შრომით სამართლებრივ დავებზე მომუშავე იურისტების/ადვოკატების განცხადება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შრომით დავებზე მომუშავე იურისტებს და ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ქართველი ერის ისტორიული და შეგნებული არჩევანია. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება 2028 წლამდე ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლს და ქართველი ხალხის ურყევ ნებას.
ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ ქვეყანაში არსებულმა დაძაბულმა ვითარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დასაქმებულთა შრომითი უფლებები. შესაბამისად, აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია შრომის კოდექსით მათთვის მინიჭებული უფლებების შესახებ.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დასაქმებულთა მიერ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ხშირად ისმის სიტყვა გაფიცვა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანონიერ გაფიცვამდე აუცილებელია კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცვა უკანონოდ შეიძლება იყოს მიჩნეული.
პოპულარულ ენაზე გამოყენებული სიტყვა "გაფიცვა" მიმდინარე კონტექსტში პროტესტის გამოხატვის ფორმად გამოიყენება, თუმცა სხვა შინაარსის მატარებელია შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში.
თუ დასაქმებულთა სურვილია, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია/აზრი/შეხედულება, ეს შესაძლებელია, იყოს არა შრომით სამართლებრივი გაფიცვა, არამედ სამოქალაქო პროტესტი (აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო). იმისთვის, რომ დროებით შეჩერდეს შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან, ეს შესაძლებელია ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია ნაცვლად გაფიცვისა, გამოიყენებულ იქნას სიტყვა პროტესტი, ხოლო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულებით.
ამავდროულად, დამსაქმებლებმა პატივი უნდა სცენ და მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება.
აქციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დასაქმებულებს უფლება აქვთ, მოითხოვონ შრომისუუნარობის გამო შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერება (არაუმეტეს ზედიზედ 40 კალენდარული დღით). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას საავადმყოფო ფურცლის გასახსნელად.
ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში:
- დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთება;
- დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება;
- ზემოთ აღნიშნულ ვადაში დამსაქმებლის პასუხის მიღებიდან ან ამ ვადის პასუხის გარეშე ამოწურვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დასაქმებულს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით დარღვეული შრომის უფლების აღდგენის მოთხოვნით, მათ შორის, უფლება აქვს, მოითხოვოს დაკავებულ პოზიციაზე აღდგენა და განაცდური ხელფასი. დისკრიმინაციის შემთხვევაში კი მას დამატებით უფლება აქვს, მოითხოვოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა და სამოქალაქო და მორალური ზიანის ანაზღაურება.
რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების გამო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას ან/და მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, ეს წარმოადგენს დისკრიმინაციისმაგალითს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მოქმედ საქართველოს კანონსა და შრომის კოდექსს.
მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში:
- დამსაქმებელი ვალდებულია, მასობრივ დათხოვნამდე არანაკლებ 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს მინისტრსა და იმ დასაქმებულებს, რომლებსაც შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები. დამსაქმებელი ვალდებულია მინისტრისთვის გაგზავნილი შეტყობინების ასლი გაუგზავნოს დასაქმებულთა გაერთიანებას (მისი არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა წარმომადგენლებს). მასობრივი დათხოვნა ძალაში შედის მინისტრისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ;
- დასაქმებულებს უნდა მიეცეთ კონსტრუქციული წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთა გაერთიანებას (მისი არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა წარმომადგენლებს) წერილობით შეატყობინოს შემდეგი ინფორმაცია: დაგეგმილი მასობრივი დათხოვნის მიზეზები, დასათხოვ დასაქმებულთა რაოდენობა და კატეგორია, ორგანიზაციაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და კატეგორიები, დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც განხორციელდება მასობრივი დათხოვნა, კრიტერიუმები, რომლებითაც ხდება დასათხოვ დასაქმებულთა შერჩევა და მათთვის კომპენსაციის გადახდა.
ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესასწავლად მიზანშეწონილია, დასაქმებულმა გაიაროს კონსულტაცია იურისტთან.
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
წინამდებარე განცხადება ღიაა იურისტების/ადვოკატებისთვის ხელმოსაწერად