ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად, კახეთსა და იმერეთში, ''ტურიზმის კლასტერის'' ეგიდით ინფოტურები მოეწყო
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი "კლასტერები განვითარებისათვის", რომელიც GIZ-ის მიერ ხორციელდება, 2022 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ინფოტურის ფარგლებში კახეთსა და იმერეთში არსებულ "ტურისტულ კლასტერებს" ეწვია. ინფოტურის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით მომუშავე აქტიურ ტუროპერატორებსა და გიდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ კლასტერის წევრი მეწარმეები, შეესწავლათ მათი პროდუქტები, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეები და საქმიანი ურთიერთობა გაეღრმავებინათ მეღვინეებთან, ოჯახური სასტუმროების მფლობელებთან თუ ტრადიციული რეწვის სხვადასხვა დარგის ოსტატებთან.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, კახეთსა და იმერეთში ე.წ. "რუთები" − ტურისტული გზები შეიქმნა, რომლებიც აერთიანებს კლასტერის წევრ მეწარმეებს და უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტებისათვის ერთი მხრივ ამარტივებს მოგზაურობას, ხოლო მეორე მხრივ, მათ ამ რეგიონების კოლორიტის, ავთენტურობისა და ტრადიციული მასპინძლობის სრულყოფილად გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.
GIZ-ის მიერ ორგანიზებული ინფოტურის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur ტურისტული მიმართულებით პროგრამის ექსპერტს, თინა გვენეტაძეს ესაუბრა.
"კლასტერების შექმნის მთავარი მიზანი იყო, ამ ეტაპზე, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში მყოფი მეწარმეები საერთო ფასეულობებისა და იდეის გარშემო გაგვეერთიანებინა, ტრადიციული რეწვის ოსტატები, ბიომეღვინეები თუ ავთენტური ტიპის საოჯახო სასტუმროები ერთი კლასტერის პრინციპით მეტად ხელმისაწვდომი და საინტერესო გაგვეხადა უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტებისათვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების − ვიზიტორთა საქართველოში დარჩენის ხანგრძლივობის გაზრდის, გათვალისწინებით, შეიქმნა კახეთისა და იმერეთის "რუთები", რაც გაუადვილებს დამოუკიდებლად ჩამოსულ ტურისტებს საინტერესო ლოკაციების მოძებნას და კიდევ უფრო გაუღვივებს ინტერესს. ზოგადად, ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისათვის საკმაოდ რთულია ინდივიდუალურად პოზიციონირება, ერთად კი გაცილებით ძლიერები ვხდებით, ვიდრე ცალ-ცალკე, რითაც ტურისტებს სრულყოფილ გამოცდილებას ვუქმნით. კლასტერის აზრიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი წევრები დაკავშირებული არიან ერთიმეორესთან, თავიანთ სტუმრებს უზიარებენ ინფორმაციას სხვა მეურნეობების, მარნების, რეწვის ოსტატებისა თუ სასტუმროების შესახებ, რითაც მხარს უჭერენ ერთმანეთს", − აცხადებს თინა გვენეტაძე, − "კლასტერების ჩამოყალიბებას წინ უძღოდა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით მეწარმეების შერჩევა. გვსურდა ტურისტებისათვის მეტი აქცენტი გაგვემახვილებინა ნატურალურ, ბიომეურნეობებზე, ადგილობრივ გასტრონომიაზე, ავთენტური ტიპის გესტჰაუსებზე, რეგიონებისათვის დამახასიათებელ რეწვის კულტურებზე და სწორედ ასეთი ადამიანების გაერთიანება მოვახერხეთ. დღეს, პროექტის ფარგლებში, კლასტერის წევრები უკვე სრულიად ახლებურად სთავაზობენ თავიანთ პროდუქტებს სტუმრებს; ატარებენ მასტერკლასებს; პროდუქტთან ერთად ტურისტებს სთავაზობენ ინტერაქციულ აქტივობებს, რათა ადგილობრივ თავისებურებებთან გაცნობა, საინტერესო გამოცდილებად აქციონ".
როგორც პროგრამის ტურისტული მიმართულების ექსპერტი გვიამბობს, პროექტის ფარგლებში, კლასტერების წევრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, მათ შორის: საერთო რეგიონული "რუთებით" მოხდა მეწარმეების დაკავშირება, ჩატარდა არაერთი Networking-ღონისძიება; კლასტერის წევრთათვის, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და თანამშრომლობის განსახილველად, განხორციელდა პროფესიული დიზაინერული სერვისი; პროგრამის დაქირავებული სოც.მედიამენეჯერის მიერ კლასტერის წევრთა ვირტუალურ სივრცეებში არსებული გვერდები განახლდა და ა.შ. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ელ.კომერციის კუთხით ვებგვერდზე მუშაობა, რომელიც კიდევ უფრო მეტ პოპულარიზებას გაუწევს მეწარმეთა პროდუქციას.
რაც შეეხება უშუალოდ კახეთსა და იმერეთში ჩატარებულ ინფოტურს, იგი ძირითადად ევროპის ბაზარზე მომუშავე ტუროპერატორებსა და გიდებზე იყო ორიენტირებული, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში არსებულ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და კლასტერის წევრ მეწარმესთან სამომავლო ბიზნესსაქმიანობას განაგრძობენ.
"ინფოტურის ფარგლებში, რომელიც 4 დღეს მოიცავდა თითოეულ რეგიონში, 20-ზე მეტ გიდსა თუ ტუროპერატორს გავაცანით კლასტერის 50-მდე ბენეფიციარი და მათი საქმიანობა. ასევე, ისინი გაეცნენ საგანგებოდ შექმნილ "რუთებს", რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ სეგმენტზეა მორგებული და საინტერესო იქნება როგორც გასტრონომიით, ისე ღვინითა თუ ლოკალური კულტურით დაინტერესებული ვიზიტორებისათვის. მაქსიმალურად ვეცადეთ, კლასტერის წევრებთან მისულ გიდებსა თუ ტუროპერატორებს მიეღოთ ზუსტად ის გამოცდილება, რასაც მეწარმეები თავიანთ სტუმრებს სთავაზობენ და ეს უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ინფოტურში წამოსული ადამიანები ძირითადად ევროკავშირის ბაზრებთან თანამშრომლობენ და ახლო მომავალში, ისინი თავიანთ პარტნიორებს ახალ პროდუქტებს შესთავაზებენ კლასტერის წევრი მეურნეობების სახით", − აღნიშნავს თინა გვენეტაძე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტში გერმანიაში, ტარდება ITB ტურისტული გამოფენა, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, ხოლო წლევანდელი გამოფენის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება. "ტურისტული კლასტერის" წევრები დაესწრებიან აღნიშნულ ღონისძიებას, წარადგენენ თავიანთ პროდუქციას და ეცდებიან მეტი უცხოელი დააინტერესონ საქართველოს ტურისტული პოტენციალით, ისევე, როგორც უშუალოდ მათი სერვისით.
ინფოტურს საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა − როგორც ტუროპერატორების, ისე უშუალოდ კლასტერის წევრების მხრიდან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრების პარალელურად, საფუძველი დაედო არაერთ პარტნიორულ შეთანხმებას, რაც კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგს აქტიური ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ მოიტანს.
"ვფიქრობ, ასეთი ტიპის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია ტურიზმის სფეროს განვითარებისათვის. 12 წელია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობ და ჩემთვისაც კი სიურპრიზი იყო ზოგიერთი ლოკაცია, რომელიც ინფოტურის ფარგლებში ვნახეთ. ბევრ ასეთ მცირე მეურნეობას კარგად ვიცნობ და ვმუშაობ მაღალი ხარისხის ბიო, საოჯახო თუ ორგანული პროდუქტების მიმართულებით, ხოლო ამ ტურის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიცანი როგორც იმერეთში, ისე კახეთში. ტურის შემდეგ, უკვე მქონდა რამდენიმე მოლაპარაკება ჩემს პარტნიორებთან ევროპაში და ვფიქრობ, მაისი-ივნისის პერიოდიდან კლასტერის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობასაც დავიწყებთ", − ცოტნე ჯაფარიძე, Traffic Travel.
"მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია ტურიზმის სფეროში ვარ ჩართული, ბევრი მარანი, მეურნეობა თუ ლოკაცია ჩემთვის სიახლე იყო. მე ძირითადად საავტორო და ექსკლუზიური ტურების მიმართულებით ვმუშაობ და რაც ინფოტურში ვნახე, იდეალურია ჩემი მიმართულებისათვის. ინფოტური იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული, კლასტერის წევრებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები გატარდა პროდუქტის განვითარების კუთხით და ახლა მთავარია, მათ მიიღონ სწორი უკუკავშირი, გააუმჯობესონ თავიანთი შეთავაზებები და აქტიური ტურისტული სეზონის დადგომისთანავე, მთელი ეს შრომა, რეალური შედეგის მიღწევისკენ მიემართოს. ჩემი მხრიდან დაწყებული მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან, რომელთაც უკვე შევთავაზე კლასტერის წევრების ლოკაციები და ინტერესი მათი მხრიდანაც საკმაოდ მაღალია", − ალექსანდრე გიორგაძე, BB Travel.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფოტური კახეთსა და იმერეთში მომუშავე ტურისტულ ობიექტებს აერთიანებდა, რომელთა შორისაც იყვნენ "ღვარძელაშვილის მარანი" თელავის მუნიციპალიტეტში და "მირიანის მარანი" იმერეთში, კერძოდ ბაღდათში, რომლებმაც ლოკალური უძველესი კულტურების აღდგენისა და გაცოცხლების პარალელურად, საკმაოდ წარმატებული ბიზნესის განვითარებაც მოახერხეს.
გია ღვარძელაშვილმა მეღვინეობას 2015 წლიდან მიჰყო ხელი და თავიდანვე მაღალი ხარისხის პროდუქტზე გააკეთა სწორება. 2022 წელს, მან ბიოწარმოების დამადასტურებელი სერტიფიკატიც მოიპოვა, რომელსაც რამდენიმეწლიანი მძიმე შრომა უძღოდა. როგორც თავად აცხადებს, "ღვარძელაშვილის მარანი" ნატურალურ, ბიოწარმოებას მისდევს, წელიწადში 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის 70% რვა ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, ხოლო 30%-ს საკუთარ მარანში, ადგილზე მოსულ ტურისტებზე ყიდის.
ამჟამად, "ღვარძელაშვილის მარანი" 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს. ესენია: საფერავი, კონდოლური (რქაწითელი და მწვანე), გოა (რქაწითელი, მწვანე და ბუერა) და ჟღია, რომელიც უძველესი კახური ჯიშია. ასევე, გია ღვარძელაშვილი ტრადიციული ჯიშების გადარჩენასა და მათ განვითარებაზე მუშაობს, როგორებიცაა: კახური მცვივანი, ბუერა, ჟღია და მრავალი სხვა.
"ტურიზმის კლასტერში გაწევრიანებამ დამანახა, თუ როგორი პერსპექტიული და განვითარებადი მიმართულებაა ბიო-მეღვინეობა და ღვინის ტურიზმი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დამეხვეწა და გამეფართოებინა ჩემი სერვისი და პროდუქცია, სტუმრებისთვის შემეთავაზებინა დეგუსტაცია, ღვინის წარმოების ტექნოლოგიის ჩვენება და ა.შ. ჩვენთან ყველაფერი ტრადიციულად მიმდინარეობს, როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, რაც ტურისტებისათვის გაცილებით საინტერესოა. კლასტერის მეშვეობით ბევრი რამ ვისწავლე, მივიღე საინტერესო ინფორმაცია და გავიცანი სხვა მეწარმეებიც, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და ჩვენი პროდუქტებით ერთმანეთს ვავსებთ და ვაძლიერებთ", − გვიამბობს გია ღვარძელაშვილი.
რაც შეეხება ბაღდათში მდებარე "მირიანის მარანს", რომელსაც 2016 წლიდან მირიან იოსებაშვილი უდგას სათავეში, აგრეთვე ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებს და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების გადარჩენა-პოპულარიზაციაზე მუშაობს. "მირიანის მარანი" შვიდი სახეობის (ცოლიკოური, კრახუნა, ციცქა, კუნძა, ძელშავი, მგალობლიშვილი და ოცხანური საფერე) ღვინოს აყენებს და წლიურად დაახლოებით 5 000-მდე ბოთლს აწარმოებს.
მეღვინეობა ჯერ კიდევ მირიანის ბაბუის დაწყებული საქმეა, რომელიც შვილიშვილმა 2016 წელს გადაიბარა, ააშენა ახალი მარანი და კომპანიის სახე შესძინა. დღეს იგი აქტიურად მუშაობს ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც, ატარებს დეგუსტაციას, მასტერკლასებს, სტუმრებს რთველისა და ღვინის დაწურვის პროცესში რთავს. გარდა ამისა, უცხოელ ვიზიტორებს აცნობს იმერულ სამზარეულოს, თიხის ნაკეთობების მნიშვნელობასა და წარმოების კულტურას აზიარებს.
"კლასტერის თითოეული წევრი ვიღებთ როგორც ინფორმაციას, ისე პრაქტიკულ მხარდაჭერასა და თანადგომას. პროგრამა ზრუნავს ჩვენი და ჩვენსავე პროდუქტის პოპულარიზაციაზე, რაც უმნიშვნელოვანესი დახმარებაა. ნოემბრის ბოლოს ჩატარებული ინფოტურის ფარგლებში, ტუროპერატორების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიკვეთა და რამდენიმე მათგანისგან სიტყვიერი თანხმობაც კი მივიღე ტურისტულ სეზონზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამჟამად, მარანი გაფართოების ეტაპზეა. ვემზადებით უფრო და უფრო მეტი დატვირთვით მუშაობისათვის და ჩვენი პროდუქტისა თუ სერვისის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ", − აცხადებს მირიან იოსებაშვილი.
პროექტის შესახებ:
"კლასტერების განვითარებისათვის" მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნესკლასტერების შექმნის გზით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ოთხი კლასტერი: GAFA − საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია, GCMC − სამშენებლო მასალების კლასტერი და ტურიზმის ორი კლასტერი − კახეთსა და იმერეთში, ხოლო ოთხივე კლასტერი ჯამურად 105 მცირე და საშუალო მეწარმეს აერთიანებს.
კლასტერები საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ ბიზნესგაერთიანებას წარმოადგენს. ბიზნესკლასტერების მუშაობის მეთოდი უკვე დანერგილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არსებობს კლასტერის წარმატების ქეისები ევროპის ბაზარზე.
ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესების ნაწილზე პროექტის მთავარი პარტნიორია სააგენტო "აწარმოე საქართველოში". ამ კომპონენტის მიმართულებით პროექტმა ტექნიკური დახმარება გაუწია სააგენტოს მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური გავლენის შეფასების სისტემის შემუშავებაზე, სააგენტოს პროგრამების ეფექტიანობისა და შედეგების გასაზომად.