ტიხრული მინანქრის საიუველირო ნაწარმი - ქალი ოსტატისგან გაიცანით Mariam Ninikashvili Jewelry!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ქართული ტიხრული მინანქრის ისტორია საუკუნეებს ითვლის. მას მხატვრული სტილისა და დამუშავების სრულიად უნიკალური ტექნოლოგიური მახასიათებლები აქვს, რის გამოც სპეციალისტებისა თუ რიგითი ადამიანების მხრიდან ინტერესი მის მიმართ არ ნელდება. განსაკუთრებით მიმზიდველი და ესთეტიკურია ტიხრული მინანქრის საიუველირო ნაწარმი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია.

საქართველოში ტიხრული მინანქრის სამკაულის არაერთ მაღაზიას, სახელოსნოს და ოსტატს შეხვდებით. სწორედ მინანქრის ქალ ოსტატებს შორის არის მარიამ ნინიკაშვილი, რომელიც უკვე 9 წელია დამოუკიდებლად მუშაობს და მინანქრის მრავალფეროვან სამკაულს ქმნის. მარიამის საქმიანობა ამ ტექნოლოგიის სრულ ციკლს მოიცავს − მეტალის დამუშავებიდან, მინანქრის ჩასმამდე. საქმე ოქრომჭედელი მამისგან ისწავლა. 10 წლიდან ამ საქმიანობაშია ჩართული და მისი ყველა ნიუანსი იცის. თავდაპირველად, მამა მეტალსა და ბუნებრივ ქვაზე მუშაობას ასწავლიდა. მარიამის ინტერესი კი ასაკის მატებასთან ერთად საიუველირო მინანქრის სფეროს მიმართ იზრდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, საპატრიარქოს კოლეჯში მინანქრის უკეთ შესასწავლად, გამოცდები შესაბამის ფაკულტეტზე ჩააბარა. შემდეგ ფონდ "ლაზარეს" სახელოსნოში გააგრძელა სწავლა. სწორედ ამ ფონდის დახმარებით, მეგობრებთან ერთად გახსნა პირველი სახელოსნო.

პირველი პერსონალური გამოფენა 2016 წელს გალერეა "ვაჩეში" ჰქონდა. შემდეგი პერსონალური გამოფენა უკვე 2017 წელს ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში გამართა. გასული წლიდან კი უკვე სხვებს უზიარებს და ასწავლის მინანქრის საიდუმლოებებს და საიუველირო საქმიანობის ტექნიკას. მათ შორის, უძველეს ქართულ ჭედურობასა და ფილიგრანს.

"ყველაზე რთული ალბათ დასაწყისი იყო, რადგან არ იცი, მოეწონებათ თუ არა შენი დიზაინით, გემოვნებით დამზადებული სამკაული. პირველი შემფასებელი მამა იყო. როცა დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, მისი რჩევა, შემექმნა ის, რაც მომწონდა და რასაც თავად ვატარებდი, ძალიან დამეხმარა. როცა ახალს ვქმნი, პირველად მე მოვირგებ, რომ ვნახო, კომფორტულია თუ არა. ამის შემდეგ ვაქვეყნებ სოციალურ ქსელში და ვუზიარებ სხვებსაც" − გვიყვება მარიამი.

მარიამ ნინიკაშვილის თვითმყოფადი სტილით შექმნილი სამკაულები საკმაოდ მრავალფეროვანი და ფერადოვანია. სხვადასხვა ორნამენტითა თუ გამოსახულებით დამშვენებული ორიგინალური გულსაბნევები, საყურეები, ყელსაბამები, ბეჭდები თუ სამაჯურები თანამედროვე ცხოვრების სტილსა და სამოსს მოდურ აქსესუარად ერწყმის. ბოლო დროს მომხმარებლებისგან წამოსული ინტერესისა და მოწონების საპასუხოდ, ხელის მტევნის სამაჯურებს ამზადებს, რომლებიც საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება და სატარებლადაც მოსახერხებელია.

"ჩემს სამკაულს გამოარჩევს განსხვავებული დიზაინი, მინანქარი, რადგან სტანდარტულ მინანქარს, რომელიც ბაზარზეა, იშვიათად ვამზადებ. განსხვავება კი შესრულების ტექნიკაა: ჩაქცეული მინანქარი, ფილიგრანის ტიხარი, ცვარას დეტალები, ფერები" − ამბობს მარიამ ნინიკაშვილი.

მარიამის ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა მსურველებს არაერთ ლოკაციაზე შეუძლიათ. გალერეებსა და მაღაზიებში: Caucasus decoroom, Form, გალერეა "არტ ლაინი" და "ეთნოდიზაინი".

ხელოვანი მუდმივად განვითარების, დაკვირვების, ახლისა და ინსპირაციის ძიების პროცესშია. კითხვაზე, თუ სად პოულობს მთავარ შთაგონებას, მარიამ ნინიკაშვილი გვპასუხობს:

"უმეტესად, მეტალი და ბუნებრივი ქვები გვკარნახობენ, როგორი სამკაული უნდა შექმნა და გადმოსცე პატარა ისტორია. ხშირად დავდივარ მუზეუმში. ყოველთვის რაღაც საინტერესოს ვპოულობ, რაც მეხმარება ახლის შექმნაში − ორნამენტები, ბუნებრივი ქვები, ფერები. საოცარია ქართული მინანქარი, განსაკუთრებით ხახულის ხატი − ყველაზე დიდი ტიხრული მინანქარი. როცა სასწავლებელში ახალი ჯგუფი იქმნება, თავდაპირველად მუზეუმში მივდივართ, რადგან უკეთ ნახონ, სხვა თვალით შეხედონ, რას ისწავლიან და რისი შექმნა მოუწევთ".

სხვებისთვის ცოდნის გადაცემისა და გაზიარების პარალელურად, მუშაობას არც საკუთარ თავზე წყვეტს. საკუთარ ხედვებსა და მკაფიოდ გამოხატულ სტილს მიჰყვება, რომელიც როგორც სახელოვნებო წრეებში, ასევე საიუველირო ბაზარზე საკუთარ გამორჩეულ ნიშას აძლევს. მის ნამუშევრებს კი სახელობით ბრენდად, სახელწოდებით Mariam Ninikashvili Jewelry აქცევს.

"ვფიქრობ უნდა იპოვო და აკეთო ის, რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს. რისკი იმისა, რომ შენს ნამუშევარს დააკოპირებენ, ყოველთვის არის. სახელის ცნობადობასთან ერთად, იზრდება ეს რისკიც, თუმცა ეს ხელს არ გიშლის წინ წახვიდე, რადგან მიმაჩნია, რომ თუ "გაკოპირებენ", ესე იგი რაღაც ღირებულს და განსხვავებულს ქმნი. პირიქით − ეს კარგიც არის შენი ზრდისთვის და იმისათვის, რომ ყოველდღიურად შექმნა რაღაც ახალი. წარმატება კი სწორედ ყოველდღიური დაუღალავი შრომით მოდის", − ამბობს მარიამი და ახალი იდეებით სავსე, მომავალშიც საინტერესო კონცეფციისა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით შესრულებულ არაერთ ნამუშევარს გვპირდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი