Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ეკოლოგიურად სუფთა ''მარის ღვინო'' გაიცანით ქართველი მეღვინე გოგონა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

როდესაც საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეზე, კახეთზე საუბარს დავიწყებთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ქართული ვაზის ჯიშებიც და არ გაგვახსენდეს კახური მარანი. სწორედ კახეთის სოფელ ველისციხეში არსებული ვენახებიდან მოწეული ყურძნით აწარმოებს მარიამ გორაშვილი სამი სახის ღვინოს: რქაწითელს, საფერავს (ნახევრადტკბილი) და საფერავს (მშრალი).

ბიზნესის დაწყება სტუდენტურ წლებს უკავშირდება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ გორაშვილების ოჯახში ღვინის წარმოების მრავალწლიანმა ისტორიამ დიდი გავლენა მოახდინა მარის გადაწყვეტილებაზე − წამოეწყო საქმიანობა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო მის გულთან. უმაღლესი ხარისხის ღვინო, რომელიც ოჯახში ყოველწლიურად იწურებოდა, მხოლოდ სახლისთვის იყო განკუთვნილი, მარიმ კი ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო საკუთარი სახლის კედლებსაც გასცდენოდა და იდეის დამუშავება დაიწყო.

როგორც ის იხსენებს, საკუთარი გეგმების გასახორციელებლად, გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, თეორიული ცოდნაც მიიღო, ასევე ჩაერთო ფონდ "კრისტალის" პროექტში Yes Georgia, რომელიც დაეხმარა ბიზნესიდეისთვის ხორცი შეესხა და რეალობად ექცია.

"თითოეული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, ჩვენი რქაწითელის ვაზი დაახლოებით 40 წლისაა და ამ დროის განმავლობაში შხამქიმიკატით არ შეწამლულა. იგი მხოლოდ კახური ტრადიციული შაბით და კირით იწამლება. სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, გამოირჩევა განსაკუთრებულად მოყვანის, დამუშავებისა და დაყენების პროცესით", − აღნიშნავს მარიამ გორაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციაა, იგი მაინც მამაკაცის საქმიანობად მიიჩნეოდა. შესაბამისად, მარის ამ კუთხითაც მოუწია დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობა და უნარები. "ნებისმიერი საქმის წამოწყება რთულია, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი − როდესაც ბიზნესი დავიწყე, ბევრი ბანალური ფრაზა მესმოდა: "კონკურენციას ვერ გაუძლებ"; "ქალი და მეღვინე?!" და ა.შ. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ველოდი, მაგრამ თავიდანვე მჯეროდა საკუთარი თავისა და პროდუქტის. უდიდესი მოტივაცია იყო, როდესაც ღვინის გამოფენაზე ერთ-ერთმა მეღვინემ ჩემი ღვინის დაგემოვნებისას მითხრა, რომ არასოდეს შემეწყვიტა საქმიანობა, რადგან ღვინო არაჩვეულებრივი იყო", − გვიყვება მარი.

თავდაპირველად ღვინო მხოლოდ ფესტივალებზე გამოჰქონდა, მოგვიანებით კი, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა იურიდიული სახე მისცემოდა ამ საქმიანობას და სწორედ ამ დროს შეიქმნა შპს "მარის ღვინო".

"რა თქმა უნდა, ასეთ საქმეში რთულია მარტო ყოფნა, ამიტომ ჩემი ძმა − ვანო გორაშვილი დამეხმარა. იგი გრაფიკული დიზაინერია და სარეკლამო საქმიანობის კუთხით მართავს ბიზნესს. ჩვენ ერთად ვავითარებთ კომპანიას", − ამბობს მარიამი.

დღესდღეობით "მარის ღვინო" მხოლოდ ორ მაღაზიაში იყიდება, მაგრამ რა თქმა უნდა იგეგმება გაფართოება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვრებს გარეთ. ამჟამად მარანს რესტავრაცია უტარდება და დაახლოებით გაზაფხულზე მასპინძლები ტურისტების მიღებასაც შეძლებენ.

"ამ პლატფორმის საშუალებით ვისარგებლებ და ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ მარცხს ნუ შეუშინდებიან, რადგან სწორედ ბევრ წარუმატებლობას მოაქვს საოცნებო გამარჯვება. ასე რომ იოცნებეთ, დაისახეთ მიზნები და შეასრულეთ", − გვითხრა ინტერვიუს დასასრულს მარიმ.

შეგახსენებთ, პროდუქტის შეძენა შესაძლებელია Entrepreneur Shop-ზე!

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს