ტრადიციული იმერული რეცეპტით და ხინკლის წვნიანს.

"კერძებისთვის ქართულ პროდუქტებს ვიყენებთ. ამისთვის, საგანგებოდ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საკუთარი სამაცივრე დანადგარები გვაქვს განლაგებული. საჭიროებისამებრ, ყველაფერს იქ ვასაწყობებთ, ვკრებთ და თბილისში ვაგზავნით".

თუკი "ღუმელი" ცხელი კერძებისა და გათანამედროვებული ტრადიციული სამზარეულოს გურმანთა საყვარელი ადგილია, სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია "ღვინის ობსერვატორია". აქ შედარებით მცირე სივრცეში, როგორც ქარხნული, ისე ადგილობრივი მცირე წარმოებების მიერ ჩამოსხმულ ქართული ღვინის უნიკალურ კოლექციას იხილავთ. ვინაიდან აქაურობის მთავარი მიზანი ტურისტებში უგემრიელესი და უნიკალური ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, ჭიქა ღვინის თუ ბოთლის ღირებულება მაღაზიისას არ აღემატება. თითოეულ ჭიქას პატარა ბარათი მოყვება, რომელზეც ღვინის შემადგენლობა, ტანინი თუ სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებია ჩამოწერილი.

"ღვინის ობსერვატორია" შემეცნებითი ადგილია. ჩვენ მას ბიზნესად არ აღვიქვამთ. უბრალოდ, გვსურს თითოეულ სტუმარს ქართული ღვინო გავაცნოთ და შევაყვაროთ. დიდი ქარხნების პროდუქცია საზღვარგარეთ მარტივად გადის, პატარა წარმოებები კი ხშირად ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქტის ექსპორტირებას. ამიტომ, აქცენტს სწორედ მცირე მეღვინეობებზე ვამახვილებთ. ამასთან, ქარხნები ღვინოს ევროპული მეთოდით ამზადებენ, ტურისტები კი უფრო მეტად პატარა საოჯახო საწარმოების მიერ ქვევრში ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინით ინტერესდებიან".

საერთაშორისო ასპარეზი

IOTA HOTEL TBILISI 90-ნომრიანი სასტუმროა. არსებობის წელიწადნახევრიანი ისტორიის განმავლობაში, საშუალო დატვირთულობა 75%-ს შეადგენს.

"ტურისტთა უმრავლესობა ჩვენს სასტუმროში ადგილს წინასწარ ჯავშნის, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც წინასწარ შერჩეული სხვა სასტუმრო ადგილზე არ მოსწონთ და ჩვენთან ყოველგვარი ჯავშნის გარეშე მოდიან".

სასტუმროს მენეჯმენტი აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციასა თუ ცნობილ საერთაშორისო პლატფორმებს, როგორიცაა, მაგალითად
www.booking.com სტუმართა ძირითადი ნაკადი ევროპული ქვეყნებიდან ჩამოდის. IOTA HOTEL TBILISI სარეკლამოდ იყენებს გზამკვლევებს, ტურისტულ ჟურნალებს, ხშირად ესწრება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებს.

რამდენიმე კვირის წინ IOTA HOTEL TBILISI World Luxury Hotel Awards-ის გამარჯვებული გახდა ერთ-ერთ ნომინაციაში. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ჯილდო მიიღო – საუკეთესო დიზაინ-სასტუმროს, Eco/Green პროექტის თუ არტოტელის, თუმცა კატეგორიის მიუხედავად, არსებობის წელიწადნახევრიანი ისტორიის განმავლობაში, მსგავსი ჯილდოს მოგება ძალიან დიდი წარმატებაა.

სასტუმროს მიმართ დადებით განწყობას, დიზაინისა და სამზარეულოს გარდა, მაღალი ხარისხის სერვისიც განაპირობებს. IOTA HOTEL TBILISI-ში 150-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა შერჩევის პროცესი უნიკალური იყო როგორც შერჩევის მეთოდიკით, ასევე სისწრაფით.

"პერსონალის მოძიება რთული არ არის. უბრალოდ, შერჩევისას, განათლებასთან ერთად, მათი ფსიქოტიპიც უნდა გაითვალისწინო. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებთან სწორი დამოკიდებულებისა და მენეჯმენტის მეშვეობით, კადრების გადინების დონე ძალიან დაბალია. ამ ტენდენციას ხელს უწყობს დაწინაურების კარგი პერსპექტივაც. ასეთი შემთხვევები ჩვენთან საკმაოდ ხშირია: ცოტა ხნის წინ ჩვენი მიმტანი რესტორნის მენეჯერი გახდა, ბელბოი კი − ღამის ცვლის მენეჯერი. რა თქმა უნდა, წარმატების მსგავსი ისტორიები ამ სფეროში დასაქმებულთათვის დიდი მოტივაციაა".

მდიდრული სასტუმრო ლაიმისფერი სკამებით

კომპლექსის მშენებლობის პირველადი ინვესტიცია 20 მილიონი ლარი იყო, ხანგრძლივობა − წელიწადი და 4 თვე. პროექტის ავტორს სჯერა, რომ წარმატება გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ დავითი გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები პირი გახლდათ, რამაც საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი დრო დაზოგა.

"ღამის განმავლობაში 5 საათი მძინავს. დილის 5 საათზე იწყება ჩემი სამუშაო დღე. კითხვასაც და ვარჯიშსაც ვასწრებ და შემდეგ სამსახურში მოვდივარ. დილით ადრე რომ არ ვიღვიძებდე, შესაძლოა სასტუმროს გახსნა ასე მოკლე პერიოდშიც ვერც განმეხორციელებინა – დღის ამ მონაკვეთში ტვინი გაცილებით ეფექტურად მუშაობს, ინფორმაციას მარტივად იღებს. შესაძლოა არ იყო საქმის სპეციალისტი, მაგრამ თუ მოინდომებ, აუცილებლად გახდები".

ასე შეითავსა მშენებლის, ხის ნაკეთობათა ექსპერტის, მარკეტოლოგის, ინჟინრისა და ბრენდმენეჯერის პროფესიები. დავითმა ბრენდის დიზაინის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი ითამაშა. სასტუმროს კედლებზე არსებულ ნახატთა ნაწილიც კი მისი შემოქმედებაა.

IOTA HOTEL TBILISI-მ საკუთარი სახელმძღვანელო პრინციპები და კონცეფცია თავად შექმნა. მოახერხა გამხდარიყო ქართული ბრენდი, რომელიც გაჯერებულ ბაზარზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. საცხოვრებელი ნომრებისა და რესტორნების გარდა, სასტუმროში სამი საკონფერენციო დარბაზიც მოქმედებს, რომელთა დასაჯავშნად დიდ რიგში მოგიწევთ ჩადგომა.

IOTA HOTEL TBILISI-ზე დაწერა ამერიკულმა VOGUE-მაც, რომლის ჟურნალისტი სასტუმროში მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ გიორგი ქებურიას ჩვენებაზე მოხვდა. ჩამოსული ჟურნალისტის თვალს არ გამოჰპარვია ხისა და ბეტონის საინტერესო შეხამება და პასტელური მწვანე: "სასტუმრო არის მდიდრული, მაგრამ დიზაინერმა (გიორგი ქებურიამ) მოახერხა ყველაზე რეტრო, უბრალო ადგილი შეერჩია − ხის პანელებითა და ლაიმისფერი სკამებით გაწყობილი დარბაზი".

სამომავლო გეგმები

პირველი სასტუმრო მცირე, წელიწადნახევრიან ისტორიას ითვლის. შეგვეძლო, ეს ვადა ამ მასშტაბის სასტუმროსთვის ჯერ კიდევ საგამოცდო პერიოდად მიგვეჩნია, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, სატესტო რეჟიმმა რეკორდულ დროში ჩაიარა და ბრენდმა უკვე ზრდასა და განვითარებაზეც დაიწყო ფიქრი.

"როდესაც ბრენდის მიზანია, შეინარჩუნოს მოპოვებული იმიჯი და წარმატება, განვითარება/გაფართოებაზე ახალი სასტუმროების მშენებლობით უნდა იზრუნოს. მასობრივი მიდგომა არის ის, რომ დიდი ბრენდები ახალ კომპლექსებს ძველის იდენტურად აგებენ. ჩვენ კი სრულიად საპირისპიროს გაკეთება გვაქვს გეგმაში. გვსურს შევქმნათ სასტუმრო, რომელიც ახალი სიტყვა იქნება ტურიზმის სფეროში; რომელსაც სული და კონცეფცია იგივე ექნება, მაგრამ არ გახდება უკვე არსებულის ასლი".

ახალი სასტუმროს გახსნა ქალაქგარეთ ტურისტულად მიმზიდველ ლოკაციაზე იგეგმება. თუმცა თბილისის გარეთ სასტუმროს აშენება/ფუნქციონირება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

დავით კუპრაშვილს მიაჩნია, რომ სასტუმროს ბიზნესი ქვეყანაში ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად ავითარებს, მაგრამ იმისათვის, რომ ფუნქციონირება შეძლოს და წარმატების შანსი ჰქონდეს, სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.

"ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელსაც ვერ ვიყენებთ, რადგან ბევრი უნიკალური ადგილის მონახულებაში ხშირად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა გვიშლის ხელს. ზოგან ხომ ელემენტარულად მისასვლელი გზაც არაა დაგებული".

IOTA HOTEL TBILISI-ის წარმატების განსაკუთრებული რეცეპტი ან სახელმძღვანელო არ არსებობს. საკმარისია კონცეფცია კარგად ნაფიქრი და გააზრებული იყოს, სათავეში მოტივირებული და მშრომელი ადამიანები ედგნენ, და ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიაღწევენ მიზანს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ ეს "ადრე თუ გვიან" განსაკუთრებულად ადრე დადგა.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია