ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის EVA - შეაფასე. გაუმჯობესდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ადამიანური კაპიტალი არის ორგანიზაციის შიგნით და მასთან დაკავშირებული ადამიანების კუმულაციური ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების შესრულებაზე გავლენას ახდენენ. ასევე, კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებენ ორგანიზაციას მათი საქმიანობის შედეგების ოპტიმიზაციის გზით" (ISO 30414 - საერთაშორისო სტანდარტი "ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება")

ადამიანური კაპიტალი თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს. ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომელსაც ადამიანები აგროვებენ და ავითარებენ, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე პირდაპირ აისახება.

განათლებული და კვალიფიციური სამუშაო ძალა ინოვაციებს ქმნის, ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს და წარმოების ეფექტიანობას ზრდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის როლი გლობალურ ჭრილში. დღეს, როდესაც ცოდნა და ინოვაციები კონკურენტული უპირატესობის მთავარ წყაროს წარმოადგენს, ქვეყნების წარმატება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული მათი მოსახლეობის განათლების დონესა და პროფესიულ კომპეტენციებზე.

მდგრადი განვითარების კონტექსტში ადამიანური კაპიტალი გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების გადაჭრაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა ინოვაციური და ეკოლოგიურად მდგრადი გადაწყვეტილებების შემუშავებას უკეთ ახერხებს, რაც აუცილებელია თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

რა მიჯდება ადამიანური კაპიტალი? რა არის ჩემი ამონაგები ამ ინვესტიციიდან? რა არის ადამიანური კაპიტალის რაოდენობრივი წვლილი ჩემი ბიზნესის წარმატებაში? რა უნდა გავაკეთო, რომ ეს შედეგები შევინარჩუნო ან გავაუმჯობესო?

ეს ის კითხვებია,რომლებზე პასუხიც სწორედ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგებაში შეუძლია იპოვოს ყველა ბიზნესმა მათი ზომის, საქმიანობის და ლოკაციის მიუხედავად.

ISO 30414 წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ორგანიზაციებს ადამიანური კაპიტალის შესახებ სტრუქტურირებული და გამჭვირვალე ანგარიშგების წარმოებაში ეხმარება. ეს სტანდარტი 2018 წელს შემუშავდა და პასუხობს თანამედროვე ბიზნესის მზარდ საჭიროებას - უკეთ გაზომოს და შეაფასოს ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობა.

სტანდარტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის აერთიანებს როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ მაჩვენებლებს ადამიანური კაპიტალის სხვადასხვა ასპექტის შესაფასებლად. ეს მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ორგანიზაციული კულტურა, თანამშრომელთა კეთილდღეობა, პროფესიული განვითარება და ლიდერობა. თითოეული ეს კომპონენტი ერთობლიობაში სრულ სურათს ქმნის ორგანიზაციის ადამიანური კაპიტალის მდგომარეობის შესახებ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტანდარტის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ გზით მიღებული სტრუქტურირებული ინფორმაცია მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითრების შესახებ უფრო ინფორმირებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს დამსაქმებლის ბრენდინგის, თანამშრომლების მოზიდვის და შენარჩუნების, საკომპენსაციო სისტემების და ბენეფიტების, თანამშრომლების სწავლების და განვითარების და შესრულების მართვისა და შეფასების მიმართულებით.

თანამედროვე ბიზნესგარემოში, სადაც ადამიანური კაპიტალი კონკურენტული უპირატესობის მთავარ წყაროს წარმოადგენს, ISO 30414 სტანდარტი ორგანიზაციების ხელში სულ უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება. ის არა მხოლოდ ეხმარება მათ, უკეთ გაზომონ და მართონ თავიანთი ადამიანური რესურსები, არამედ ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურის განვითარებას, რომელიც გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და მუდმივ გაუმჯობესებას ეფუძნება.

ISO 30414 აერთიანებს 60 HR მეტრიკას 11 ძირითადი მიმართულებით:

- შესაბამისობა და ეთიკა;

- ხარჯები;

- მრავალფეროვნება;

- ლიდერობა;

- ორგანიზაციული კულტურა;

- ორგანიზაციული ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა;

- პროდუქტიულობა;

- დაქირავება, დაწინაურება და დენადობა;

- უნარები და შესაძლებლობები;

- ჩანაცვლების დაგეგმვა (succession planning);

- სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა.

სალომე არღვლიანი EVA-ს დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და ISO 30414 საერთაშორისო სტანდარტის პირველი დამნერგავი კონსულტანტია საქართველოში, რომელიც აღნიშნულ თემაზე ისაუბრებს. სალომე ასევე არის ISO 9001, ISO 21001, ISO 10667 დანერგვის სერტიფიცირებული ექსპერტი და ID37 სერტიფიცირებული მასტერი. საქართველოსა და გერმანიაში მიღებული განათლებითა და 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიული მართვისა და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტების დანერგვაში.

ქართული ბიზნესსექტორი საინტერესო ეტაპზე იმყოფება ISO 30414 სტანდარტის დანერგვის პერსპექტივის თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა ISO სტანდარტების დანერგვასა და გამოყენებაში. მაგალითად, ხარისხის მართვის (ISO 9001), გარემოსდაცვითი (ISO 14001) თუ საინფორმაციო უსაფრთხოების (ISO 27001) სტანდარტები წარმატებით ფუნქციონირებს მრავალ ქართულ ორგანიზაციაში და მათი დადებითი გავლენა ბიზნესპროცესებზე დადასტურებულია.

თუმცა, როდესაც საქმე ეხება ადამიანური კაპიტალის მართვას და განვითარებას, აქ გამოწვევები ჯერ კიდევ საყურადღებოა. ბევრი ქართული კომპანიისთვის HR სისტემების განვითარება და ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა პრიორიტეტულ მიმართულებას ჯერ კიდევ არ წარმოადგენს. ეს ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ ბევრი ორგანიზაცია კვლავ ფოკუსირებულია უფრო ოპერაციულ საკითხებზე და გრძელვადიან განვითარებას ნაკლებ ყურადღებას უთმობს.

მიუხედავად ამისა, პოზიტიური ტენდენციები თვალსაჩინოა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვის მნიშვნელობას. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა მსხვილ კომპანიებში, რომლებიც აქტიურად ნერგავენ თანამედროვე HR პრაქტიკებს და სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თანამშრომელთა განვითარებას.

სწორედ ამიტომ, გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ქართული ბიზნესსექტორი თანდათანობით უფრო მეტად დაინახავს ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების სარგებელს და დაიწყებს მის აქტიურ გამოყენებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს ტრენდი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, რაც ქართულ კომპანიებს უბიძგებს საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ISO 30414-ის დანერგვისკენ.

2023 წლის 31 ივლისს ევროკომისიამ მიიღო ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტები (ESRS). ESRS წარმოადგენს სტანდარტებს, რომლებიც ადგენენ ანგარიშგების ფორმას კომპანიებისთვის, რომლებიც ვალდებული არიან, მოახდინონ ანგარიშგება მდგრადობასთან დაკავშირებულ ზემოქმედებებზე, რისკებსა და შესაძლებლობებზე ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) მიხედვით.

CSRD-ის მიზანია კომპანიებს შორის მდგრადი პრაქტიკის ხელშეწყობა მათი მდგრადობის შესრულების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით.

ევროკავშირი მოითხოვს კომპანიებისგან, გააზიარონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებენ და მართავენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს.

ESRS S1 სამუშაო ძალის ანგარიშგება სავალდებულო გახდება მცირე და საშუალო ბიზნესისა და მსხვილი კომპანიებისთვის. ამრიგად, კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, განახორციელონ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, რათა გამოთვალონ მათ მიერ ადამიანურ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციის უკუგება და გავლენა როგორც საკუთარი ბიზნესის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

ანგარიშგების ვალდებულებას ექვემდებარებიან:

ევროკავშირში დაფუძნებული და ევროკავშირის არაწევრი მსხვილი ორგანიზაციები, რომლებიც ჩამოთვლილია ევროკავშირის რეგულირებულ ბაზარზე, დაიწყებენ ანგარიშგებას 2026 წლის ფინანსური პერიოდებისთვის, დაწყებული 2025 წლის 1 იანვრიდან ან შემდეგ.

ევროკავშირის მცირე და საშუალო საწარმოები და ევროკავშირის არაწევრი სუბიექტები, რომლებიც ჩამოთვლილია ევროკავშირის რეგულირებად ბაზრებზე, იწყებენ ანგარიშგებას 2027-2029 წლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან დაწყებული ფინანსური პერიოდების შესაბამისად.

ევროკავშირის არაწევრი კომპანიები ევროკავშირის მნიშვნელოვანი შვილობილი კომპანიებით ან ფილიალებით იწყებენ ანგარიშგებას 2029 წელს ფინანსური წლებისთვის, დაწყებული 2028 წლის 1 იანვრიდან ან შემდეგ.

სიამაყით აღვნიშნავ, რომ EVA არის პირველი ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფლობს ISO 30414 სტანდარტის დანერგვის და აუდიტის ჩატარების უფლებას და ოფიციალურად წარმოადგენს საერთაშორისო მასერტიფიცირებელ ორგანოებს.

საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით EVA 2020 წლიდან ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის მდგრად განვითარებას ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვის მეშვეობით.

ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას და ისეთი სისტემების დანერგვას, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და განვითარებას ბიზნესის მოკლე და გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.

ადამიანური კაპიტალის მართვა მოიცავს სტრატეგიულ დაგეგმვას, ტალანტების მოზიდვას, მართვას და განვითარებას, შესრულების მართვას და ორგანიზაციული კულტურის განვითარებას.

ამ პროცესის მხარდაჭერისთვის EVA-ს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს:

- HCM Metrics-ი პირველი საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ბრიტანული კომპანია, რომელიც ახორციელებს სერტიფიცირებას ISO 30414 სტანდარტის შესაბამისად.

- HR Metrics-ი, ასევე, ISO 30414 და SHRM მასერტიფიცირებელი კომპანია, რომელიც აქტიურად ოპერირებს აზიის ქვეყნებში.

- Towering certification-ი, გერმანული მასერტიფიცირებელი კომპანია, ახორციელებს HR სერვისპროვაიდერებისა და HR პროფესიონალების სერტიფიცირებას ISO 10667 სტანდარტის შესაბამისად.

- ID37 GmbH, გერმანული კომპანია, რომელმაც შექმნა ID37 მოტივების ტესტი და ანალიზი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ინდივიდუალური მოტივების ანალიზი და შედეგებით ინდივიდების კარიერული განვითარების დაგეგმვა, კომპანიებში რეკრუტინგი, სტრუქტურის შემუშავება, ლიდერობის გაძლიერება, თიმბილდინგი და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ISO 30414 საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასა და სერტიფიცირებაზე EVA-ს მოწვეული ექსპერტი, ანი გაგუა საუბრობს. ანი ISO 30414 სტანდარტის პირველი სერტიფიცირებული პროფესიონალი/კონსულტანტი და საერთაშორისო აუდიტორია საქართველოში. ადამიანური რესურსების სტრატეგიულ მართვასა და ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ანის კრიტიკულად მნიშნელოვანი როლი აქვს EVA-ს პროექტებში.

"სტანდარტის დანერგვის პროცესი მოითხოვს სისტემურ მიდგომას და ორგანიზაციის სხვადასხვა დონის ჩართულობას. ეს იწყება მონაცემების შეგროვებით, რომელიც უნდა იყოს ზუსტი და სანდო. შეგროვებული ინფორმაცია შემდეგ გადადის ანალიზის ეტაპზე, სადაც ხდება ტრენდების იდენტიფიცირება და მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი აისახება ანგარიშში, რომელიც წარედგინება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს - რიგითი თანამშრომლიდან ინვესტორამდე", - აღნიშნავს ანი გაგუა.

სტანდარტის სწორად დანერგვით, ფაქტობრივად, გარანტირებულია:

  • გაუმჯობესებული გადაწყვეტილების მიღება - მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა, რისკების უკეთესი შეფასება, რესურსების ოპტიმალური განაწილება;
  • გაზრდილი გამჭვირვალობა - დაინტერესებული მხარეების ნდობის ამაღლება, ინვესტორებთან უკეთესი კომუნიკაცია, რეპუტაციის გაუმჯობესება;
  • ეფექტიანობის ზრდა - პროცესების ოპტიმიზაცია, ხარჯების კონტროლი, შედეგების გაუმჯობესება.

აუდიტის პროცესი არის სისტემური და მეთოდური მიდგომა ორგანიზაციის საქმიანობის შესაფასებლად. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს:

- დაგეგმვის ფაზა წარმოადგენს აუდიტის საფუძველს. ამ ეტაპზე აუდიტორები იწყებენ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლას, აფასებენ რისკებს და ადგენენ აუდიტის სტრატეგიას. ისინი განსაზღვრავენ აუდიტის მასშტაბს, ვადებს და საჭირო რესურსებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიდა კონტროლის სისტემების შეფასებას და მნიშვნელოვანი რისკების იდენტიფიცირებას.

- შემდეგ მოდის მტკიცებულებების შეგროვების ფაზა - აუდიტორები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს - დოკუმენტების მიმოხილვას, ინტერვიუებს, ფიზიკურ დათვალიერებას, ანალიზურ პროცედურებს. მნიშვნელოვანია, რომ შეგროვებული მტკიცებულებები იყოს საკმარისი და შესაფერისი დასაბუთებული დასკვნების გამოსატანად.

- ანალიზის ფაზა მოიცავს შეგროვებული ინფორმაციის დეტალურ შესწავლას. აუდიტორები აფასებენ, რამდენად შეესაბამება ორგანიზაციის საქმიანობა დადგენილ სტანდარტებს და მოთხოვნებს. ისინი ახდენენ გადახრების იდენტიფიცირებას, აანალიზებენ მათ მიზეზებს და შესაძლო გავლენას.

- დასკვნითი ეტაპი გულისხმობს აუდიტის ანგარიშის მომზადებას. ანგარიში უნდა იყოს ობიექტური, მკაფიო და კონსტრუქციული. მასში დეტალურად არის აღწერილი აუდიტის მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები გაუმჯობესებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები იყოს პრაქტიკული და განხორციელებადი.

- შემდგომი მონიტორინგის ფაზა ემსახურება აუდიტის რეკომენდაციების შესრულების კონტროლს. აუდიტორები აკვირდებიან, როგორ ახორციელებს ორგანიზაცია შეთავაზებულ ცვლილებებს და რა შედეგებს აღწევს. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია აუდიტის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

"აღსანიშნავია, რომ ISO 30414 სტანდარტი მოიაზრებს აქტიურ თანამშრომლობას კერძო და საჯარო სექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ და ბიზნესგაერთიანებებს შორის. ანგარიშგების წარმოება და შედეგების განხილვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შიდა პროცესების გასაუმჯობესებლად, არამედ მას დიდი გავლენა აქვს სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე, ურბანულ დაგეგმარებაზე, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაზე, მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე", - აღნიშნა სალომემ.

ბიზნესსექტორმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს თანამშრომელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. კომპანიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადამიანურ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიცია არა ხარჯი, არამედ ბიზნესის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის წინაპირობაა.

სახელმწიფომ უნდა შექმნას ხელსაყრელი გარემო ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ეს გულისხმობს საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას, საგადასახადო წახალისების მექანიზმების შემოღებას, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე, სტატისტიკური მონაცემების დახვეწას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ISO 30414-ის სტანდარტის დანერგვა ქართულ კომპანიებში, რაც წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის მართვის პირველ საერთაშორისო სტანდარტს. ეს სტანდარტი საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს:

  • გაზომონ და შეაფასონ თავიანთი HR პროცესების ეფექტურობა;
  • მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები თანამშრომელთა განვითარების კუთხით;
  • გააუმჯობესონ ორგანიზაციული გამჭვირვალობა;
  • შექმნან უფრო მიმზიდველი სამუშაო გარემო პოტენციური თანამშრომლებისთვის;
  • გაზარდონ კომპანიის მიმზიდველობა ინვესტორებისთვის.

ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების სტრატეგიულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაზრდის მიზნით EVA აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სექტორულ და ბიზნესგაერთიანებებთან.

EVA-ს ინიციატივითა და პარტნიორების ხელშეწყობით არაერთი სიღრმისეული ტრენინგი თუ ვორქშოფი ტარდება HR მეტრიკებსა და სტრატეგიულ მართვაზე. ამასთან, ვგეგმავთ აქტიურად ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებთან სასწავლო პროგრამებში სტანდარტით გათვალისწინებული საკითხების უკეთ წარმოსაჩენად.

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტის დანერგვის სახელმძღვანელოს ქართულ ვერსიაზე, სასწავლო პროგრამაც ქართულად მუშავდება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო მასალასთან და აღიარებულია მასერტიფიცირებელი ორგანოების მიერ.

ვინაიდან საერთაშორისო მასერტიფიცირებელი კომპანიების წარმომადგენლობა რეგიონულია, დავიწყეთ მოლაპარაკება სომხეთისა და აზერბაიჯანის HR პროფესიულ და ბიზნესგაერთიანებებთან, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და დავგეგმეთ მნიშვნელოვანი აქტივობები.

HR პროფესიონალების ცოდნის ამაღლებისა და სერტიფიცირებისთვის ძალიან საინტერესო პროგრამას ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს მომავალში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წარმოვადგენთ.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი