Join our Waitlist for Expert Advice!

ჯეფ ბეზოსი $150 მილიარდიანი ქონებით პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა 25 სხვა უცნაური ფაქტი Amazon-ის დამფუძნებლის შესახებ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

1994 წელს ჯეფ ბეზოსმა 30 წლის ასაკში უოლ სტრიტზე საინვესტიციო საბანკო კომპანია D.E. Shaw & Co.-ში ვიცეპრეზიდენტის პოზიცია მიატოვა, რათა სიეტლში Amazon-ი დაეფუძნებინა. ახლა იგი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსისთვის ბრძოლაშია ჩართული, თან უკვე ჩამოიტოვა ბილ გეიტსი და უმდიდრესთა სიის სათავეში 2017 წლის ივლისის ბოლოს აღმოჩნდა.

Amazon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გარესამყაროს ფანია, ამიტომ ბეზოსმა კოსმოსის შესასწავლად სტარტაპი, სახელწოდებით BLUE ORIGIN ("ლურჯი წარმოშობა") წამოიწყო. მას არ ეშინია სიახლეების. მაგალითად ისეთის, როგორიც 2013 წელს The Washington Post-ის შეძენა იყო.

იმისათვის, რომ უფრო მეტი გაიგოთ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანზე, წაიკითხეთ 25 უცნაური ფაქტი ჯეფ ბეზოსზე.

თამამად წავიდეს იქ, სადაც აქამდე არავინ ყოფილა

ბეზოსი ფილმ Star Trek-ის ("ვარსკვლავური გზის") დიდი გულშემატკივარია. ბეზოსმა ისიც განაცხადა, რომ "ამაზონის" ხმოვანი ასისტენტის − "ალექსას" შექმნა პოპკულტურის ამ ნიმუშისგან იყო შთაგონებული. გარდა ამისა, მან 2016 წელს გამოსულ ფილმში "ვარსკვლავური გზა − უსასრულობაში" უცხოპლანეტელის ეპიზოდური როლი მოირგო. ამ ფილმის სიყვარულის გამო, ბეზოსმა "ამაზონს" თავიდან კინაღამ MakeItSo.com-იც დაარქვა, კაპიტან პიკარდის გაჟღერებული ცნობილი ფრაზის შემდეგ.

პატარა ნაბიჯი კაცობრიობისთვის

ბეზოსი იმდენადაა დაინტერესებული ნასას "აპოლონისა" და მერკურის პერიოდით, რომ "აპოლონის" რაკეტის ნარჩენების დასაბრუნებლად, წყალქვეშა ექსპედიცია დააფინანსა და თვითონაც მიიღო მასში მონაწილეობა.

საკმარისი ძილი

ჯეფ ბეზოსი არ იყენებს მაღვიძარას და დღე-ღამეში 8 საათის განმავლობაში სძინავს. ის გვიანობამდე არასოდეს მუშაობს.

დაუჯერებელია, მაგრამ...

ჯეფ ბეზოსი 2008 წელს "სიმპსონების" ეპიზოდშიც გამოჩნდა. სერიაში იგი მარკ კუბანთან (რომელიც ასევე თავის თავს თამაშობდა) და მილიარდერ მისტერ ბერნსთან მილიარდერთა ბანაკში იმყოფებოდა.

ახდენილ ოცნებაში ცხოვრება

54 წლის მილიარდერმა ბავშვობის ოცნება აიხდინა. ჯერ კიდევ პატარაობისას, ბეზოსმა მეგობრებსა და მასწავლებელს უთხრა, რომ როცა გაიზრდებოდა, სურდა კოსმოსის ანტრეპრენერი გამოსულიყო. ათწლეულების შემდეგ, 2000 წელს კი მან კოსმოსური ტურიზმის კომპანია Blue Origin დააფუძნა.

მომავლისკენ ხედვა

როგორც ჩანს, ბეზოსი ყოველთვის იხედებოდა მომავლისკენ. ბრედ სტოუნის წიგნის "ჯეფ ბეზოსი და ამაზონის ერა − აღმასრულებელი დირექტორის ბიოგრაფია" მიხედვით, ბეზოსმა პატარაობისას სახრახნისით თავის საბავშვო საწოლს ხის ზღუდეები მოაცილა, რათა ნამდვილ "დიდების" საწოლში დაეძინა.

მეოჯახე

შვილად აყვანა ბეზოსის ოჯახის ისტორიის დიდ ნაწილს შეადგენს. ის ძალიან პატარა იყო, როდესაც მამინაცვალმა − მიგელ ბეზოსმა იშვილა. ჯეფ ბეზოსი ახლა ცოლთან ერთად სამ ვაჟსა და ერთ ქალიშვილს ზრდის, რომელიც მან ჩინეთიდან იშვილა.

მან დიდი გზა გაიარა

თინეიჯერობისას ბეზოსი "მაკდონალდსში" კარტოფილი "ფრის" მზარეულად მუშაობდა და იმავე პერიოდში მან დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი დააფუძნა, რომელსაც "ოცნების ინსტიტუტი" უწოდა.

"მტრის ზურგში"

როდესაც ბეზოსმა "ამაზონი" აამოქმედა, წიგნების დიდი კომპანია Barnes & Noble-ისთვის, რა თქმა უნდა არასასიამოვნო იყო კონკურენტის გამოჩენა, რადგან "ამაზონის" სერვისი მათი მიწოდების მთავარ არეალზე − ვაშინგტონის შტატის ქალაქ ბელუვეშიც ვრცელდებოდა.

ფერმაში მუშაობა

ბეზოსი ბავშვობაში ზაფხულს დედის მხრიდან ბაბუასთან, ტექსასში, ფერმაში ატარებდა ხოლმე, სადაც არაერთი უცნაური სამუშაოს შესრულება უწევდა. მაგალითად ისეთის, როგორიცაა ქარის წისქვილების შეკეთება. ბეზოსის ბაბუა 1950-იან წლებში კომპანია Darpa-ს ალბუბეკრეს ოფისში კოსმოსური ტექნოლოგიებისა და ატომური ენერგიის კომისიის მენეჯერად მუშაობდა.

ღირსშესანიშნაობები

როცა ბეზოსი "ამაზონის" დასაფუძნებლად სიეტლში მიემგზავრებოდა, გზად გრანდ კანიონის სანახავად შეჩერდა.

ქველმოქმედება

ალბუკერკელი მილიარდერი პრინსტონის კოლეჯში ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს ეუფლებოდა. 2011 წელს კი მან კოლეჯს $15 მილიონი გადასცა, რათა ნევროლოგიური დაავადებების შესასწავლი ცენტრი აშენებინათ.

სასიყვარულო ურთიერთობა

Wired profile-ის გვიანი 1990-იანი წლების გამოცემის თანახმად, ბეზოსს ქალებთან ურთიერთობისას ყოველთვის მაღალი სტანდარტი ჰქონდა დაწესებული − "ნომერ პირველი კრიტერიუმი იყო ის, რომ მინდოდა ქალი, რომელსაც ჩემი "მესამე მსოფლიოს ციხიდან" გამოყვანა შეეძლო", − განაცხადა მან.

კითხვა

გასაკვირი არაა, რომ ბეზოსი აქტიური მკითხველია. მისი საყვარელი რომანი კაზუო იშიგუროის The Remains of the Day-ია ("დღის ბოლოს"/"დღის ნარჩენები").

მომხმარებლის პირველ რიგში დაყენება

გაქვთ შეკითხვა ან შენიშვნა ამ კაცისთვის? უბრალოდ გაუგზავნეთ ის ჯეფ ბეზოსს ელ.მისამართზე: jeff@amazon.com როდესაც თქვენს წერილს ბეზოსი მიიღებს, ის მაშინვე თავის საუკეთესო თანამშრომელს გადაუგზავნის, რომელიც პრობლემას მოგიგვარებთ. ამის შემდეგ კი ბეზოსი დეტალურად გაეცნობა მთელ ამ პროცესს, რათა დარწმუნდეს, რომ პრობლემა მოგვარდა.

უბრალოება

მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, ის კვლავ ინარჩუნებს უბრალოებას, რაც მის სატრანსპორტო საშუალებასაც ეტყობა. 1997 წელს, როცა კომპანია სააქციო ბაზარზე გავიდა, ბეზოსს მდიდრული მანქანა არ შეუძენია. ამის ნაცვლად, მან თავისი ძველი, 1987 წლის Chevy Blazer, რომელსაც მუშაობისას პროდუქციის გადასატანად იყენებდა, Honda Accord-ით ჩაანაცვლა.

ყოველთვის ციფრებში

ბეზოსი კერ კიდევ სკოლის პერიოდში ფიქრობდა, როგორ გაეუმჯობესებინა ყოველდღიური პროცესი − მან თავისი პედაგოგების სწავლების მეთოდი შეაფასა. ბრედ სტოუნის წიგნის მიხედვით, მათემატიკის გაკვეთილზე, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში 11 წლის ბეზოსმა მეექვსე კლასის მასწავლებლების რეიტინგი შეადგინა. მან პედაგოგები მათი ეფექტურობის მიხედვით შეაფასა. ამისათვის კლასელებში გამოკითხვა ჩაატარა და შედეგები დაამუშავა, რათა საუკეთესო მასწავლებელი გამოევლინა.

როცა საქმე ვარსკვლავებს ეხება, უპირობოდ ხარჯავს

ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ის შესანარჩუნებლად კოსმოსური კომპანიისთვის ყოველწლიურად $1 მილიარდის ოდენობის "ამაზონის" აქციებს გამოყოფს. $127 მილიარდიანი ქონების პატრონისთვის ეს შესაძლოა ზღვაში წვეთია, თუმცა ბეზოსმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამყაროს საზღვრების შესწავლა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. "Blue Origin ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ვახორციელებ... არ მინდა ჩემი შვილთაშვილების შვილთაშვილებმა სტატიკურ ცივილიზაციაში იცხოვრონ".

Google-ის დასაწყისში

Amazon-ის დაფუძნებიდან თითქმის 5 წელიწადში, ბეზოსმა ისეთი ინვესტიცია დააბანდა, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის უნარზე, დასაწყისიდანვე შეამჩნიოს წარმატებული ბიზნესი. 1990-იანი წლების ბოლოს, მან Google-ში $1 მილიონი დააბანდა. "ამაზონს" ასეთი წარმატებისთვის რომც არ მიეღწია, ეს ფსონი სამომავლო პერსპექტივაში ბეზოსს მაინც დიდ თანხას მოუტანდა.

ის ყოველთვის არაა მოწინავე

სანამ ბილ და მელინდა გეიტსები თავიანთი დროის დიდ ნაწილს ქველმოქმედებას უთმობენ, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის მსოფლიოს ტოპ-10 მილიარდერთა შორის, ქველმოქმედების გაცემის მიხედვით, ჯეფ ბეზოსი ბოლო ადგილზე გავიდა.

დამაინტრიგებელი ინვესტიციები

ბეზოსს არაერთხელ უსაუბრია თავის გამოცდილებაზე, რომელიც ბავშვობაში ფერმაში მუშაობისას მიიღო. როგორც ჩანს, სოფლის მეურნეობასთან შეხებამ მასზე გარკვეული გავლენა იქონია. ბეზოსმა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო მემცენარეობის პროდუქტების ვერტიკალური წარმოების სტარტაპ Plenty-ში, რომელიც მაღალ შენობებზე სინათლის გამავრცელებელი დიოდებით, ყოველგვარი ნიადაგისა და მზის სინათლის გარეშე მცენარეების გაზრდას გულისხმობს. ამჟამად კომპანია Plenty ჩინეთში 300 ასეთ ვერტიკალური გამწვანების მოდელზე მუშაობს.

უჩვეულო დიზაინი

მართალია, Amazon-ი ახლა მასშტაბური კომპანიაა, მაგრამ თავიდან ისიც მცირე ბიზნესი იყო, ამიტომ ბეზოსი სტრატეგიულად მიუდგა საოფისე ავეჯის საკითხს და იმისათვის, რომ ავეჯისთვის ბევრი ფული არ დაეხარჯა, თვითონ და მისმა ძველმა თანამშრომლებმა ხის კარებისგან მაგიდები თავიანთი ხელით გააკეთეს. დროთა განმავლობაში ასეთი დიზაინის მაგიდები Amazon-ში ტრადიციად იქცა და 20 წლის შემდეგაც, ბეზოსი და მისი დიდი გუნდი ამ თავდაპირველი კონსტრუქციის სხვადასხვა ვარიაციებს იყენებენ. ბოლო ბლოგპოსტის თანახმად, "ამაზონმა" კარის სამაგიდო ჯილდოც კი შექმნა − "საუკეთესოდ აშენებული იდეებისთვის, რომელიც მომხმარებლებს დაბალი ფასებით დაეხმარება".

დაშვება

ჯეფ ბეზოსი 2003 წელს სიკვდილს გადაურჩა, როცა ვერტმფრენით Blue Origin-ის რაკეტების გამოსაცდელ ტერიტორიებს ეძებდა. ერთ-ერთი ასეთი გასვლისას, ტექსასში მისი ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბეზოსმა კი მცირედი დაზიანებები მიიღო. მართალია მალევე გამოჯანმრთელდა, თუმცა ვერტმფრენით მეორედ გასეირნებას ნამდვილად აღარ აპირებს. "იმ წუთებში თავში არაფერმა განსაკუთრებულმა არ გამიელვა. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, იყო ის, რომ ასე სიკვდილი სულელური იქნებოდა", − განუცხადა ბეზოსმა Fast Company-ის 2004 წელს, − "ეს გამოცდილება ჩემთვის გარდამტეხი არ ყოფილა, თუმცა კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე − შეძლებისდაგვარად ვერიდო ვერტმფრენებს. ისინი არც ისე სანდოა, როგორც სხვა თვითმფრინავები".

საუკეთესო მეგობრები

აპრილში დუეინ ჯონსონის მორიგი ფილმის პრემიერის კვირეულზე, ბეზოსმა გაამჟღავნა, რომ "კლდის" (დუეინ ჯონსონის) დიდი გულშემატკივარია.

სოციალური მედიის წყალობით, ჯონსონმა და ბეზოსმა ერთმანეთი სადილზეც კი მიიწვიეს. როგორც გაირკვა, ბეზოსი თავისი კომპანიის წერილებზე საკუთარი სახლის სავარძლიდან მუშაობდა, ახლოს კი დიდი სათამაშო პანდა ედო. ამ პროცესში ბეზოსმა სელფი გადაიღო. Twitter-ზე ბეზოსმა ჯონსონის ახალი ფილმის პოსტერთან გადაღებული ფოტოც განათავსა, მას კი თვითონ დუეინ ჯონსონიც გამოეხმაურა.

როგორც ჩანს, ამ ორი ვარსკვლავის დამეგობრება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ბეზოსიც და "კლდეც" ორივე მელოტი, ოჯახის კაცები არიან, რომლებმაც კულტურაზე დიდი გავლენა იქონიეს. აშკარაა, რომ მათ ბევრი აქვთ საერთო.

ველური სიმდიდრე

ბეზოსს ამჟამად $150 მილიარდის ქონება აქვს, რაც $55 მილიარდით უსწრებს უმდიდრესთა სიაში მეორე ადგილზე მყოფის ქონებას. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბეზოსის ქონებამ ამ სიმაღლეებს Amazon's Prime Day-ის (პრემიერ-დღის) დამსახურებით მიაღწია. ყველაზე მდიდრების სიაში მას Microsoft-ის დამფუძნებელი − ბილ გეითსი, $95.3 მილიარდიანი ქონებით მოსდევს. სხვათა შორის, გეიტსს საქველმოქმედო მიზნებისთვის, "გეიტსის ფონდისთვის" რომ არ გაეცა თანხები, ბეზოსის ნიშნულს ძალიან მიუახლოვდებოდა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"